ფეხბურთი

2:58 | 16.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა გააფორმა, ფინეთი - გაიფორმებს

ესპანეთის ნაკრები შეუერთდა იმ გუნდთა ჩამონათვალს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის საგზური გაიფორმეს. ამავე მიზანთან ძალიან ახლოსაა ფინეთი, რომელიც თუ სასწაული არ მოხდა, ნოემბერში მოიპოვებს სანუკვარ საგზურს.

D ჯგუფი

საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარში მძიმე ბრძოლაში რომ მოიგო, გიამბეთ. პარალელურად, შვეიცარიის ნაკრებმა ირლანდიას უმნიშვნელოვანეს მატჩში უმასპინძლა. კელტები გამარჯვების შემთხვევაში გაიფორმებდნენ ევროსაგზურს, მაგრამ დამარცხების შემთხვევაში ერთობ გაიუარესებდნენ ვითარებას.

შვეიცარიისთვის კი, თავის მხრივ უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო. სწორედ ამიტომ ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარა შეხვედრა და მეტიც, უნდა ვთქვათ, რომ შვეიცარია უფრო მაღალი კლასის გუნდია, ვიდრე ირლანდია. მასპინძლები ჰარის სეფეროვიჩმა დასაწყისშივე დააწინაურა, რასაც რიკარდო როდრიგესის გაცუდებული პენალტი მოჰყვა. ბოლო წუთზე კი, შეინ დაფის ავტოგოლით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 2:0.

ჯგუფში საინტერესო მდგომარეობაა - ირლანდიას და დანიას 12-12 ქულა აქვთ, შვეიცარიას - 11. თუმცა, კელტებს კონკურენტებზე თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული, შვეიცარიას კი ორი მატჩი დარჩა, გიბრალტართან და საქართველოსთან.

შვეიცარია - ირლანდია 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 სეფეროვიჩი (16), 2:0 დაფი (90, ა.გ)

F ჯგუფი

ესპანეთის ნაკრებმა უკვე გაიფორმა ევროპირველობაზე თამაში. არადა, „ფურია როხა“ ვითარებას იმძიმებდა ბოლო წუთამდე, რადგან მარკუს ბერგის გოლით სტოქჰოლმში მარცხდებოდა, პარალელურად რუმინეთი იგებდა და ჯგუფში სიტუაცია მართლა იძაბებოდა. თუმცა, 90-ე წუთზე როდრიგომ გაათანაბრა, პარალელურად რუმინეთმა ნორვეგიისგან გაუშვა და ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.

ესპანეთმა 20 ქულა დააგროვა და უკვე ცნობილია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. მეორე ადგილისთვის კი, შვედეთი და რუმინეთი იბრძვიან, სხვაობა სკანდინავიელთა სასარგებლოდ 1 ქულაა და მომდევნო ტურში ბუქარესტში ეს გუნდები გადაეყრებიან ერთმანეთს.

ფარერები - მალტა 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბალდვინსონი (71)

რუმინეთი - ნორვეგია 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 მიტრიტა (62), 1:1 სორლოთი (90)

შვედეთი - ესპანეთი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ბერგი (50), 1:1 როდრიგო (90)

G ჯგუფი

G ჯგუფში ერთი მატჩი გაიმართა, ისრაელმა როგორც მოსალოდნელი იყო, ლატვიის უსუსტესს გუნდს მოუგო, მაგრამ ეს გამარჯვება დიდად ვერაფერში წაადგება. ამ ჯგუფიდან პოლონეთი უკვე გასულია, ავსტრია კი, ჩრდილოეთ მაკედონიას, სლოვენიასა და ისრაელს 5-5 ქულით უსწრებს, რაც ორი ტურისთვის საკმაოდ კომფორტული უპირატესობაა.

ისრაელი - ლატვია 3:1 (3:1)

გოლები: 1:0 დაბური (16), 2:0 ზაჰავი (26), 2:1 კამესი (40), 3:1 დაბური (42)

J ჯგუფი

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჯერ კიდევ წინა ტურში გაიფორმა და ლიხტანშტაინს მეორე შემადგენლობით დაუპირისპირდა. მიუხედავად ამისა, „სკუადრა აძურამ“ კარგად ივარჯიშა და 5:0 მოიგო. შედეგად, ჯგუფში ისევ უდანაკარგოდ ასპარეზობს - რვიდან რვა გამარჯვება.

მეორე ადგილი კი, პრაქტიკულად დაიბევა ფინეთის ნაკრებმა, რომელიც ძალიან ახლოსაა ისტორიულ წარმატებასთან. ფინელებმა ტეემუ პუკის ლიდერობით სომხეთის ნაკრები 3:0 გაანადგურეს, ხოლო ბოსნია საბერძნეთთან დამარცხდა და მეორე ადგილის ბედი თითქმის გარკვეულია.

ფინეთი სომხეთისა და ბოსნიის ნაკრებებს 5 ქულით სჯაბნის, მომდევნო ტურში ლიხტანშტაინის სახლში დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს, რაც ნიშნავს, რომ ისტორიაში პირველად დიდ ფორუმზე ითამაშებს.

ფინეთი - სომხეთი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 იენსენი (31), 2:0 პუკი (61), 3:0 პუკი (88)

საბერძნეთი - ბოსნია 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 პავლიდისი (30), 1:1 გოიაკი (35), 2:1 კოვაჩევიჩი (88, ა.გ)

ლიხტანშტაინი - იტალია 0:5 (0:1)

გოლები: 0:1 ბერნარდესკი (2), 0:2 ბელოტი (70), 0:3 რომანიოლი (77), 0:4 ელ შაარავი (82), 0:5 ბელოტი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.174744