ფეხბურთი

14:30 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოფიაში ინგლისელი ქომაგი გარდაიცვალა, ბალაკოვმა კი ყველაფერში სტუმრები დაადანაშაულა

სოფიაში ბულგარეთი - ინგლისის მატჩი სკანდალური გამოდგა. თამაშის დაწყებამდე ქალაქში ინგლისელი გულშემატკივარი გარდაცვლილი იპოვეს, ერთ-ერთ სკვერში, თუმცა ფატალური შედეგის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

სკანდალური გამოდგა თვითონ თამაშიც, რომელიც პირველ ტაიმში რასისტული შეძახილების გამო ორჯერ შეჩერდა. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ბულგარელთა კაპიტანმა იველინ პოპოვმა თავად მოუწოდა ადგილობრივ ფანებს დამშვიდებისკენ, რომლებიც ნაცისტური მისალმებით გამოირჩნენ.

მიუხედავად ამისა, სტადიონზე იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც ვერაფერი შეამჩნიეს. მაგალითად ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კრასიმირ ბალაკოვი, რომელიც ამბობს, რომ არაფერი შეუმჩნევია. Sun-მა ვეტერან ბულგარელ ფეხბურთელს სწორედ ამიტომ, ყრუ უწოდა. მეტიც, ბალაკოვმა ყველაფერი ინგლისელ გულშემატკივრებს დააბრალა.

„გულშემატკივრები ჩვენი თამაშით იყვნენ უკმაყოფილონი. პირადად მე რასისტული შეძახილები არ გამიგონია. პირველ ტაიმში მსაჯმა ორჯერ შეაჩერა თამაში, მაგრამ ეს ინგლისელი ქომაგების გამო გააკეთა, რომლებიც ჩვენს ჰიმნს უსტვენდნენ, მეორე ტაიმში კი, გამოიყენეს ჩვენი ქომაგების წინააღმდეგ სიტყვები, რომლებიც მიუღებლად მიმაჩნია. ვიყოთ გულწრფელნი, პრობლემა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც სტადიონზე ინგლისელი ქომაგები მოვიდნენ“, - თქვა ბალაკოვმა.

შეგახსენებთ, ინგლისმა სოფიაში, ბულგარეთი 6:0 გაანადგურა და ევროპის ჩემპიონატს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

0.153186