წინა ტურში ბელგიელებმა სან მარინო 9:0 დაამარცხეს და პირველი ნაკრები გახდნენ, რომელმაც ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად გაიფორმა. მაშინ მათმა კაპიტამა, ედენ აზარმა თქვა, საგზური მოვიპოვეთ, ახლა შევეცდებით ჯგუფში ყველა მატჩი მოვიგოთ და მაქსიმალური 30 ქულა დავაგროვოთო.
რობერტო მარტინესის შეგირდები ჯერჯერობით ასრულებენ დანაპირებს. კვირას მათ ზედიზედ მერვე მატჩი მოიგეს. ამჯერად, მათი მსხვერპლი ყაზახეთი გახდა. სტუმრებმა ორი გოლი იკმარეს (ბატშუაი, მენიე) და I ჯგუფს კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობენ.
რუსეთის ნაკრებმა სტუმრად კვიპროსი გაანადგურა (5:0). ამისდაკვალად, ბლგიელებისა და იტალიელების შემდეგ, მესამე გუნდი გახდა, რომელმაც ტურნირის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი „ვალენსიას“ ნახევარმცველი, დენის ჩერიშევი გახდა, რომელმაც დუბლიც მიითვალა და ორი საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.
ეს რუსების ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება გახლდათ ჯგუფში.
შოტლანდიამ საწყალ სან მარინოს 6:0 მოუგო. ჰეთ თრიქი შეასრულა „ასტონ ვილას“ ნახევარმცველმა, ჯონ მაკგინმა.
როგორც ვთქვით, ჯგუფს ბელგიელები ლიდერობენ 24 ქულით, მეორეზე 21 ქულიანი რუსები არიან, მესამეზე - კვიპროსელები (10), შემდეგ შოტლანდიელები (9), ყაზახები (7) და სანმარინოელები (0).
I ჯგუფი. 13 ოქტომბერი
ყაზახეთი - ბელგია 0:2
0:1 ბატშუაი (21), 0:2 მენიე (53)
ბელგია: კურტუა, მენიე, ალდერვეირელდი, ვერმალენი (მეხელე 90+2), ვერტონგენი, თორგან აზარი, ვიტსელი, პრაე, ედენ აზარი, მერტენსი (კარასკო 78), ბატშუაი (ბენტეკე 78)
კვიპროსი - რუსეთი 0:5
0:1 ჩერიშევი (9), 0:2 ოზდოევი (22), 0:3 ძიუბა (79), 0:4 გოლოვინი (89), 0:5 ჩერიშევი (90+2)
გაძევება: ლაიფისი (კვიპროსი, 28)
შოტლანდია - სან მარინო 6:0
1:0, 2:0, 3:0 მაკგინი (12, 27, 45+1), 4:0 შენკლანდი (65), 5:0 ფინდლი (67), 6:0 არმსტრონგი (87)