ისტორია

9:50 | 13.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

13 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1949 წელს დაიბადა ნანა ალექსანდრია. საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში (1976). მსოფლიოს პირველობის ორგზის ფინალისტი (დამარცხდა ნონა გაფრინდაშვილთან და მაია ჩიბურდანიძესთან). საჭადრაკო ოლიმპიადების რვაგზის ჩემპიონი (საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრებების რიგებში). სამჯერ თავის დაფაზე მოიპოვა ოქროს მცირე მედალი. 1992, 1994 და 1996 წლების საჭადრაკო ოლიმპიადებზე იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი. 1970 წელს გახდა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი. საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1966, 1968, 1969). 1980 წელს მამაკაცთა შორის გახდა საკავშირო პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი. 1986-2002 წლებში იყო ფიდეს ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე. დაჯილდოებულია ღირსებისა და ვახტანგ გორგასალის მესამე ხარისხის ორდენებით.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1907 - უელსელმა ბილ მერედიტმა, ინგლისის ჩემპიონატებში თავისი მეორასე გოლი გაიტანა. ეს, ნიუკასლის “სენტ ჯეიმს პარკზე” მოხდა, როდესაც მერედიტის “მანჩესტერ იუნაიტედი” ადგილობრივ “ნიუკასლ იუნაიტედს” ეთამაშოდა.

1935 - ლონდონის “სტემფორდ ბრიჯზე”, ინგლისის ჩემპიონატზე დასწრების რეკორდი დამყარდა. “ჩელსისა” და “არსენალის” შეხვედრას თვალი 82 905 გულშემატკივარმა მიადევნა. 1945 წელს კი, “ჩელსისა” და მოსკოვის “დინამოს” შეხვედრას 92 ათასიანი აუდიტორია დაესწრო.

1935 - საბჭოთა კავშირში პირველად მოეწყო უცხოეთიდან საფეხბურთო მატჩის რადიორეპორტაჟი. იმ დღეს, საკავშირო ნაკრები სტამბოლში თურქეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა და 2:1 მოიგო. რეპორტაჟი ვადიმ სინიავსკის მიჰყავდა.

1947 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” პირველი მატჩი ჩატარდა. “ყველა ვარსკვლავის” ნაკრებმა, “ტორონტო მეიფლ ლივზს” 4:3 მოუგო. შეხვედრა ტორონტოში ჩატარდა.

1963 - ევროპის ჩემპიონატის პირველ მერვედფინალურ მატჩში, საბჭოთა კავშირის ნაკრებმა იტალიას 2:0 მოუგო.ქართველთაგან მატჩში მონაწილეობა მეკარე რამაზ ურუშაძემ და ფორვარდმა სლავა მეტრეველმა მიიღეს.მოსკოვის “ლუჟნიკის” სტადიონზე, შეხვედრას 102 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1982 - საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, ჯიმ ტორპის მიერ 1912 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს ორი მედალი დამსახურებულად მიიჩნია და ათლეტს ჯილდო დაუბრუნა.

1986 - საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, 1996 წლიდან საზაფხულო თამაშების პროგრამაში ბეისბოლი შეიტანა.

2004 - ანდორის საფეხბურთო ნაკრებმა, ოფიციალურ შეხვედრაში პირველად იმარჯვა. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ჯუჯა სახელმწიფოს საფეხბურთო გუნდმა მაკედონიას 1:0 სძლია.

2004 - საქართველოს ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში უკრაინასთან 0:2 წააგო. გოლები ბელიკმა და შევჩენკომ გაიტანეს. შეხვედრა ლვოვის სტადიონ “უკრაინაზე” ჩატარდა და მას 31 ათასი მაყურებელი დაესწრო. უკრაინა: შოვკოვსკი, ეზერსკი (ჩეჩერი), ფედოროვი, რუსოლი, ნესმაჩნი, გუსევი, გუსინი, ტიმოშჩუკი, ბელიკი, შევჩენკო, ვორონინი (შელაევი, ზაკარლიუკა). ნაკრებს ოლეგ ბლოხინი წვრთნიდა. საქართველო: დევაძე, მჟავანაძე (ბურდული), ხიზანიშვილი, სალუქვაძე, ხიზანეიშვილი, ცქიტიშვილი, ასათიანი, კობიაშვილი, იაშვილი, ჯამარაული (დემეტრაძე), შ. არველაძე. ნაკრებს ალენ ჟირესი წვრთნიდა.

2004 - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში პორტუგალიამ რუსეთს 7:1 მოუგო.

2006 - “მილანის” ფან-კლუბის ასოციაციამ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე, 2005-2006 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

2006 - ვლადიმირ კრამნიკმა, ვესელინ ტოპალოვს მატჩი მოუგო და ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2007 - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი იტალიასთან 0:2 წააგო. შეხვედრა გენუაში, “ლუიჯი ფერარისის” სტადიონზე ჩატარდა და მას 23 057 მაყურებელი დაესწრო. გოლები ანდრეა პირლომ და ფაბიო გროსომ გაიტანეს. საქართველო: ლომაია, სალუქვაძე, შაშიაშვილი (სირაძე 61), ასათიანი, ხიზანიშვილი, კვირკველია, ცქიტიშვილი, მენთეშაშვილი, დემეტრაძე (ჯაკობია 85), მჭედლიძე (ყენია 61). გუნდს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1902 - ფრანკო ჯორჯეტი. იტალიელი ველოსიპედისტი. 1920 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1923 - სერვაას ვილკერი. ჰოლანდიელი საფეხბურთო ვარსკვლავი. გამოდიოდა ჰოლანდიის ნაკრებში (1946-61), “კსერკსესში” (1940-49, 1962-64), მილანის “ინტერში”, “ტორინოში” (1952-53), “ვალენსიაში” (1953-56), “ვენლოში” (1956-58), “ლევანტესა” (1958-59) და სიტარდის “ფორტუნაში” (1959-62). ჰოლანდიის ნაკრებში გამოდიოდა წყვეტილად, რადგანაც 1949-56 წლებში ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში პროფესიონალებს გამოსვლის უფლება არ ჰქონდათ. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 38 მატჩი, გაიტანა 36 გოლი.

1931 - რაიმონ კოპა (კოპაჩევსკი). საფრანგეთის ნაკრების, “რეიმსისა” და მადრიდის “რეალის” ფორვარდი. 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი. 1958 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი. საფრანგეთის ოთხგზის და ესპანეთის ორგზის ჩემპიონი. 1957, 1958 და 1959 წლებში “რეალის” შემადგენლობაში მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი. 1970 წელს მიანიჭეს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი.

1949 - ნანა ალექსანდრია. საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში (1976). მსოფლიოს პირველობის ორგზის ფინალისტი (დამარცხდა ნონა გაფრინდაშვილთან და მაია ჩიბურდანიძესთან). საჭადრაკო ოლიმპიადების რვაგზის ჩემპიონი (საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრებების რიგებში). სამჯერ თავის დაფაზე მოიპოვა ოქროს მცირე მედალი. 1992, 1994 და 1996 წლების საჭადრაკო ოლიმპიადებზე იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი. 1970 წელს გახდა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი. საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1966, 1968, 1969). 1980 წელს მამაკაცთა შორის გახდა საკავშირო პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი. 1986-2002 წლებში იყო ფიდეს ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე. დაჯილდოებულია ღირსებისა და ვახტანგ გორგასალის მესამე ხარისხის ორდენით.

1950 - ანეგრეტ რიხტერ-ირანგი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სპრინტერი. 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1967 - ხავიერ სოტომაიორი. კუბელი მძლეოსანი. ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი სიმაღლეზე ხტომაში (1992). მსოფლიოს მოქმედი რეკორდსმენი (2.45 მ).

1969 - ომარ თეთრაძე. თბილისის “დინამოს”, ოზურგეთის “მერცხალის”, მოსკოვის “დინამოს”, ვლადიკავკაზის “ალანიას”, “რომას”, პაოკ-ის, მახაჭყალის “ანჟის”, “კრილია სოვეტოვის” მცველი-ნახევარმცველი. საქართველოს ჩემპიონი (1990). რუსეთის ჩემპიონი (1995). საბერძნეთის თასის მფლობელი (2001). რუსეთის ნაკრებში ჩაატარა 37 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. წვრთნიდა “ანჟის”, ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას”. ამჟამად “ხიმკის” დამრიგებელია. 2009 წელს დაასახელეს რუსეთის პირველი დივიზიონის საუკეთესო მწვრთნელად.

1971 - პიროს დიმასი. ბერძენი ძალოსანი. სამგზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, 1996, 2000). ათენის 2004 წლის ოლიმპიადის პრიზიორი, ჩემპიონი კი გიორგი ასანიძე გახდა.

1972 - სამერ სანდერსი. ბატერფლაით სტილით ცურვაში 1992 და 1996 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1977 - პოლ პირსი. “ბოსტონ სელტიკსის” მსროლელი-ფორვარდი (198 სმ). მონაწილეობა აქვს მიღებული ნბა-ს “ყველა ვარსკვლავის” რვა მატჩში. 2008 წელს გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი.

1978 - ჯერმენ ო’ნილი. “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის”, “ინდიანა პეისერზის” და “ტორონტო რეპტორზის”, “მაიამი ჰითის”, “ბოსტონ სელტიკსის” მძიმე ფორვარდი-მეფარე (211 სმ). ათენის 2004 წლის ოლიმპიადაზე “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ექვსჯერ იასპარეზა ნბა-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.

1982 - იან ტორპი. თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოცურავე მამაკაცი. 2000 წლის ოლიმპიადა მის მშობლიურ სიდნეიში ჩატარდა და სპეციალური საცურაო კოსტუმით (“სწრაფი კანი”) მოასპარეზე ტორპმა, ოქროს სამი და ვერცხლის ორი მედალი მოიპოვა. კიდევ უფრო ტრიუმფული გამოდგა ტორპისთვის ათენის 2004 წლის თამაშები. მან ოქროს ექვსი მედალი მოიპოვა და სულ ცოტა დააკლდა, რათა ამერიკელი მარკ სპიცის მიერ მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადაზე დამყარებული რეკორდი (ოქროს შვიდი მედალი) გაემეორებინა. მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი სხვადასხვა დისტანციებსა და სტილით გაცურვაში.

0.11377