ბელგიის ნაკრებს იტალიაც შეუერთდა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება დაიბევა. „სკუადრა აძურამ“ შვიდ ტურში ქულათა მაქსიმუმი გამოადნო და დამსახურებულად მოიპოვა ევროფორუმის ბილეთი. სხვა ჯგუფებში კი, ჯერ გარკვეული არაფერია და წინ ძალიან საინტერესო ტურები გველოდება.
D ჯგუფი
საქართველოსა და ირლანდიის უგოლო ფრის კვალდაკვალ, დანიის ნაკრებმა შვეიცარიას აჯობა და ჯგუფში ორხელისუფლიანობა დაამყარა. ოგე ჰარეიდეს გუნდმა კოპენჰაგენში იუსუფ პოულსენის გვიანი გოლით იმარჯვა და ევროპის ჩემპიონატისკენ მყარი ნაბიჯი გადადგა. არადა, შვეიცარია მეტოქეს თამაშით სჯაბნიდა და რომ არა კასპერ შმეიხელი უსათუოდ გაიტანდა, მაგრამ ბოლოსკენ დანიელთა იერიში გაეპარათ სტუმარ მცველებს და სკანდინავიელებემა იმარჯვეს.
შედეგად, დანიასა და ირლანდიას 12-12 ქულა აქვთ 6 მატჩიდან, ხოლო შვეიცარიამ 8 ქულა 5 თამაშში დააგროვა. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდის ამ წუთვის ლიდერებს 4 ქულით კი ჩამორჩება, მაგრამ მაინც საკუთარ თავზე დამოკიდებული. ბევრ კითხვას პასუხი სამ დღეში უნდა გაეცეს, რადგან შვეიცარია ირლანდიას უმასპინძლებს და წაგების უფლება არ ექნება. კელტები კი, გამარჯვების შემთხვევაში ფინალური ეტაპის საგზურს გაიფორმებენ.
საქართველო - ირლანდია 0:0 (0:0)
დანია - შვეიცარია 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 პოულსენი (85)
F ჯგუფი
საინტერესო ვითარებაა F ჯგუფში, სადაც ესპანეთის ნაკრებმა პირველად დაკარგა ქულები. „ფურია როხა“ ოსლოში ნორვეგიას ესტუმრა და კარგა ხანს იგებდა, მაგრამ მსაჯის კომპენსირებულ დროში ჯოშუა კინგისგან პენალტი გაუშვა და ქულას დასჯერდა. მიუხედავად ამისა, პირინელეთა მდგომარეობა ერთობ კომფორტულია, რადგან მესამე ადგილს 6 ქულითაა მოცილებული და დარჩენილ სამ ტურში წესით ესპანეთმა ესოდენ სოლიდური უპირატესობა არ უნდა გაანიავოს.
სამაგიეროდ, მეორე ადგილისთვის მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი. ნორვეგია, რომელიც როგორც უკვე ვთქვით, ესპანეთს დაუზავდა, ჯერ კიდევ ბრძოლაში რჩება, თუმცა შვედეთს უკვე 4 ქულით ჩამორჩა, რომელმაც მალტა გაანადგურა. სამაგიეროდ, რუმინეთის ნაკრები მხოლოდ 1 ქულას აგებს სკანდინავიელებთან და დარჩენილ ტურებში სანუკვარი საგზურისთვის აუცილებლად იბრძოლებს.
ფარერები - რუმინეთი 0:3 (0:0)
გოლები: 0:1 პუშკაში (74), 0:2 მიტრიტა (83), 0:3 კეშერუ (90)
მალტა - შვედეთი 0:4 (0:1)
გოლები: 0:1 დანიელსონი (11), 0:2 ლარსონი (58, პენ), 0:3 აგიუსი (66, ა.გ), 0:4 ლარსონი (71, პენ)
ნორვეგია - ესპანეთი 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 საულ ნიგეზი (47), 1:1 კინგი (90, პენ)
J ჯგუფი
J ჯგუფიდან კი, იტალიის ნაკრებმა უკვე გაინაღდა ევროპის ჩემპიონატის ბილეთი. ბელგიის შემდეგ „სკუადრა აძურა“ მეორე ნაკრებია, რომელმაც ევორ 2020-ის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.
იტალიამ რომში, საბერძნეთის ნაკრებს პრობლემების გარეშე აჯობა და 7 ტურში მეშვიდედ მოიგო! ნიშანდობლივია, რომ აპენინელებმა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 3 ტურით ადრე პირველად გაინაღდეს. ამრიგად, „აძურა“ გამოტოვებული მუნდიალის შემდეგ დიდ საფეხბურთო ფორუმს ისევ გაალამაზებს. იქამდე კი, რობერტო მანჩინის გუნდს მშვიდად შეუძლია დარჩენილი მატჩები მოსამზადებლად გამოიყენოს.
მეორე ადგილისთვის კი, პრეტენზიას ერთბაშად სამი ნაკრები აცხადებს. სომხეთმა ლიხტანშტაინს სტუმრად ვერ მოუგო და ორი უძვირფასესი ქულა დაკარგა. ჩვენი მეზობლელი 10 ქულით მესამე-მეოთხე პოზიციას ბოსნიასთან ერთად იყოფენ და ფინეთს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.
ფინეთი, რომელიც ბოსნიასთან სარაევოში განადგურდა. მასპინძლებს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა, აუცილებლად უნდა ემარჯვათ და მისია შეასრულეს კიდეც - 4:1. მირალემ პიანიჩი იყო გამორჩეული, რომელმაც დუბლი შეასრულა. თუმცა ბოსნიელთა ვითარება მაინც საგანგაშოა, რადგან ფინეთთან ორ ქულას აგებენ და თანაც კონკურენტთან შედარებით უფრო რთული კალენდარიც გააჩნიათ.
ბოსნია - ფინეთი 4:1 (2:0)
გოლები: 1:0 ჰაიროვიჩი (29), 2:0 პიანიჩი (37, პენ), 3:0 პიანიჩი (58), 4:0 ჰოჯიჩი (73), 4:1 პოიანპალო (79)
იტალია - საბერძნეთი 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ჟორჟინიო (63, პენ), 2:0 ბერნარდესკი (78)
ლიხტანშტაინი - სომხეთი 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 ბარსეგიანი (19), 1:1 ფრიკი (72)