ფეხბურთი

19:36 | 12.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "გოლი დაგვაკლდა, საჯარიმოში აგრესიულად ვერ ვთამაშობთ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან (0:0) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ მოსაგებად მთავარი, გოლი დააკლდა.

სლოვაკი სპეციალისტის აზრით, საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტად სწორედ გადამწყვეტ ფაზაში უჭირს და საჯარიმოში თამაშის კუთხით მოიკოჭლებს.

„ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი თამაში ვიხილეთ მიუხედავად იმისა, რომ გოლები არ გასულა. საკმაოდ რთულია ირლანდიის წინააღმდეგ თამაში და როგორც გუშინ აღვნიშნე, შეინ დაფი მათ რიგებში გამორჩეული იყო. მთლიანობაში კარგი მატჩი გამოვიდა, განსაკუთრებული საგოლე მომენტების გარეშე. ვფიქრობ, ფეხბურთელები 100-110%-ით დაიხარჯნენ. მიმაჩნია, რომ შედეგით ირლანდიაც კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან შევამჩნიეთ, რომ ბოლოსკენ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდა.

გვილიას განაცხადში არყოფნის მიზეზი კი, ტრავმაა. კუნთის პრობლემა ჰქონდა და დღევანდელი მატჩისთვის მზად არ იყო. რა დაგვაკლდა მოსაგებად? ცხადია, გოლი. ვერ ვიტყოდი, რომ ვინმემ ცუდად ითამაშა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში რაღაც გვაკლია, საჯარიმოში აგრესიულად ვერ ვთამაშობთ და ეს მთავარი პრობლემაა.

ირლანდიის ნაკრებში ძალიან კარგი მწვრთნელი მარტინ ონილი, ასევე კარგმა სპეციალისტმა მიკ მაკარტიმ ჩაანაცვლა და ძალიან კარგი ნაკრები გყავთ. გისურვებთ წარმატებას დარჩენილ ორ ტურში, მიუხედავად იმისა, რომ რთული მატჩები გელოდებათ.

საბა ლობჟანიძეს რაც შეეხება, თავდაპირველად ლევან შენგელიასა და ელგუჯა ლობჯანიძის გამოყვანა ვამჯობინე, ბოლოს კი, კიტეიშვილმა მცირე ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად გიორგი აბუჯანიას შეყვანა მომიწია. საბა ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ დღეს ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. გიბრალტარში კიტეიშვილი გუნდთან ერთად იქნება, რაც შეეხება გვილიას, მომდევნო მატჩს გამოტოვებს“, - აღნიშნა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 6 მატჩში 5 ქულა აქვს და ჯგუფში მეოთხე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას კი, 15 ოქტომბერს, სტუმრად გიბრალტართან ჩაატარებს.

0.115331