ფეხბურთი

2:30 | 12.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთის უცნობი გმირი, უკრაინა თითქმის ფინალურ ეტაპზეა

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უკრაინა, პორტუგალია, საფრანგეთი და თურქეთი მიუახლოვდნენ, ხოლო ჩეხეთმა ვითარება გაიუმჯობესა და დარჩენილ ტურებში მხოლოდ საკუთარ თავზე იქნება დამოკიდებული.

A ჯგუფი

ჩეხეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა. იაროსლავ სილჰავის გუნდმა პრაღაში ინგლისის ნაკრების დამარცხება მოახერხა მეორე ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ კოსოვოს 4 ქულით გაასწრო. თუმცა კი, ერთი თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.

შეხვედრა კი სწრაფი გოლებით დაიწყო. ჰარი კეინის პენალტს ბრაბეცმა უპასუხა და მე-9 წუთზე გუნდებს უკვე გოლები ჰქონდათ გაცვლილი. ჩეხეთს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ზდენეკ ონდრაშეკმა მოუტანა, რომელსაც 30 წლის ასაკში დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში, 25 წუთი ითამაშა და ინგლისის ნაკრებს გამარჯვების გოლიც გაუტანა.

ამავე ჯგუფში აუსტაიდერები მონტენეგრო და ბულგარეთი უღიმღამოდ და უგოლოდ დაზავდნენ.

შედეგად, ინგლისსა და ჩეხეთს 12-12 ქულა აქვთ, კოსოვოს 8, თუმცა ხსენებულ სამ ნაკრებს შორის, ჩეხებს თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული.

ჩეხეთი - ინგლისი 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 კეინი (5, პენ), 1:1 ბრაბეცი (9), 2:1 ონდრაშეკი (85)

მონტენეგრო - ბულგარეთი 0:0 (0:0)

B ჯგუფი

B ჯგუფში უკრაინისა და პორტუგალიის ნაკრებებმა განიმტკიცეს უპირატესობა და ფინალურ ეტაპთან ძალიან ახლოს არიან. მეტიც, ანდრეი შევჩენკოს უკრაინამ ლიეტუვას ძლევის შემდეგ სასწაული უნდა შემოგვთავაზოს, რომ ჯგუფიდან ვერ გავიდეს, რადგან მესამე ადგილოსან სერბეთს 9 ქულით უსწრებს და დარჩენილ მატჩებში ქულაც ეყოფა საგზურის მოსაპოვებლად.

პორტუგალიამ კი, ლუქსემბურგი მოკრძალებული ანგარიშით, 3:0 დაამარცხა, 11 ქულა დააგროვა და დიდი ნაბიჯი გადადა ჯგუფიდან გასვლისთვის.

პორტუგალია - ლუქსემბურგი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბერნარდო სილვა (16), 2:0 რონალდუ (65), 3:0 გედეში (89)

უკრაინა - ლიეტუვა 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 მალინოვსკი (29), 2:0 მალინოვსკი (58)

H ჯგუფი

H ჯგუფში ორი ლიდერი გამოიკვეთა - საფრანგეთი და თურქეთი. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი რეიკიავიკში ისლანდიას ესტუმრა, რომელსაც მხოლოდ 3 ქულით უსწრებდა და ბუნებრივია, ორივე გუნდისთვის ერთობ მნიშვნელოვანი მატჩი იყო.

დიდიე დეშამის გუნდმა ისლანდიას ოლივიე ჟირუს ერთადერთი გოლით მოიგო, რომელიც გამოცდილმა ფორვარდმა პენალტით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მოედანზე ანტუან გრიზმანიც იყო, მაგრამ ვინაიდან ბოლო ორი თერთმეტმეტრიანი ჰქონდა გაცუდებული, ამჯერად ბურთთან ჟირუ მივიდა და გატანაც მოახერხა.

თურქეთის ნაკრებმა კი, საკუთარ მოედანზე ალბანეთს უმასპინძლა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება ბოლო წუთზე ჯენქ თოსუნის კინკილა გოლით მოიპოვა.

შედეგად, საფრანგეთსა და თურქეთს ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 18-18 ქულა აქვთ, ხოლო მესამე ადგილზე ისლანდიაა, რომელიც კონკურენტებს უკვე 6 ქულით ჩამორჩა და დიდი ალბათობით, ბრძოლასაც ჩამოშორდა.

ანდორა - მოლდოვა 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ვალესი (63)

ისლანდია - საფრანგეთი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ჟირუ (66, პენ)

თურქეთი - ალბანეთი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჯენქ თოსუნი (90)

0.134571