ფეხბურთი

22:58 | 11.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

U21: არაბიძის დიდებული ჯარიმა შვეიცარიაში საკმარისი არ გამოდგა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი მარცხი განიცადა. გია ცეცაძის გუნდი ლიხტანშტაინთან და აზერბაიჯანთან ფეერიული გამარჯვებების შემდეგ ვინტერთურში შვეიცარიას ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში, მეტად დასანანი მარცხი განიცადა.

„პატარა ჯვაროსნებს“ მასპინძლებისთვის ბევრი არაფერი დაუთმიათ. ლოგიკურია, რომ სათამაშო უპირატესობას შვეიცარიელები ფლობდნენ და ტერიტორიული უპირატესობაც მათ მხარეს იყო. თუმცაღა, თავისუფლად შეიძლებოდა მინიმუმ ქულის მოპოვება.

პირველ ტაიმში გოლი არ გასულა და საგოლე მომენტებიც ბევრი არ შექმნილა. გოლთან უფრო ახლოს შვეიცარია იყო, მაგრამ საქართველომ თავი კარგად დაიცვა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ გულემონის გოლი შეტევაში წესის დარღვევის გამო არ ჩაითვალა.

მეორე ტაიმში კი ანგარიში გაიხსნა. 57-ე წუთზე ქართველთა დაცვის ხაზი ჩავარდა და ვარგასმა ზუსტად დაარტყა, რომელიც ლუკა გუგეშაშვილთან პირისპირ იყო დარჩენილი. შვეიცარიელთა სიხარული ხანმოკლედ გამოდგა. 61-ე წუთზე მასპინძელთა კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა.

ცეცაძის გუნდში კი, ისეთი უბადლო შემსრულებლები არიან, როგორებიც გიორგი არაბიძე და ნიკა ნინუა არიან. საბოლოოდ, დარტყმა არაბიძემ ითავა და არც შემცდარა - დიდებულად დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. შედეგად, ანგარიშიც გაათანაბრა.

შვეიცარიის ნაკრებმა ამის შემდეგ ზეწოლა გააძლიერა, მაგრამ საგოლე მომენტებს იშვიათად ქმნიდა. 83-ე წუთზე კი, ცვლილებაზე შესულმა მვულა ლოტომბამ ლოჩოშვილს დაასწრო და როგორც გაირკვა გამარჯვების გოლი გაიტანა.

არადა, საქართველოს ნაკრებს შეეძლო წაგებისგან თავის დახსნა. 89-ე წუთზე ნიკოლოზ მალის დიდებული მოქმედების მერე ნუგზარ სპანდერაშვილი დარჩა დიდებულ პოზიციაში, მაგრამ გორის „დილას“ შემტევმა კარს მცირედით ააცილა - 100%-იანი მომენტი იყო, რომლის გამოუყენებლობა უქულოდ დარჩენის ტოლფასი გამოდგა.

ამრიგად, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს სამ ტურში 6 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო შეხვედრას 16 ნოემბერს, ისევ სტუმრად საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებთან ჩაატარებს.

შვეიცარია (U21) - საქართველო (U21) 2:1 (0:0)

ვინტერთური, „შუცვენვაისი“

შვეიცარია (4-4-2): რაჩიკოპი; რუეგი, ვან დერ ვეფი, ზესიგერი, სიდლერი; ვარგასი, დომგიონი, ტომა, ოკაფორი (ლოტომბა 60); გულემონი (სტოიკოვიჩი 73), პუშიჩი (ბაირამი 73)

მწვრთნელი: მაურო ლუსტრინელი

საქართველო (4-4-2): გუგეშაშვილი; მალი, ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური; არაბიძე, კუცია, ნინუა (კოხრეიძე 86), სილაგაძე (ნებიერიძე87); ქავთარაძე (სპანდერაშვილი 76), არველაძე (ბუღრიძე 86)

მწვრთნელი: გიგა ცეცაძე

გოლები: 1:0 ვარგასი (57), 1:1 არაბიძე (61), 2:1 ლოტომბა (83)

გაფრთხილება: ლოჩოშვილი (34), კობოური (50), არაბიძე (85)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (5) – 6 (1) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ჩან ფარუჯია (მალტა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113885