ფეხბურთი

16:14 | 11.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ნავსი უნდა გავტეხოთ, ამისთვის 120%-ით დახარჯვა დაგვჭირდება"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, რთული თამაში იქნება, რადგან ირლანდია ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძვის, თუმცა საქართველოს ნაკრებს და თავადაც, კელტებთან მოუგებელი სერიის დასრულება სურს.

ვაისმა ასევე ისაუბრა საქართველოში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე და საინტერესოა, რომ ამ დროისთვის გადაჭრით არაფერი განუცხადებია - ვნახოთ, რა მოხდებაო...

„ორშაბათიდან ვემზადებით რთული თამაშისთვის. ირლანდია ჯგუფის ლიდერია, ძლიერი გუნდია და კარგი მწვრთნელი ჰყავს, ეს უკვე დაამტკიცეს. დაცვასა და თავდასხმას შორის კარგი ბალანსი გააჩნია, ფეხბურთელები წამყვან ლიგებში თამაშობენ, გამოვარჩევდი შეინ დაფს, რომელიც სტანდარტულებისას სახიფათოა. ჩვენთვის კი, ეს თამაში ერთა ლიგისთვის მოსამზადებელი ეტაპია და ვეცდებით დანიასთან შეხვედრის მსგავსად კარგად ვითამაშოთ დაცვაში, მაგრამ შეტევაში გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ.

რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ მწვრთნელის რანგში პირველად დავამარცხებ ირლანდიას. სლოვაკეთში მუშაობის დროსაც ორი ფრე მაქვს ირლანდიელთა წინააღმდეგ და ვისურვებდი, რომ ეს ნავსი გატყდეს. ამისთვის იდეალური თამაში იქნება საჭირო, დანიასთან დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ახლა უფრო მეტად ბალანსი დაგვჭირდება დაცვასა და შეტევაში. ფეხბურთელები ბოლომდე უნდა დაიხარჯონ, არა 100%, არამედ 120%-ით.

ბევრი ცვლილება არ იქნება შემადგენლობაში წინა თამაშთან შედარებით. მოთამაშეთა უმრავლესობა სტაბილურად თამაშობენ თავიანთ გუნდებში. ქვილითაიას რაც შეეხება, მისთვის ბელგიაში საკმაოდ რთული პერიოდია, მაგრამ ხვალ თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. სხვა ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, კარგ ფორმაში იმყოფებიან, მაგრამ გარდა ფიზიკური მომზადებისა და დაგვჭირდება მენტალური მზადყოფნაც და ყურადღებას ამასაც მივაქცევთ. ვიცით, რომ ირლანდია ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩენ გვყავს ტექნიკური ფეხბურთელები და ვეცდებით ეს უპირატესობა გამოვიყენოთ.

პოსტზე დარჩენა? ამ ეტაპზე ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული რა იქნება მომავალში. ახლა მთლიანად კონცენტრირებული ვარ მომავალ შეხვედრაზე და საქართველოსთვის ყველა თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ დაველაპარაკები ფედერაციას და გადავწყვეტთ რა იქნება და როგორ. ერთა ლიგის შეხვედრები მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთისთვის, საქართველოსთვის, გულშემატკივრებისთვის, ფეხბურთელებისთვის, ფედერაციიისთვის, ამიტომ მე ვიქნები თუ სხვა მწვრთნელი, ეს მეორე ხარისხოვანია. კონტრაქტს რაც შეეხება, ამოწურვის შემდეგ მარტამდე ავტომატურად გრძელდება.

მარტინ ონილს კარგად ვიცნობდი, ჩემი მეგობარი იყო, მიკ მაკარტის კი არ ვიცნობთ. თუმცა, ირლანდია დღესაც მსგავსი სტილით და ეშხით თამაშობს, შევადარებდი მოცეკვავეებს. საქართველოშიც კარგი მოცეკვავეები გვყავს და ვნახოთ...

ვიცით, რომ ირლანდიას რამდენიმე ფეხბურთელი აკლია ტრავმების გამო, ჩვენ კი, ყველა ფეხბურთელი მწყობრში გვყავს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ ირლანდიის ნაკრების ნებისმიერ შემადგენლობასთან სათამაშოდ.

მთავარი არაა ნავსის გატეხვა, რადგან უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია თამაშის ხარისხის. ირლანდიისთვის კი ალბათ მთავარი შედეგია, რადგან ჯგუფიდან გასასვლელად იბრძვის. ჩვენ სამწუხაროდ ეს შანსი არ გვაქვს, მაგრამ ვემზადებით მომავალი მატჩისთვის და ვიყენებთ ყველა თამაშს მოსამზადებლად. თუმცა, ცხადია, გვინდა გამარჯვება, გულშემატკივრის გახარება და საკმარისი მოტივაცია გვაქვს იმისთვის, რომ ირლანდიასთან ნავსი გავტეხოთ.

პაპუნაშვილს რაც შეეხება, მოგვწერა, რომ ამ ეტაპზე მზად არ იყო და ერჩივნა გუნდთან ერთად დარჩენილიყო ამ ეტაპზე. გურამ კაშია ნამდვილი პროფესიონალია და მზადაა სათამაშოდ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დაღლილია. ბევრი კაშია რომ გვყავდეს, ჩვენი საქმე გაცილებით უკეთ იქნებოდა“, - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 12 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“, 17:00 საათზე გაიმართება.

0.117269