ფეხბურთი

10:17 | 10.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ირანში ქალები სტადიონზე დაუშვეს

დღეს, 10 ოქტომბერს, ირანული ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი ამბავი მოხდება. თეირანში, „აზადის“ სტადიონზე, მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევ მატჩში, ირანის ეროვნული გუნდი კამბოჯას დაუპირისპირდება.

40 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად, სტადიონზე ქალებსაც დაუშვებენ. თუმცა, ისინი კაცებისგან ცალკე გამოყოფილ სექტორში ისხდებიან.

ირანში ქალების სტადიონზე დაშვება 1979 წლის ისლამური რევოლუცის შემდეგ აიკრძალა. იქაური სასულიერო პირები მიიჩნევდნენ, რომ ნახევრად გახდილი მამაკაცების ცქერა, ქალბატონებს ცოდვილ ფიქრებს აღუძრავდა.

ბილო წვეთი ერთი ახალგაზრდა ქალის, სახელად „ცისფერი გოგონას“ თვითმკვლელობა გახდა. მან კაცის სამოსი გადაიცვა და ისე შეაღწია სტადიონზე. პოლიციამ მაინც იცნო და სტადიონზევე დააპატიმრა. შედეგად, გოგონამ პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა.

ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა. შარშან ფიფა ირანის ფეხბურთის ფედერაციას დისკვალიფიკაციით დაემუქრა, ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და ყოველივე ამან შედეგი გამოიღო.

ბილეთების პირველი წყება ერთ საათში გაიყიდა. 100 ათასიან სტადიონზე 3 500 ბილეთი ქალებს ერგოთ. სანუკვარი ბილეთის ერთ-ერთი მფლობელი საფეხბურთო ჟურნალისტი რაჰა პურბახში გახდა.

„ახლაც ვერ ვიჯერებ რომ ასეთი რამ შესაძლებელია. რადგან, ამდენწლიანი მუშაობის შემდეგ, რომლებიც ტელევიზორთან გავატარე, უფლება მეძლევა ცოცხლად ვუცქირო ფეხბურთს.“ - უთხრა პურბახშმა AFP-ს.

თუმცა, ჟურნალისტმა ისიც დასძინა, რომ ბევრმა ქალბატონმა ბილეთი ვერ მიიღო და ისინი იძულებული გახდნენ საშოვნად ქვეყნის სამხრეთში, აჰვაზში წასულიყვნენ.

ქალთა სექტორს 150 პოლიციელი გააკონტროლებს - წერს სააგენტო Fars.

სააგენტოს ჟურნალისტი თეირანის ქუჩებში ქალბატონებსაც გაესაუბრა.

„მინდა, რომ ქალები ისეთივე თავისუფლები იყვნენ, როგორც კაცები არიან. კარგი იქნება გვერდიგვერდ ისხდნენ, ყოველგვარი აკრძალვების გარეშე. ისე, როგორც სხვა ქვეყნებში ხდება.“ - ამბობს საშუალო ასაკის ქალბატონი, სახელად ჰასტი.

ნედერ ფათჰი, ტანსაცმლის მწარმოებელი საწარმოს ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ქალების სტადიონზე ყოფნა, სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის და ძალიან ინანებს ის, ვინც მათ ცუდად მოექცევა.

0.122232