ფეხბურთი

15:36 | 7.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრებმა მაისურის ფერი შეიცვალა

იტალიის ეროვნული ნაკრები, რომელიც ცნობილია თავისი ცისფერი მაისურით და მეტსახელიც აქედან მომდინარეობს (Azzurri), უახლოეს მატჩს მწვანე ფერის მაისურით ჩაატარებს. აღნიშნული ცნობა იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.

Puma-მ ახალი სპეციალური მაისურები უკვე დაამზადა და მისი პრეზენტაციაც გაიმართა. მწვანე ფერი ასოცირდება ახალგაზრდა ფეხბურთელებთან, რომელთაც იტალიის ნაკრების ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი უთამაშიათ (მათ შორის, დღეს, გუნდში გამოძახებული 12 ფეხბურთელი 25 წელზე ახალგაზრდაა). მწვანე მაისური იტალიელთა მესამე სათამაშო ფორმა იქნება, თუმცა უახლოეს შეხვედრას ამ მაისურით გამართავს.

ახალი დიზაინის მაისური წარმოადგენს რენესანსის ყოვლისმომცველ გრაფიკას, იტალიური კულტურის დღესასწაულს წარსულში, აწმყოსა და მომავალში. აღსანიშნავია, რომ „სკუადრა აძურამ“ ისტორიაში ერთადერთხელ ითამაშა მწვანე ფერის მაისურით და ეს 1954 წლის დეკემბერში, რომში, არგენტინასთან (2:0) მატჩში მოხდა.

საინტერესო დამთხვევაა, რომ 65 წლის შემდეგ აპენინელები მწვანე მაისურებით ისევ რომის ოლიმპიურ სტადიონზე გავლენ. ახალი ფორმის დებიუტი 12 ოქტომბერს, საბერძნეთთან მატჩში შედგება.

0.113138