ფეხბურთი

3:10 | 7.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

HD "იუვენტუსი"

მილანის „ინტერის“ დიდებულ სერიას წერტილი ანტონიო კონტეს წარსულთან დაესვა. სერია A-ს მეშვიდე ტურის სუპერმატჩში „ნერაძურიმ“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველად დარჩა უქულოდ.

თამაშს წინ ბევრი ინტრიგა უძღოდა. ანტონიო კონტე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ჯერ კაპიტნობდა, მერე კი, წარმატებულად წვრთნიდა. სატურნირო ცხრილი, სადაც „ინტერი“ „ბებერ ქალბატონზე“ მაღლა იდგა და ბუნებრივია, მუდმივი მტრობა ერთმანეთისადმი.

დიდი იტალიური დერბი ჩინებული სანახავი გამოდგა და ვისაც არ უნახავს ეს თამაში, ნამდვილად ბევრი დაკარგა. შეხვედრა 90 წუთის განმავლობაში მაღლ ტემპში მიმდინარეობდა და საგოლე მომენტების ნაკლებობასაც არ უჩიოდა. „იუვენტუსი“ კი უკვე მე-4 წუთზე იგებდა. მაურიციო სარიმ იტალიური მედიის ვარაუდი არ გაამართლა და ძირითად შემადგენლობაში გონსალო იგუაინის ნაცვლად პაულო დიბალა გაამწესა. სწორედ არგენტინელმა გახსნა ანგარიში. მირალემ პიანიჩის დროული პასის მერე შავ-ლურჯების დაცვაში სივრცე გაჩნდა, რომლითაც შესაშურად ისარგებლა დიბალამ და სამირ ჰანდანოვიჩის კარი მოხდენილი დარტყმით აიღო. სულ მალე შეიძლებოდა სხვაობა გაზრდილიყო - კრიშტიანუ რონალდუს სოლორეიდი ძლიერი დარტყმით დასრულდა, მაგრამ „ინტერს“ მშველელად ხარიხა მოევლინა. მე-18 წუთზე კი, წონასწორობა აღდგა. მატიას დე ლიხტმა საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯს ეპიზოდი არ გამორჩენია. თავის მხრივ ლაუტარო მარტინესი უშეცდომო იყო 11 მეტრიდან და ანგარიშიც გათანაბრდა. ლაუტარო დუბლთან ახლოს იყო, ბონუჩის ბურთი მოპარა, ძლიერად დაარტყა და ვოიცეხ შჩესნი გახლდათ შეუდარებელი. მერე „იუვეს“ ჯერი დადგა - რონალდუს ჰანდანოვიჩმა ჯერ აუღო, მეორე ეპიზოდში კი, პორტუგალიელმა იმარჯვა და გაიტანა, აღნიშნა კიდეც, მაგრამ აჩქარდა, რადგან პასის ავტორ დიბალაზე თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი გაუქმდა.

მეორე ტაიმიც კარგი სანახავი გამოდგა. პაულო დიბალას ჰანდანოვიჩმა აჯობა. სლოვენიელმა მეორედ აჯობა არგენტინელს. თავის მხრივ, მილანელებსაც შეეძლოთ გატანა, მაგრამ ვესინოს დარტყმული რიკოშეტით ძელს მოხვდა. მე-80 წუთზე კი, გამარჯვების გოლი სტუმრებმა გაიტანეს. რონალდუ-ბენტანკური-იგუაინის შესაშნინავი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. სხვათა შორის, სერია A-ში გატანილი 119 გოლიდან „პიპიტამ“ მხოლოდ მესამედ იხეირა მაშინ, როდესაც ცვლილებაზე ჩაერთო შეხვედრაში, ბოლოს კი, ეს 2017 წლის მაისში მოხდა. "ნერაძურის" გათანაბრება შეეძლო, მაგრამ მატიას ვესინოს შჩესნიმ აჯობა და საფინალო სასტვენიც გაისმა.

„იუვენტუსმა“ მოიგო და „ინტერს“ ლიდერობა წაართვა, თავად კი პირველად ჩაუდგა მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილს. მაურიციო სარი შეგირდების გარჯით უფრო კმაყოფილი დარჩა, ვიდრე შედეგით და ხაზი გაუსვა მისი გუნდის კარგ თამაშს. მართლაც ასე იყო, „იუვემ“ ხარისხიანი, მაღალ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშა და HD გოლებით მოიგო (Higuain-Dybala). თავის მხრივ, ანტონიო კონტემ მეტოქის გამოცდილებას გაუსვა ხარჯი და ჩვენ ჯერ მხოლოდ გზის დასაწყისში ვიმყოფებითო.

ტურის სხვა მატჩებს რაც შეეხება - ბერგამოს „ატალანტა“ ჩინებულად ირჯება და ლიდერთა უკვე ხსენებულ დუეტს კვალში 16 ქულით უდგას. სხვათა შორის, ჯამპიერო გასპერინის გუნდი ბერგამოში დაბრუნდა, სადაც საშინაო არენაზე რეკონსტრუქცია დაბრუნდა. დაბრუნება კი, ლომბარდიულმა გუნდმა გამარჯვებით და ლამაზი ფეხბურთით აღნიშნა. „ატალანტამ“ „ლეჩეს“ ადვილად აჯობა და მესამე საფეხურზეა.

ფლორენციის „ფიორენტინა“ კი ნელ-ნელა ჩინებულ ფორმაში შედის და ზედიზედ მესამედ იმარჯვა. ვინჩენცო მონტელას ბიჭებმა ამ ჯერზე „უდინეზეს“ ნიკოლა მილენკოვიჩის ერთადერთი გოლით მოუგეს.

სამაგიეროდ, ქულები გაანიავეს დედაქალაქურმა გუნდებმა, „ლაციომ“ და „რომამ“. „ბიანკოჩელესტე“ ბოლონიაში პირველ ტაიმში ორჯერ აგებდა, მაგრამ ორჯერვე ჩირო იმმობილემ გაათანაბრა და შესვენების შემდეგ არაფერი შეცვლილა - 2:2. პირველი ტაიმის ანგარიში დარჩა ძალაში რომში, „რომასა“ და „კალიარის“ შეხვედრაში, სადაც გუნდებმა გოლები საწყის ნახევარ საათში გაცვალეს.

სერია A ორკვირიან შესვენებაზე გავიდა და სანაკრებო პაუზის შემდეგ საინტერესო მატჩებით დაგვიბრუნდება.

„ინტერი“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:1) VIDEO

მილანი, „სან სირო“

მაყურებელი: 80 000

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; გოდინი (ბასტონი 54), დე ვრეი, შკრინიარი; დ’ამბროზიო, ბარელა, ბროჟოვიჩი, სენსი (ვესინო 34), ასამოა; ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი (პოლიტანო 78)

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა (ბენტანკური 62), პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი (იგუაინი 62); რონალდუ, დიბალა (ემრე ჯანი 71)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 დიბალა (4), 1:1 ლაუტარო მარტინესი (18, პენ), 1:2 იგუაინი (80, პენ)

გაფრთხილება: ვესინო (88), ბარელა (90) - ალექს სანდრო (13), ემრე ჯანი (84), პიანიჩი (85)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 14 (8) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ჯანლუკა როკი

„ფიორენტინა“ – „უდინეზე“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მილენკოვიჩი (72)

„რომა“ – „კალიარი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ჟოაო პედრო (26, პენ), 1:1 ჩეპიტელი (31 ა.გ)

„ატალანტა“ – „ლეჩე“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ძაპატა (35), 2:0 გომესი (40), 3:0 გოსენსი (56), 3:1 ლუჩიონი (86)

„ბოლონია“ – „ლაციო“ 2:2 (2:2)

გოლები: 1:0 კრეიჩი (21), 1:1 იმმობილე (23), 2:1 პალასიო (31), 2:2 იმმობილე (39)

„ტორინო“ – „ნაპოლი“ 0:0 (0:0)

თეგებისერია A
სტატისტიკა
0.260399