ფეხბურთი

22:10 | 6.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

საჩემპიონო რბოლა ღია დარჩა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში უაღრესად დაძაბული საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება. 30-ე ტურის და ვინძლო, სეზონის მთავარი შეხვედრა ბათუმში, ორ ლიდერსა და ორ „დინამოს“ შორის შედგა.

ამ ტურამდე გუნდებს თანაბარი, 61-61 ქულა ჰქონდათ და ბუნებრივია, ექვსქულიანი დუელი იყო და გამარჯვებული ჩემპიონობისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამდა. თამაში სტატუსიდან გამომდინარე არცთუ სანახაობრივი გამოვიდა, რადგან სასწორზე ბევრი რამ იდო - პრაქტიკულად მთელი სეზონის შრომა. ამასთან, ბათუმში მეტად მძიმე ამინდი იყო, თავსხმა წვიმამ განსაკუთრებით მოედნის საფარზე მოახდინა გავლენა და ესეც ხელისშემშლელი ფაქტორი იყო.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და 54-ე წუთზე პენალტის უფლება მოიპოვეს. ჯოვინ ფლამარიონის დარტყმა საჯარიმოში ზარიას ხელზე მოხვდა და შეხვედრის რუმინელი მსაჯისთვის საყოყმანო არაფერი ყოფილა - პენალტიც დანიშნა და ზარიაც გააფრთხილა. აჭარელთა ბრაზილიელმა შემტევმა კი, თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

„დინამო ბათუმი“ გამარჯვებას მიუახლოვდა და რომ მოეგო, სამქულიან უპირატესობას მიიღებდა და ვინაიდან კონკურენტს ურთიერთშეხვედრებშიც სჯაბნის, დარჩენილ ხუთ ტურში ერთი წაგების უფლება ექნებოდა.

„დინამო თბილისს“ კი ძალიან უჭირდა შეტევაში და თუ ვინმე ცდილობდა გოლის გატანას, ეს ისევ გია გეგუჩაძის გუნდი იყო, თუმცა საგოლე მომენტების სიმწირით ნამდვილად გამოირჩა აღნიშნული დაპირისპირება. 79-ე წუთზე მოედანზე ლევან მჭედლიძე გამოჩნდა, რომლის დებიუტი ეროვნულ ლიგაში ჯერ კიდევ წინა ტურში შედგა.

გამოცდილმა ფორვარდმა ზუსტად 4 წუთში პრაქტიკულად პირველივე შეხებით გატანა შეძლო. ლევანმა მისთვის კარგად ნაცნობ გიორგი ნავალოვსკის პოზიციაც მოუგო და ბურთზე თამაშიც დაასწრო - მიხეილ ალავიძე ვერაფერს გახდა. ლევანმა „დინამო“ იხსნა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

შედეგად, ორხელისუფლიანობა შენარჩუნდა. ახლა გუნდებს 62-62 ქულა აქვთ და წინ 6 ტურია. ვთქვათ, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ იქნება, რადგან დედაქალაქურ გუნდს ურთიერთშეხვედრებში სჯაბნის (2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება).

„დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისი“ 1:1 (0:0)

ბათუმი, ანგისა

„დინამო ბათუმი“ (4-2-3-1): ალავიძე; გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი; ტეიდი, მამუჩაშვილი; გაბრიელ რამოსი, ჯოვინო ფლამარიონი, მანჯგალაძე (ჯიღაური 86); დვალიშვილი (გაფრინდაშვილი 88)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

„დინამო თბილისი“ (4-4-1-1): პერალესი; იაშვილი, მონხილი, კობოური, კაპლიენკო (მჭედლიძე 79); დაფე (კუხიანიძე 70), პაპავა, ნინუა, ქიმაძე; ზარია; კარიკარი (შიშკა 90)

მწვრთნელი: ფელის ვისენტე

გოლები: 1:0 ჯოვინო ფლამარიონი (56, პენ), 1:1 მჭედლიძე (83)

გაფრთხილება: გეგჭკორი (40) - იაშვილი (42), ზარია (54), ქიმაძე (78), კაპლიენკო (90)

მსაჯი: მ. ბირსანი (რუმინეთი)

0.155753