ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინში ტიტული ვერ დაიცვა და ჩინეთის ღია პირველობას მერვედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა.
საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ATP-ის მე-7 ნომერ სტეფანოს ციციპასს გაეჯიბრა და ორსაათიან შეხვედრაში მარცხი განიცადა.
ნიკოლოზმა თამაში კარგად დაიწყო, პირველ სეტში მეტოქე ერთხელ დააბრეიკა და მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა. შედეგად, 51 წუთში სეტი 6:4 მოიგო და დაწინაურდა.
თუმცა, ამის შემდგომ ბერძენი გაცილებით კარგად ირჯებოდა, ხოლო ქართველმა შეცდომებს მოუხშირა. მეორე სეტი ციციპასის სასარგებლოდ დასრულდა (6:3) და ანგარიში გათანაბრდა. ბოლო, მესამე სეტი კი, ბასილაშვილმა ცუდად დაიწყო. პირველივე გეიმი საკუთარ მოწოდებაზე დათმო და სტეფანოსმა შემდეგ კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა. შედეგად, 6:2 და ციციპასმა ჩინეთის ღია პირველობის ჯერ კიდევ მოქმედი ტრიუმფატორი 6:4, 3:6, 2:6 დაამარცხა.
ქართველმა ჩოგბურთელმა 8 ეისი შეასრულა (ციციპასის 8 ეისის საპირისპიროდ), მაგრამ ასევე რვაჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა (2-ის საპირწონედ) და ამან თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა.
შესაბამისად, ბასილაშვილმა ერთი წლის წინ პეკინში მოპოვებული 500 სარეიტინგო ქულა ვერ დაიცვა და ATP-ის ლაივ რეიტინგში ერთბაშად 9 პოზიციით, მე-17 ადგილიდან 26-ე საფეხურამდე დაქვეითდა.