ფეხბურთი

3:21 | 1.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა - მეორე ტურის წინ

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩები ოთხ ქვეჯგუფში გაიმართება. დღის ცენტრალური შეხვედრა კი ლონდონში შედგება, სადაც გასული სეზონის ფინალისტი „ტოტენჰემი“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუხვდება.

A ჯგუფი

A ჯგუფს ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, მაგრამ მადრიდის „რეალისთვის“ პირველი ტური ერთობ წარუმატებელი გამოდგა. „სამეფო კლუბი“ პარიზში შერცხვა, თან ისე, რომ კარშიც ვერ დაარტყა. მას შემდეგ ორი კვირა გავიდა და ზინედინ ზიდანის გუნდმა მოუმატა. ლა ლიგაშიც გალიდერდა და სიტუაცია გამოსწორდა. ახლა „ბლანკოსს“ ჩემპიონთა ლიგაზე მართებს ქულების დაგროვება და მეტოქეც უწყობს ხელს - „ბრიუგეს“ წესით „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ძალიან უნდა გაუჭირდეს.

პსჟ კი სტამბოლში „გალათასარაის“ ესტუმრება. თურქებმა პირველ ტურში ბელგიაში ქულა მოიპოვეს და თუ ამ ჯგუფიდან გასვლითვის ბრძოლას მაინც აპირებენ, დღეს დასაკარგი ქულები ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ.

„რეალი“ – „ბრიუგე“

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, ვარანი, რამოსი, ნაჩო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; აზარი, ბენზემა, ვინისიუსი

„ბრიუგე“ (4-3-3): მინოლე; რიკა, დელი, მეჩელე, მატა; ვანაკენი, რიცი, ვორმერი; დიატა, ოკერეკე, ბონავენტურე

„გალათასარაი“ – „პარი სენ ჟერმენი“

„გალათასარაი“ (4-4-2): მუსლერა; მარიანო, ლუინდულა, მარკაო, ნაგატომო; ნზონზი, სერი, ფეგული, ბელჰანდა; ბაბელი, ფალკაო

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ნავასი; მუნიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; გეიე, მარკინიოსი, ვერატი; დი მარია, მბაპე, სარაბია

B ჯგუფი

დღის ცენტრალური დაპირისპირება სწორედ B ჯგუფის ეგიდით შედგება. „ტოტენჰემმა“ სეზონი მაინც და მაინც სახარბიელოდ ვერ დაიწყო. არასტაბილურია და პრემიერლიგაშიც მძიმედ აგროვებს ქულებს. პირველ ტურში კი „ოლიმპიაკოსთან“ ორბურთიანი უპირატესობაც გაანიავა. „ბაიერნი“ კი ნელ-ნელა უმატებს და ოპტიმალური ფორმისკენ მიიწევს. ნიკო კოვაჩის გუნდი ბუნდესლიგაშიც გალიდერდა გასულ უიქ-ენდზე, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე დამაჯერებელი სტარტი აიღო, თუმცა „ცრვენა ზვეზდა“ საზომად ნამდვილად ვერ გამოდგა.

ბელგრადში კი სერბეთის ჩემპიონი „ოლიმპიაკოსს“ მასპინძლობს და წესით საინტერესო დუელი უნდა გამოდგეს.

„ტოტენჰემი“ – „ბაიერნი“

„ტოტენჰემი“ (4-3-1-2): ლორისი; ორიე, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დევისი; ვინკსი, სისოკო, ნდომბელე; ერიკსენი; სონი, კეინი

„ბაიერნი“ (4-3-3): ნოიერი; კიმიხი, ზულე, პავარი, ალაბა; ტიაგო ალკანტარა, ტოლისო, კოუტინიო; კომანი, ლევანდოვსკი, პერიშიჩი

„ცრვენა ზვეზდა“ – „ოლიმპიაკოსი“

„ცრვენა ზვეზდა“ (4-5-1): ბორიანი; როდიჩი, დეგენეკი, მილუნოვიჩი, გაიჩი; იოვანოვიჩი, კანასი, პარა, მარინი, გარსია; ტომანე

„ოლიმპიაკოსი“ (4-2-3-1): სა; ელაბდელაუი, მერია, სისე, ციმიკასი; გილერმე, ბუჩალაკისი; პოდენსე, ვალბუენა, მასურასი; გერერო

C ჯგუფი

„მანჩესტერ სიტის“ სახით აქ აშკარა და ცალსახა ფავორიტია. პეპ გვარდიოლას გუნდი მორიგი ქულების მოპოვებას დღეს ეცდება და წესით, სასწაულთან თუ არ გვექნება საქმე, არ გაუჭირდება გამარჯვება. „ქალაქელთა“ მეტოქე ზაგრების „დინამოა“, რომელმაც პირველ ტურში ბერგამოს „ატალანტას“ ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჩაუშხამა და 4:0 გაანადგურა. გვარდიოლამაც მატჩის წინ ამას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ატალანტას“ ასეთი ანგარიშით მძლეველი გუნდი, ჩამოსაწერი არ არისო. თუმცა, ეს ალბათ უფრო პეპის ჩვეული დიპლომატია იყო, ისე კი, ყველა ხვდება, რომ ინგლისურ გრანდს პრობლემა არ უნდა შეექმნას.

„ატალანტა“ კი პირველ საშინაო თამაშს ჩაატარებს და პირველი ქულების მოპოვებასაც აპირებს. დონეცკის „შახტარს“ იტალიური გუნდი მილანში, „სან სიროზე“ დაუხვდება. უკრაინული გუნდი იტალიაში დავით ხოჭოლავას გარეშე ჩავიდა, რომელიც ისევ ტრავმირებულია.

„ატალანტა“ – „შახტარი“

„ატალანტა“ (3-4-3): გოლინი; ტოლოი, პალომინო, მაზიელო; ჰატებური, ფროილერი, დე რუნი, კასტანე; გომესი, ილიჩიჩი, ძაპატა

„შახტარი“ (4-3-3): პიატოვი; ბოლბატი, კრივცოვი, მატვიენკო, ისმაილი; მარლოსი, სტეპანენკო, ალან პატრიკი; სოლომონი, ჟუნიორ მორაეში, ტაისონი

„მანჩესტერ სიტი“ – „დინამო“

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; კანსელუ, ოტამენდი, ფერნანდინიო, მენდი; როდრი, ბერნარდო სილვა, დავიდ სილვა; მაჰრეზი, აგუერო, სტერლინგი

„დინამო“ (3-5-2): ლივაკოვიჩი; თეოფილე-კათერინი; დილავერი, პერიჩი; სტოიანოვიჩი, მორო, ადემი, ოლმო, ლეოვაჩი; ორშიჩი, პეტკოვიჩი

D ჯგუფი

და ბოლოს, D ჯგუფი, სადაც ტურინის „იუვენტუსი“ „ლევერკუზენს“ დაუხვდება. ორი კვირის წინ გერმანელებმა შინ მოულოდნელად მოსკოვის „ლოკომოტივთან“ განიცადეს მარცხი და ახლა მათთვის უკან დასახევი გზა პრაქტიკულად მოჭრილია. თავის მხრივ „იუვემ“ მადრიდში, „ატლეტიკოსთან“ ორბურთიანი უპირატესობა ქარს გაატანა და ახლა მხოლოდ ქულით იწონებს თავს. ამიტომაც, შეცდომის უფლება არც ტურინელებს აქვთ, მითუფრო მათ შორსმიმავალი გეგმები გააჩნიათ.

მოსკოვში კი, ჯგუფის მოულოდნელი ლიდერი „ლოკომოტივი“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ აპირებს ბრძოლას. იური სიომინის გუნდი კარგ ფორმაშია, მაგრამ „როხიბლანკოც“ მოსკოვში მოსაგებადაა ჩასული. სოლომონ კვირკველიამ ტრავმა მოირჩინა, მაგრამ მისი სასტარტოში გამოჩენა პრაქტიკულად წარმოუდგენელია,რადგან იური სიომინის ნდობა აშკარად დაკარგა და მიმდინარე სეზონი მისთვის წარუმატებლად დაიწყო. ქართველი არც ამჯერად ფიგურურებს სავარაუდო შემადგენლობაში.

ბოლოსკენ ვთქვათ, რომ ექვსი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება, ხოლო „რეალი“ – „ბრიუგესა“ და „ატალანტა“ – „შახტარის“ დაპირისპირებები 20:55 საათზე გაიმართება.

„იუვენტუსი“ – „ლევერკუზენი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; რემზი, იგუაინი, რონალდუ

„ლევერკუზენი“ (4-3-3): ჰრადეცკი; ლ. ბენდერი, ტაჰი, ს. ბენდერი, ვენდელი; არანგიზი, ბაუმგარტლინგერი, ამირი; ჰავერცი, ალარიო, ვოლანდი

„ლოკომოტივი“ – „ატლეტიკო“

„ლოკომოტივი“ (4-5-1): გილერმე; იგნატიევი, ჰიოვედესი, ჩორლუკა, რიბუსი; მურილო, ჟემალეტდინოვი, ბარინოვი, კრიხოვიაკი, ჟოაო მარიო; სმოლოვი

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი; კოკე, ტომას პარტეი, საულ ნიგეზი, ჟოაო ფელიქსი; მორატა, დიეგო კოშტა

0.184382