საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო ბათუმის „დინამომ“, რომელმაც წყალტუბოში „ტორპედოს“ აჯობა.
გუშინ აჭარელთა მთავარმა კონკურენტმა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში „დინამო თბილისმა“ ქულები დაკარგა და ბუნებრივია, გია გეგუჩაძის გუნდს იმერეთში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა.
შეხვედრის მთავარი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა და სამივე გოლიც ანტრაქტამდე გავიდა. მე-13 წუთზე ზაზა ციცქიშვილმა მასპინძლები დააწინაურა, თუმცა „ტორპედოს“ სიხარული მეტისმეტად ხანმოკლე გამოდგა, რადგან ორ წუთში გიული მანჯგალაძემ გათანაბრება მოახერხა.
ტაიმის ბოლოს კი, ბათუმელებმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, რომელიც გოლად ჯოვინო ფლამარიონიმ აქცია და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა. ცნობისთვის, აჭარლებმა მიჯრით მეშვიდე თამაში მოიგესდა ჩემპიონობაზე უკვე კარგა ხანია სერიოზული განაცხადი აქვთ გაკეთებული.
„დინამომ“ 61 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისს“ 3 ქულით გაასწრო, მაგრამ დედაქალაქურ გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ასე რომ, პოტენციურად გუნდებს თანაბარი ქულები აქვთ და დარჩენილ 7 ტურში ძალზე საინტერესო მატჩები გველოდება.
„ტორპედო“ – „დინამო“ (ბათუმი) 1:2 (1:2)
გოლები: 1:0 ციცქიშვილი (13), 1:1 მანჯგალაძე (15), 1:2 ჯოვინო ფლამარიონი (41, პენ)