ნინო რომ გავიცანი, სულ 11 წლის იქნებოდა. ბავშვების მიერ სახელდახელოდ ამოთხრილ და ნახერხჩაყრილ ორმოში თავისზე დიდ ბიჭებს ებღლარძუნებოდა და ისეთი გაუტეხელი რამ იყო, ბევრი ბიჭი არიდებდა თავს მასთან დაჭიდებას. ჭიდაობაზე მეტად, ბიჭებს რომ ამარცხებდა, ის მოსწონდა. სოფლელი ბავშვებისათვის განსაკუთრებული ხიბლი კი ქალაქელების ძლევას აქვს და ვერც კი მივხვდი, ისე აღმოვჩნდი ნახერხიანი ორმოს შუაგულში, ნახერხით სავსე თმებიანი ანჩხლი გოგოს პირისპირ, რომელიც კატასავით მეპარებოდა და თუ წავაქცევდი, მზად იყო სწორედ კატასავით დავეკაწრე. აბა რა სატრაბახოა, მაგრამ მეც გამახელა მისმა თავზეხელარებულობამ, ავიყვანე ხელში და გადმოვუშვი ყირამალა. მერე კი საჩქაროდ მოვშორდი იქაურობას და უკნიდან კიდევ მესმოდა იმ კაპასი გოგონას გამაღზიანებელი შეძახილები “ერთხელაც იქნება, დაგაწყვიტამ თავპირითაო“.
რომ წამოვიზარდეთ, ძალიან დავმეგობრდით. ნინო ისევ ისეთი კაპარჩხანა და გაუტეხელი იყო. შეიძლება ჭიდაობაც ძველებურად სურდა, მაგრამ დიდი ბიჭებით გადაძეძგილ მოედანზე შესვლისა რცხვენოდა. თუმცა, ჭიდაობა მისი ქომაგობის გარეშე აბა როგორ ჩაივლიდა?! ეგ კი არა, სხვა გოგოებსაც აქეზებდა და ბევრი სულ ძალით დაყავდა რის ვაივაგლახითა და სოფლებში შეკოწიწებული კაპიკებით აშენებულ საჭიდაო ნახევრადდახურულ არენაზე. ჭიდაობის მერე ერთად ვარჩევდით ვინ გაიმარჯვა ალალად და ვის წაეხმარა გაღმამხრელი მსაჯი “წამპალო“. გზად სხვა სოფლელებიც აგვყვებოდნენ ამ საუბარში და მიუხედავად იმისა, რომ ყველას თავისი თანასოფლელი ფალავნის მარცხი ედარდებოდა, საბოლოო დასკვნა მაინც ნინოს უნდა გაეკეთებინა. ის რომ იტყოდა, ჩვენებური ნუგზარა დაგვიჩაგრესო, აბა კაი ბიჭი იყო და ვინმეს ეთქვა, ეგრე არ იყოო. თბილისში სასწავლებლად რომ ჩამოვიდა და უფრო სერიოზულად რომ დავუწყეთ ერთმანეთს ცქერა - სიჯიუტე, თავისნათქვამობა და გაუტეხლობა მაშინაც არ დაიშალა. ნახერხით თმებგაძეძგილი ბავშვი ნინოდან არასოდეს გაქრებოდა. ეს იმთავითვე ცხადი იყო...
ზუსტად არც კი მახსოვს რატომ არ მივედი ნინოსთან სასწავლებელში. მგონი მეგობართან დავრჩი და გადამავიწყდა. მეორე დღესაც ვერ მივედი. მესამე დღეს კი თვითონ დამადგა. უნივერსიტეტის კარიდან რომ გამოვედი, შესასვლელთან იდგა, მარჯვენა ფეხი კედელზე ჰქონდა უბნის ბიჭივით მიდგმული და სახეზევე ეტყობოდა გუნებაზე რომ ვერ იყო, მივხვდი ცუდად იყო ჩემი საქმე, მაგრამ მაინც მივედი, მივესალმე და ის იყო, უნდა გადამეკოცნა, რომ აეგრე დანდობილზე შემოვივარდა წელში, მთელი ძალით ჩამბღუჯა ხელებით და ისეთი მოგვერდით დამაგდო წვიმიან ასფალტზე, ტედი რინერს რომ ენახა, ისიც კი მოაწერდა ხელს. დამაგდო და მომაყოლა: „ეხლა ხომ მაინც დაგატყეპე თავპირითაო“. მითხრა და გაიქცა. მას მერე ამდენი დრო გავიდა და ნინოსთან შეხვედრის ახლაც მეშინია. ეგ კი არა, ხან ვემალები კიდეც. ერთ რამედ ღირს იმის ნახვა - ამოდენა კაცი ქალს რომ ვემალები. მრცხვენია, მაგრამ ეგრეა!