ისტორია

8:24 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

29 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1976. დაიბადა ანდრეი შევჩენკო. უკრაინის ნაკრების, კიევის ”დინამოს,” ”მილანისა” და ლონდონის “ჩელსის” ფორვარდი. თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 2004 წლის ევროპის საუკეთესო მოთამაშე. უკრაინისა (ხუთჯერ) და იტალიის ჩემპიონი. იტალიის თასისა და სუპერთასის მფლობელი. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (“მილანთან” ერთად) და ფინალისტი (“ჩელსისთან” ერთად). უეფას სუპერთასის მფლობელი. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (მეოთხედფინალისტი). არის სხვა არაერთი პირადი ჯილდოს მფლობელი. ევროთასებზე გატანილი აქვს 50 გოლზე მეტი. ამჟამად უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1793. ერთ-ერთ ინგლისურ გაზეთში პირველად დაიბეჭდა სტატია ჩოგბურთზე.

1887. ჩრდილოგერმანულ ქალაქ ჰამბურგში დაფუძნდა გერმანიის უძველესი გუნდი “გერმანია”, რომელიც 1919 წელს ორ კლუბთან გაერთიანდა და “ჰამბურგად” ჩამოყალიბდა. ასე რომ, ეს დღე “ჰამბურგის” დაარსების დღედ ითვლება. “ჰამბურგი” ერთადერთი გუნდია, რომელმაც 1963 წელს დაფუძნებული ბუნდესლიგის ყველა გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა, რის გამოც “დინოზავრები” შეარქვეს. გუნდი 1983 წელს ჩემპიონთა (ფინალში ჰამბურგელებმა ფელიქს მაგათის გოლით ტურინის “იუვენტუსს” 1:0 მოუგეს), ხოლო 1977 წელს თასების თასს დაეუფლა. გუნდი გერმანიის ექვსგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელია. “ჰამბურგმა” ორჯერ ითამაშა თბილისში. 1979 წლის 7 ნოემბერს ჩემპიონთა თასის მერვედფინალში თბილისის “დინამოს” 3:2 მოუგო, ხოლო ასევე ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში 1983 წლის მარტში საქართველოს დედაქალაქში კიევის “დინამო” 3:0 დაამარცხა. სადღეისოდ ჰამბურგი გერმანული ბუნდესლიგის ლიდერია.

1934. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ლეგენდარული ფეხბურთელის სტენლი მეტიუზის დებიუტი შედგა. იმ დღეს იგი 19 წლისა და 239 დღის ასაკისა იყო. ბოლო შეხვედრა კი ალბიონალთა უპირველეს გუნდში მეტიუზმა 1957 წლის 15 მაისს ითამაშა, როდესაც 42 წლისა და 102 დღის ასაკისა გახლდათ. ინგლისის ნაკრებში მეტიუზმა 54 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

1941. ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ლუი ნოვა მეექვსე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1971. თასების თასის მატჩში ლონდონის “ჩელსიმ” ლუქსემბურგის “ჟენესს” 13:0 მოუგო და ორი მატჩის ჯამში მეტოქე 21:0 დაამარცხა. ეს ევროთასების რეკორდია, რომლის გამეორებაც როტერდამის “ფეიენოორდმა” შეძლო. მან უეფას თასზე ასევე ლუქსემბურგულ “რუმელანჟს” 9:0 და 12:0 სძლია.

1974. თბილისის ”დინამომ” პოლონეთში ტურნეს მსვლეობისას კოშალინში, ადგილობრივ ”გვარდიას” 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი თემურ ესებუამ გაიტანა. ”დინამო”: გოგია, გავაშელი, ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე, გ. მაჩაიძე (წერეთელი), ასათიანი, მჭედლიშვილი, ესებუა, გ. ნოდია, ლ. ნოდია. გუნდს მიხაილ იაკუშინი წვრთნიდა.

1976. თბილისში რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნა ”დინამოს” სტადიონი. პროექტის ავტორები არჩილ და გია ქურდიანები არიან. ამ სარბიელზე პირველი გოლი კი ვლადიმერ გუცაევმა გაიტანა.

1976. თბილისის ”დინამომ” თასების მფლობელთა თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალის განმეორებით მატჩში, უელსის ”კარდიფ სიტის” 3:0 მოუგო (პირველი შეხვედრაში კარდიფში მასპინძლებმა 1:0 იმარჯვეს) და ტურნირის მომდევნო ეტაპზე გავიდა. გოლები ვლადიმერ გუცაევმა, დავით ყიფიანმა და ფირუზ კანთელაძემ გაიტანეს. თამაშს 75 ათასი მაყურებელი დაესწრო. ”დინამო”: გოგია, ხიზანიშვილი, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, ებრალიძე, კოპალეიშვილი, მ. მაჩაიძე, ქორიძე, ჩელებაძე (დვალიშვილი), დარასელია, წერეთელი. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1980. დიდმა ბრიტანელმა მძლეოსანმა სებასტიან კოემ 800 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ამ დისტანციის წუთსა და 42 წამზე სწრაფად გარბენა კოემ პირველად მოახერხა.

1982. თბილისის ”დინამომ” უეფას თასის გათამაშების ოცდამეთორმეტედფინალის განმეორებით მატჩში, ნეაპოლში ”ნაპოლისთან” 0:1 წააგო (პირველი შეხვედრა ქართველებმა 2:1 მოიგეს) და ტურნირს გამოეთიშა. ”დინამო”: გაბელია, პაიკიძე, ჩივაძე, ხიზანიშვილი, მუჯირი, დარასელია, სვანაძე, სულაქველიძე, კაკილაშვილი (მესხი), ცაავა (ჯოხაძე), შენგელია. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1988. ამერიკელმა მძლეოსანმა ფლორენს გრიფიტ ჯოინერ-კერსიმ 200 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (21.34).

1992. ლეგენდარულმა მოთამაშემ მეჯიკ ჯონსონმა კალათბურთიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა.

1996. ჩოგბურთში ფედერაციის თასის (FED ჩUP) 34-ე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ქალთა ეროვნულმა გუნდმა ესპანეთი 5:0 დაამარცხა. მატჩი ატლანტიკ სიტიში ჩატარდა.

1996. ფრანგმა მძლეოსანმა ტიერი ტუტენმა 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (3:40.57).

2006. ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მიმდინარე მატჩში ვლადიმირ კრამნიკი ვესელინ ტოპალოვთან მეხუთე პარტიის ჩასატარებლად არ გამოცხადდა და წაგება ჩაეთვალა. მატჩში ანგარიში 3:2 გახდა კრამნიკის სასარგებლოდ.

2006. გუანჯოუში (ჩინეთი) გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 96 კგ წონითი კატეგორიის წარმომადგენელმა გიორგი გოგშელიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

2007. ფრანგული “მარსელის” მთავარ მწვრთნელად, ფეხბურთის ბელგიელი სპეციალისტი, ერიკ გერეტსი დაინიშნა.

2013. "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო პირველი სპეციალისტი გახდა კლუბის ისტორიაში, რომელმაც ლა ლიგის პირველ 7 შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. გარდა ამისა, მარტინო ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში მესამე მწვრთნელი გახდა ამ მაჩვენებლით. მარტინომდე მსგავსი მაჩვენებელი ჰქონდა ბრაზილიელ სპეციალისტს ვანდელეი ლუშემბურგს, რომელმაც 2005 წელს მადრიდის "რეალთან" ერთად სასტარტო 7 მატჩი მოიგო და ასევე ხოსე მანუელ დიას ნოვოას "სპორტინგთან" ერთად 1979 წელს.

აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გაიმეორა დიეგო სიმეონემაც. მისმა "ატლეტიკომ" 2013 წლის 28 სექტემბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალს" მოუგო.

2013. გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა პრესტიჟული ყოველწლიური მარათონი, რომელშიც 29 სექტემბერს მაღალი შედეგი დაფიქსირდა. კენიელმა უილსონ კიპსანგმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან 42 კილომეტრი 2 საათში, 3 წუთსა და 23 წამში გაირბინა. უილსონმა 15 წამით გააუმჯობესა თავისი თანამემამულის, პატრიკ მაკაუს რეკორდი, რომელიც ასევე ბერლინში, 2011 წელს იყო დამყარებული.

2013. ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ატლეტიკომ" მადრიდის დერბი მოუგო "რეალს" - 1:0. ეს იყო "ატლეტიკოს" პირველი გამარჯვება "რეალზე" 1999 წლის მერე!

2013. დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამოვლინდა ევროპის ახალი ჩემპიონი ფრენბურთელ მამაკაცებს შორის. თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გაიმარჯვა კონტინენტის პირველობაზე რუსეთის ნაკრებმა. ფინალში რუსებმა იტალიის ნაკრები დაამარცხეს - 3:1 (25:20, 25:22, 22:25, 25:17). კონტინენტის საუკეთესო გუნდი არაერთხელ გამხდარა სსრკ-ის ნაკრები - ბოლოს ეს 1991 წელს მოხდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1913. სილვიო პიოლა. იტალიის ნაკრების, ტურინის ”იუვენტუსისა” და ”ტორინოს”, რომის ”ლაციოს” ფეხბურთელი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 34 მატჩი, გაიტანა 30 გოლი. სერია A-ში ჩატარებული აქვს 537 შეხვედრა, რაც იტალიის ჩემპიონატების ისტორიაში მეოთხე მაჩვენებელია. სილვიო პიოლა გარდაიცვალა 1996 წლის 4 ოქტომბერს.

1919. მასაო ტაკემოტო. იაპონელი ტანმოვარჯიშე. 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი სპორტულ ტანვარჯიშში.

1927. ადემარ ფერეირა და სილვა. ბრაზილიელი მძლეოსანი. სამხტომში 1952 და 1956 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1936. სილვიო ბერლუსკონი. იტალიის პრემიერ მინისტრი. მულტიმილიონერი. ტელემაგნატი. საფეხბურთო კლუბ “მილანის” მფლობელი.

1943. ვოლფგანგ ოვერატი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების ნახევარმცველი. სამ მსოფლიო პირველობაზე მოიპოვა ჩემპიონობა (1974), მეორე (1966) და მესამე (1970) ადგილები. ევროპის 1972 წლის ჩემპიონი.

1945. ნადეჟდა ჩიჟოვა. საბჭოთა მძლეოსანი. 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ბირთვის კვრაში. პირველი ქალი, რომელმაც ბირთვი 20 მეტრზე შორს გადააგდო.

1948. ვიქტორ კროვოპუსკოვი. ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სპორტსმენი. 1976 და 1980 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი.

1952. მონიკა ზეჰტი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მძლეოსანი. 400 მეტრზე რბენაში 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1956. სებასტიან კოე (სებასტიან ნიუბოლდ კოე). დიდი ბრიტანელი სტაიერი. 1980 წლის ოლიმპიადაზე 800 და 1500 მეტრზე რბენაში ოლიმპიური ჩემპიონი. 1984 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული 800 მეტრზე რბენაში. მსოფლიოს ცხრაგზის რეკორდსმენი.

1975. ჰიტერ პიზი. ამერიკელი მოცურავე. სინქრონულ ცურვაში 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1975. დმიტრი ჩერნიშოვი. რუსი მოცურავე. ევროპის ჩემპიონი.

1976. ანდრეი შევჩენკო. უკრაინის ნაკრების, კიევის ”დინამოს,” ”მილანისა” და ლონდონის “ჩელსის” ფორვარდი. თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 2004 წლის ევროპის საუკეთესო მოთამაშე. უკრაინისა (ხუთჯერ) და იტალიის ჩემპიონი. იტალიის თასისა და სუპერთასის მფლობელი. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (“მილანთან” ერთად) და ფინალისტი (“ჩელსისთან” ერთად). უეფას სუპერთასის მფლობელი. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (მეოთხედფინალისტი). არის სხვა არაერთი პირადი ჯილდოს მფლობელი. ევროთასებზე გატანილი აქვს 50 გოლზე მეტი. ამჟამად უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

0.111215