ფეხბურთი

2:04 | 23.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

რიბერიმ სადებიუტო გოლი გაიტანა, ლორენტე "ახალგაზრდობას იხსენებს"

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ ადვილი გამარჯვება მოიპოვა, ფრანკ რიბერიმ სადებიუტო გოლი გაიტანა, ხოლო ფერნანდო ლორენტემ კარიერის საუკეთესო წლები გაიხსენა.

კარლო ანჩელოტის „ნაპოლი“ „ლივერპულთან“ მოგების შემდეგ „ლეჩეს“ გადახალისებული შემადგენლობით ესტუმრა, მაგრამ ესეც საკმარისი გამოდგა, რომ გამარჯვება ადვილად მოეპოვებინა. ჩინებულად გაისარჯა ნეაპოლელთა ახალწვეული ფერნანდო ლორენტე, რომელმაც ჯერ კიდევ შუა კვირაში „ლივერპული“ დაამწუხრა, ახლა კი, უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღო და დუბლის გაფორმება შეძლო. ვერაფერს იტყვი, ვეტერან ბასკს ჩინებული სტატისტიკა აქვს ნეაპოლიტანურ გუნდში - 3 თამაში (მხოლოდ ერთი ძირითადში) 3 გოლი და 1 საგოლე პასი. კარგა ხანია ასეთი პროდუქტიული ლორენტე არ გვინახავს.

რომის „ლაციომ“ გამარჯვების გემო გაიხსენა და საკუთარ მოედანზე „პარმას“ ადვილად აჯობა. სიმონე ინძაგის გუნდმა მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა და ფასეული ქულები მიითვალა.

მეორე რომაული გუნდი „რომა“ "ბოლონიას" ესტუმრა და ედინ ჯეკოს ბოლოსკენ გატანილი გოლით მოიგო. მანამდე, მეორე ტაიმის სტარტზე ალექსანდრ კოლაროვმა და ნიკოლა სანსონემ გოლები გაცვალეს. „რომამ“ მიჯრით მეორედ იმარჯვა და ლიდერთა სამეულს კვალში უდგას.

სამაგიეროდ, პირველი გამარჯვება იზეიმა გენუის „სამპდორიამ“, რითაც ეუსებიო დი ფრანჩესკო უმუშევრობას გადაარჩინა. მიჯრით სამი მოგების შემდეგ გენუელებმა სახლში „ტორინოს“ მანოლო გაბიადინის გოლით აჯობეს.

ბერგამოს „ატალანტამ“ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი კოშმარის შემდეგ ფლორენციის „ფიორენტინასთან“ მცირე გმირობა ჩაიდინა და მარცხს ბოლო წამზე, ბეწვზე გადაურჩა.ვინჩენცო მონტელას გუნდი აქამდე მოუგებლად თამაშობდა და ახლოს იყო არათუ მიმდინარე სეზონში, არამედ თებერვლის შემდეგ პირველ და ნანატრ გამარჯვებასთან. ფედერიკო კიეზამ ჯერ თავად გაიტანა, მერე ფრანკ რიბერის დიდებული პასი გაუკეთა და ვეტერანმა ფრანგმა „იების“ რიგებში სადებიუტო გოლი მიითვალა. „ფიორენტინა“ ორბურთიან უპირატესობას 84-ე წუთამდე ინარჩუნებდა, მაგრამ ჯერ იოსიპ ილიჩიჩმა შეამცირა სხვაობას, მერე კი, ბოლო დამატებულ წუთზე, კასტანემ მშვენიერი გოლი მიითვადა და მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯა.

ბოლოსკენ ვთქვათ, რომ „სასუოლომ“ „სპალი“ უპრობლემოდ დაამარცხა. მეხუთე ტურის შეხვედრები კი, შუა კვირაში, სამშაბათსა და ოთხშაბათს გაიმართება.

„სასუოლო“ – „სპალი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 კაპუტო (26), 2:0 კაპუტო (45), 3:0 დანკანი (47)

„ბოლონია“ – „რომა“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 კოლაროვი (49), 1:1 სანსონე (54, პენ), 1:2 ჯეკო (90)

„სამპდორია“ – „ტორინო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 გაბიადინი (56)

„ლეჩე“ – „ნაპოლი“ 1:4 (0:2)

გოლები: 0:1 ლორენტე (28), 0:2 ინსინიე (40, პენ), 0:3 ფაბიან რუისი (52), 1:3 მანკოსუ (61, პენ), 1:4 ლორენტე (82)

„ატალანტა“ – „ფიორენტინა“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 კიეზა (24), 0:2 რიბერი (65), 1:2 ილიჩიჩი (84), 2:2 კასტანე (90)

„ლაციო“ – „პარმა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 იმმობილე (8), 2:0 მარუშიჩი (67)

თეგებისერია A
სტატისტიკა
0.427689