ჭიდაობა

18:42 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მესამედ - გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია! (+VIDEO)

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია, უკვე ზედიზედ მესამედ! ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში პეტრიაშვილმა ფინალში თურქი ტაჰა აკგული უდრამატულეს ბრძოლაში დაამარცხა და საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

შეხვედრა მართლაც თვალსასეირო და დრამატული გამოდგა. აკგულმა უპირატესობა მოიპოვა და 4:0 დაწინაურდა, მეორე პერიოდში კი, გენომ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, თურქმა იქვე, მოახერხა ორქულიანი ილეთით უპირატესობის დაბრუნება და ამ დროს შეხვედრის დასრულებამდე მხოლოდ და მხოლოდ 39 წამი რჩებოდა.

მიუხედავად მწირი დროისა, ქართველმა ფალავანმა შეძლო უძლიერესი მეტოქის დამარცხება და დარჩენილ დროში ორი ქულა აართვა, რაც ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის საკმარისი იყო!

ვთქვათ, რომ ფინალამდე პეტრიაშვილმა გზა ერთი ამოსუნქთვით განვლო - კოსოვოელი ეგზონ შალა (13:2), სირიელი ბაჯა ხუტაბა (14:4) და უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანივსკი 6:2 დაამარცხა.

იქამდე საქართველოს პირველი მედალი ირაკლი მწითურმა მოუტანა, რომელიც ბრინჯაოს მედალს შესწვდა. ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ყაზახი ნურგალი ნურგაიპულის ძალზე დაძაბულ შეხვედრაში 2:1 აჯობა და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. მწითურმა ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო და უნგრელი ბენდეგუზ ტოტი ადვილად, 8:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში ჩვენებურმა იაპონელ ტაკუმა ოცუს ასევე მშრალად, 5:0 სძლია, თუმცა ნახევარფინალში ამერიკელ მაიკლ კოქსთან ვერაფერი გაახერხა (0:3).

დღესვე მედალთან ძალიან ახლოს იყო ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგო. ქართველი ფალავანი პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევს დაუპირისპირდა და 3 ქულა თავიდანვე მიიღო, მაგრამ პირველივე პერიოდში ორქულიანი გდებით სხვაობა შეამცირა. მეორე პერიოდში ზურაბი აქტიურობდა, თუმცა, სამწუხაროდ ანგარიში აღარ შეცვლილა, 2:3 დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა. აქვე გავიხსენოთ იაკობიშვილის განვლილი გზა მსოფლიო ჩემპიონატზე - კვალიფიკაციაში მოლდოველი მიჰაილ სავა 2:1 დაამარცხა, მერვედფინალში კი რუს დავიდ ბაევთან უშანსოდ, 0:7 წააგო. ვინაიდან ბაევი ფინალში გავიდა, ზურაბმა დამამშვიდებელ წრეში გადაინაცვლა, სადაც ბრინჯაოს მედლის მატჩამდე მიჯრით ორი დაპირისპირება მოიგო. ჯერ ბელარუსი ანდრეი კარპაჩი 5:0, მერე კი უზბეკი იხტიორ ნავრუზოვი 4:1დაამარცხა.

გარდა ამისა, დღეს შესანიშნავად იჭიდავა ბექა ლომთაძემ, რომელიც ხვალ ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. 61 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ფალავანი ნახევარფინალში ინდოელ რაჰულ ბალასაჰებ ავარეს დაუპირისპირდა და უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა. ბექა მეტოქეს 8:1-ს ამარცხებდა, მაგრამ მატჩის მიწურულს დაღლა დაეტყო და ინდოელმა სხვობა შეამცირა - 8:6. მიუხედავად ამისა, ბრძოლის დასრულებამდე წამებით ადრე ლომთაძემ ორქულიანი გდება შეასრულა და 10:6 იმარჯვა. ხვალ, ქართველი ფინალში რუს მაგომედრასულ იდრისოვს დაეჭიდება. აქვე ბექას განვლილი გზა ფინალამდე - მერვედფინალში მოლდოველ მიჰაი ესანუს აშკარა უპირატესობით 10:0 აჯობა, ხოლო მომდევნო ეტაპზე ამერიკელ ტაილერ გრაფთან ბრძოლაში 3:1 იმარჯვა. ლომთაძე მატჩის დასრულებამდე წუთითა და 20 წამით ადრე 0:1 მარცხდებოდა, მაგრამ დარჩენილ დროში გამარჯვების ქულები მოიპოვა.

ვთქვათ, რომ დღესვე 97 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ელიზბარ ოდიკაძეს. ქართველი ფალავანი თავიდან ირანელ ალი ხალილი შაბანიბენგარს გაუმკლავდა (11:8), მაგრამ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან 0:6 წააგო. ოდიკაძემ რეპეშაჟში გადაინაცვლა, რადგან შარიფოვმა ფინალს უწია. ქართველი ფალავანი სამხრეთ კორეელ მინვონ სეოსა და უკრაინელ ვალერი ანდრიიცევს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება და აღნიშნული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის ამერიკელ ფრედერიკ სნაიდერს შეხვდება.

79 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობას გამოეთიშა ნიკა კენჭაძე, რომელმაც პირველივე დაპირისპირება წააგო სომეხ გრიგორ გრიგორიანთან - 6:7. კენჭაძემ ჩინებულად დაიწყო და 6:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ თავისივე ილეთს წამოეგო და წმინდად დამარცხდა. ნიკას ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსიც დაკარგული აქვს, რადგან სომეხმა ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

86 კგ წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილმა თავდაპირველად ბერძენ გეორგიოს სავოლიდისს ადვილად 9:0 კი აჯობა, მაგრამ 1/16 ფინალში უზბეკ ჯავრალ შაფიევთან თავად დამარცხდა (3:6) და ასპარეზობას გამოეთიშა, რადგან უზბეკი მერვედფინალში ვერაფერს გახდა და სანდრომ რეპეშაჟში გადანაცვლების შანსიც დაკარგა.

ამრიგად, საქართველოს დელეგაციას თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორი მედალი აქვს მოპოვებული (ოქრო-ბრინჯაო), ხვალ ერთი მედალი (მინიმუმ ვერცხლი) დაბევებულია და არსებობს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შესაძლებლობაც.

0.181357