ავტოსპორტი

2:31 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ კუბიცა „უილიამსს“ ტოვებს

რობერტ კუბიცამ გამოაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, „უილიამსს“ დატოვებს. პოლონელი მრბოლი, 2011 წლის უმძიმესი ავარიის შემდეგ, რომელიც იტალიაში, რალის რიგითი რბოლის დროს შეემთხვა, ფორმულა 1-ში ამ სეზონში დაბრუნდა. მაგრამ კრიზისში მყოფ „უილიამსთან“ ერთად, მხოლოდ ერთი ქულის აღება შეძლო.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ წლის შემდეგ უილიამსთან ერთად აღარ გავაგრძელებ. ეს გადაწყვეტილება ბევრ შესაძლებლობას მიხსნის. მომავლისთვის განსხვავებული სცენარები მაქვს და ახლა დავფიქრდები, რისი შესაძლებლობა მაქვს“, - ფორმულა 1-ის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას განაცხადა კუბიცამ.

კითხვაზე, ისურვებდა თუ არა ფორმულა 1-ში დარჩენას, კუბიცამ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი იქნება კი, მაგრამ არა ნებეისმიერ ფასად. და მე ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა გავაკეთო ის, რაც დამაბრუნებს. რბოლებისგან სიამოვნება უნდა მივიღო. ეს სეზონი ძალიან რთული გამოდგა შედეგების მხრივ. და იმავდროულად, ძალიან მომთხოვნიც. ხაგრძლივი პაუზის შემდეგ ფ1-ში დაბრუნება იოლი არაა. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ისეთ რთულ სიტუაციაი ხარ, როგორშიც ჩვენ. ნებისმიერ შემთხვევაში, გუნდს მადლობას ვუხდი იმ შესაძლებლობისთვის, რაც მომცა. ვნახოთ, მომავალი რას მოგვიტანს“.

მიმდინარე სეზონში, კუბიცას ყველა განვლილი 14 რბოლის კვალიფიკაციაში, მისმა ახალგაზრდა თანაგუნდელმა ჯორჯ რასელმა აჯობა. მაგრამ პოლონელს ის ერთადერთი ქულა აქვს, რომელიც „უილიამსის“ ანგარიშზე ამჟამად ირიცხება.

არაოფიციალური ინფორმაციით, კუბიცას მოლაპარაკება აქვს კომპანია „აუდისთან“, რომელთანაც შეთანხმების შემთხვევაში, სარბოლო კარიერას DTM-ის სარბოლო სერიაში გააგრძელებს. რაც შეეხება „უილიამსს“, ამ ეტაპზე ორი პილოტის კანდიდატურა განიხილება. ესენი არიან ნიკო ჰულკენბერგი და „უილიამსის“ ტესტ მრბოლი, კანადელი ნიკოლას ლატიფი, რომელსაც ფორმულა 2-ის მიმდინარე ჩემპიონატში მეორე ადგილი უკავია.

0.103286