ფეხბურთი

20:11 | 20.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძის პრეზენტაცია: "დასამალი არაფერია, ჩვენ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს"

„დინამო თბილისმა“ ლევან მჭედლიძე დღეს ოფიციალურად წარადგინა. მედიის წარმომადგენლების კითხვებს ქართველ ფეხბურთელთან ერთად „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ უპასუხა.

ფიფიას განცხადებით, "დინამოს" მთავარი მიზანი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე თამაშია და მჭედლიძის ტრანსფერის შემდეგ გუნდი გაძლიერებას გააგრძელებს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის პრეზიდენტის განცხადებით, ეს იყო ტრანსფერი, რომელიც ორივე მხარეს სჭირდებოდა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ლევან მჭედლიძე „დინამოს“ ფეხბურთელია. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფეხბურთელის ჩვენთან მოვიდა სათამაშოდ და ეს ბევრს რამეზე მიუთითებს. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ყველაფერი მოხდა ისე, როგორც უნდა მოხდარიყო. კონტრაქტის მიღმა ჩვენ ასე, რომ ვთქვათ, კაცური შეთანხმებაც გვაქვს. ყველაფერი კონტრაქტში არ იწერება. თუმცა, არიან ფეხბურთელები, რომელთაც კონტრაქტიც არ შველის. ლევანთან ასეთი შეთანხმება გვაქვს, რომ წავალთ მაქსიმალურად შორს. ჩვენ ერთმანეთს ხელს ვუწყობთ დასამალი არაფერია და როდესაც ორი ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა, ყველაფერი მარტივია.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი დღეს ჩემპიონობაა. ცხადია, უძლიერესი გახდება ჩემპიონი, მაგრამ ეს ჩვენი მიზანია. ზამთრის ფანჯარა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ლევანის ნაბიჯი იყოს სამაგალითო და დააბრუნებს ზოგ ქართველ ფეხბურთელს. ჩვენ ვაპირებთ გაძლიერებას, გვინდა გავიდეთ ჯგუფში. ეს იქნება ჩემპიონთა თუ ევროპა ლიგის ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ნავსი უნდა გავტეხოთ. ყველამ დავინახეთ, რომ „ფეიენოორდს“ ჩვენ დავამარცხებდით, რომ არა მსაჯები, მაგრამ მსაჯიანად უნდა დავამარცხოთ“, - თქვა ფიფიამ.

ლევან მჭედლიძე: „დიდი მადლობა პირველ რიგში პრეზიდენტსა და დირექტორს, ყველას ვინც იმუშავა ამ ტრანსფერზე. ძალიან ბედნიერი ვარ, ბევრი არც მიფიქრია და პირდაპირ მივიღე გადაწყვეტილება. მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო და მივაღწიოთ თითოეულ წარმატებას, რომელიც გუნდს აქვს დასახული. რაც მთავარია, კარგად ვარ და მზად ვარ სათამაშოდ.

ფიზიკურად კარგად ვარ, უბრალოდ ერთი-ორი კვირა არ მივარჯიშია. ინდივიდუალურად დავიწყე მზადება და ალბათ ერთ კვირაში თამაშსაც მოვახერხებ.

იყო ბათუმის „დინამოს“ და სხვა ვარიანტებიც, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი აქ ჩამოსვლა არის სტიმული და წინსვლისთვის გადადგმული ნაბიჯი. მინდა, რომ ამ გუნდთან ერთად მივაღწიო წარმატებას, პირველ რიგში მოვიგო ჩემპიონატი და შემდეგ სხვა წარმატებებზე ვიფიქროთ. დიდი ხანი არ დამჭირვებია ამ გადაწყვეტილების მისაღებად, ერთ დღეში მივიღე გადაწყვეტილება.

საქართველოს ჩემპიონატში აქამდე არასდროს მითამაშია და სიმართლე გითხრათ, ძალიან ჩართული არ ვყოფილვარ. თუმცა, ბოლო დროს, როცა საქართველოში ვემზადებოდი, ვუყურე თამაშებს და სწორედ ამიტომ მომინდა დაბრუნება, რადგან ვხედავ წინსვლას, რაღაც ინტერესი გამოჩნდა, მაგრამ უფრო დეტალურად ვერ ვისაუბრებ, რადგან ნამდვილად არ ვიცი. დავამატებ, რომ გორის „დილაში“ არასდროს მითამაშია და არ ვიცი, ინტერნეტში ეს ინფორმაცია საიდან აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრები? მე მოვედი ამ გუნდში სათამაშოდ, ვაპირებ, რომ ჩემპიონი გავხდე და რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ იქნება საქართველოს ნაკრებში თამაში.

ტრავმების მიზეზი არასწორი მიდგომა გახლდათ. ეს იყო ყველა ექიმის დასკვნა. როდესაც ფეხბურთელი ჩამოდის საქართველოში და ერთდროულად თამაშობს 17, 19-წლამდე ნაკრებებში და ეროვნულ ნაკრებში, ვარჯიში პრაქტიკულად არ უწევს. ყველაფერი გამოიწვია არასწორმა ვარჯიშმა. კუგატი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპეციალისტი, პროფესორი, იმ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ პრობლემა თითქმის არ მქონია. ჩემი უთამაშებლობის მიზეზი ბოლო ხანებში იყო ის, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი ვთქვი, პირდაპირ ვუთხარი, რომ დრო იყო ახალი გამოწვევების და ამიტომ არ მიწევდა თამაში“, - თქვა მჭედლიძემ.

შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძემ „დინამოსთან“ 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და დედაქალაქურ გუნდში 10-ნომრიანი მაისურით გაირჯება. ცნობისთვის, ლევანს საქართველოს ჩემპიონატში არასდროს უთამაშია და შესაბამისად, დებიუტის მოლოდინშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112816