ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ღირსება გოგა ჩხეიძემ დაიცვა (67 კგ) და 23-წლამდე მსოფლიო რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, გააუმჯობესა.
ჩვენებურმა B ჯგუფში იასპარეზა, სადაც ორჭიდის ჯამში 307 კგ დააფიქსირა და მეოთხე ადგილზე გავიდა.
ატაცში ქართველმა ძალოსანმა ჯერ 133 კგ, მერე კი, 137 კგ დაძლია და უშუალოდ ამ დისციპლინაში მე-6 იყო, ხოლო აკვრაში კიდევ უფრო კარგად გაისარჯა, სამივე ცდა გამოიყენა და ერთმანეთის მიყოლებით 162, 166 და 170 კგ დააფიქსირა. შედეგად, მე-3 შედეგი აჩვენა და 23-წლამდე მსოფლიო რეკორდი, რომელიც მას ეკუთვნოდა, 1 კილოგრამით გააუმჯობესა.
პატაიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალ ორი ქართველი 73 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. ფიცარნაგზე კახი ასანიძე და არჩილ მალაყმაძე გამოვლენ.