ფეხბურთი

0:40 | 20.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

თრილერი ევროპა ლიგაზე - "დუდელანჟის" ისტორიული გამარჯვება ჯგუფურ ეტაპზე

ლუქსემბურგის „დედალანჟმა“ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად მოიგო. ემილიო ფერერას გუნდი პირველ ტურში ნიქოზიაში „აპოელს“ ეტუმრა და ნამდვილ თრილერში 4:3 დაჯაბნა.

შეხვედრაში მოვლენები მეტად საინტერესოდ განვითარდა. პირველი ტაიმი სტუმრებმა დანელ სინანის გოლით მოიგეს, რასაც ნაანტრაქტევს სტარტზევე ანტუან ბერნიეს მეორე გოლი მოჰყვა და „დუდელანჟმა“ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.

თუმცა, ამ უპირატესობისგან ზუსტად 4 წუთში არაფერი იყო დარჩენილი. „აპოელმა“ 54-, 56-ე და 58-ე წუთებზე, ანდრია პავლოვიჩის დუბლითა და ტომას დე ვინსენტის გოლებით წინ გასვლა შეძლო. მიუხედავად შოკური 4 წუთისა, ლუქსემბურგელები არ გატყდნენ და გამარჯვება მაინც მოახერხეს.

თამაშის დასკვნით ნაწილში დომინიკ სტოცმა და დანელ სინანიმ „დუდელანჟის“ ისტორია დაწერეს. მოგეხსენებათ, ლუქსემბურგელებმა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შარშანაც იასპარეზეს და „მილანთან“, „ოლიმპიაკოსთან“ და „ბეტისთან“ ჭიდილში ოდენ კინკილა ფრეს გამორჩნენ („ბეტისთან“ 0:0). ახლა კი, უკვე გამარჯვებაც გამოჭედეს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ „საბურთალოს“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი რომ დაეძლია და „არარატ-არმენიას“ ბარიერი გადაელახა, პლეი-ოფში სწორედ „დუდელანჟს“ დაუპირისპირდებოდა.

„აპოელი“ – „დუდელანჟი“ 3:4 (0:1)

გოლები: 0:1 სინანი (36), 0:2 ბერნიე (51), 1:2 პავლოვიჩი (54), 2:2 დე ვინსენტი (56, პენ), 3:2 პავლოვიჩი (58), 3:3 სტოცი (72), სინანი (82)

სტატისტიკა
0.260409