ფეხბურთი

18:47 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიის ნაკვალევზე: გერმანიის ნაკრების კარს ისევ ვერ იყოფენ

გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის პოზიციაზე სერიოზული კონკურენციაა მანუელ ნოიერსა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შორის. „ბარსელონას“ კიპერი საჯაროდ ამბობს და არ მალავს, რომ „ბუნდესნაკრებში“ სათადარიგოს როლს არ იმსახურებს.

კოლეგას ნოიერმა უპასუხა და განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრების კარს სამართლიანად იცავს.

ახლა საქმეში „ბაიერნი“ პრეზიდენტი ული ჰიონესი ჩაერია და აღნიშნა, რომ ტერ შტეგენს არაფერი აქვს გაკეთებული საიმისოდ, რომ მსგავსი პრეტენზიებით გამოვიდეს და გერმანიის ნაკრების პირველი ნომერი იყოს:

„ვფიქრობ, ეს ხუმრობაა. არ არსებობს მოტივი, რომ ტერ შტეგენი ძირითადი მეკარე იყოს. მეკარის პოზიცია სხვებისგან განსხვავდება, ყოველთვის ცხადია ვინ უნდა ითამაშოს. მანუელი ნომერი პირველია. წლების განმავლობაში იყო მსოფლიოს საუკეთესო მეკარე და ეჭვგარეშეა, რომ მხოლოდ ის უნდა იყოს ძირითადში. თუმცა, ყოველთვის ასე ხდება. ჯერ ბოატენგი, მიულერი და ჰუმელსი ჩამოაშორეს ნაკრებს, ახლა ნოიერმა გამოიწვია დისკუსია“, - თქვა ჰიონესმა.

პრეცედენტები

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გერმანიის ნაკრების მთავარი მეკარის როლის გამო კონკურენტებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. იგივე ტერ შტეგენს კონფლიტქი ჰქონდა ბერნდ ლენოსთან, რომელთანაც კონკურენცია ასაკობრივ ნაკრებებში უწევდა.

პირველი დაძაბულობა სასტარტო მეკარეობისთვის 1962 წლით თარიღდება: ჰანს ტილკოვსკი პირველ მეკარედ ითვლებოდა, მაგრამ მოულოდნელად მწვრთნელმა ჰერბერგემა სასტარტოში ადგილი ვოლფგანგ ფაჰრიანს გამოუყო და ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატზე ათამშა. ტილკოვსკი ამან გააბრაზა და უმალვე გერმანიაში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ ჩემპიონატის დაწყებამდე თვითმფრინავის ბილეთი ვერ იშოვა. ის სათადარიგო სკამზე დარჩა 1966 წლის მუნდიალამდე, სადაც გერმანიამ ფინალში წააგო.

დელიკატური ურთიერთობა იყო ბოდო ილგნერსა და ანდრეას კიოპკეს შორისაც, არამხოლოდ ეროვნულ ნაკრებში. 1992 წელს კიოპკემ ილგნერს პენალტი გაუტანა და პროვოკაციულად აღნიშნა. ისინი ძირითადი შემადგენლობის ადგილისთვის წლების განმავლობაში იბრძნოდნენ, 1994 წლის მუნდიალის შემდეგ კი ეს ბრძოლა დასრულდა, რადგან ილგნერმა გადაწყვიტა ნაკრებიდან წასულიყო და მეტოქისთვის დაეთმო ასპარეზი.

თუმცა, ყველაზე დაძაბული ვითარება ოლივერ კანსა და იენს ლემანს შორის სუფევდა. ისინი მხოლოდ მედიის მეშვეობით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. „პირადად მე არ ვიცი რა უნდა ვთქვა, რადგან არ მყავს 24 წლის შეყვარებული“, - თქვა ერთხელ ლემანმა და კბილი კანის პირად ცხოვრებას გაჰკრა. მალევე კონკურენცია ნამდვილად ანტიპათიაში გადაიზარდა. ლემანმა კანს 2006 წელს გერმანული მუნდიალის დროს ძირითად შემადგენლობაში ადგილი წაართვა კიდეც.

ახლა უკვე ნოიერისა და ტერ შტეგენის ჯერი დადგა. როგორც ჩანს, ზოგჯერ ისტორია მეორდება.

0.151336