სხვა

13:14 | 17.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინს ვეღარ აჩერებენ, ქართველმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა! (+VIDEO)

აკი ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღეს ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი ფორმაში შევიდა და ამჯერად მეხუთე მაეგაშირა ჩიიოტარიუს დამარცხება იორიკირის ილეთით მოახერხა და თანაბარ ბალანსზე გავიდა - 5:5.

ჩვენებურმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა, რომელსაც თითქმის 1 წუთი უტევდა და საბოლოოდ დოჰიოს მიღმა გადაიყვანა.

გეტყვით იმასაც, რომ წლის მეხუთე სუპერტურნირზე ჩვენებური მუხლის ტრავმით ასპარეზობს, თუმცა ამის მიუხედავად ოძეკის პრესტიჟული ტიტულის შესანარჩუნებლად შანსებს კვლავ ინარჩუნებს. ამისთვის ქართველმა სუმოისტმა დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან, მინიმუმ სამი უნდა მოიგოს.

ვთქვათ ისიც, რომ სექტემბრის ბაშოზე ლევანს ერთი მოგება წესების დარღვევის გამო წაგებად ჩაუთვალეს, თორემ ვინ იცის ახლა 6 მოგების საპირისპიროდ 4 მარცხი ექნებოდა და მეტი შანსი იმისა, რომ მომდევნო ბაშოზე კვლავ ოძეკის რანგში ეასპარეზა.

რაც შეეხება დღევანდელ მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებს, აღნიშნული წყვილი ერთმანეთს მე-10-ედ დაუპირისპირდა და გორგაძის უპირატესობა დიდია - 8 მოგება და მხოლოდ 2 მარცხი. მიმდინარე ბაშოზე ჩიიოტარიუს მოგება-წაგების ბალანსიც სწორედ ასეთია 2:8-ზე.

ტოჩის მომდევნო მეტოქე კი აკი ბაშოს ერთ-ერთი ლიდერი ტაკაკეიშო იქნება, რომელსაც აქამდე 8-ჯერ შეხვედრილა და მეტოქე 2-ჯერ დაამარცხა, 6-ჯერ კი თავად დამარცხდა.

რაც შეეხება სხვა ლიდერებს, მე-8 მაეგაშირა ოკინოუმისა და მე-10 მაეგაშირა მაისეის მარცხით სამმა სუმოისტმა იხეირა და მათ მსგავსად 8:2-ზე ბალანსი მიტაკეუმს, ტაკაკეიშოსა და ასანოიამას გაუხდათ.

7 მოგების საპირისპიროდ 3 მარცხი კი მხოლოდ 2 მონაწილეს: ცურუგიშოს და ტაკარაფუჯის აქვთ.

ტოჩინოშინისგან განსხვავებით კვლავ მარცხი განიცადა მეორე ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც ჯურიოს მე-14 ნომერ ასაგიოკუსეის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ჩვენებური ძალიან ცუდ ფორმაშია და დადებითი ბალანსის განაღდება მიმდინარე ბაშოზე თეორიულად შესაძლებელი, თუმცა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამისთვის გაგას დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან ხუთივეს მოგება მართებს, რაც ძალიან რთული იქნება. ელიტარულ სუმოისტთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად კი თეიმურაზს კიდევ 3 მოგება მართებს.

ქართველი გოლიათი დღევანდელ მეტოქეს მეორედ დაუპირისპირდა და ურთიერთშეხვედრებში თანაბარ ბალანსზეა - 1 მოგება და 1 მარცხი.

ჯუღელის ხვალინდელი მეტოქე კი ჯურიოს მე-13 ნომერი იროდორი იქნება, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვედრილა და დამარცხდა. მიმდინარე ბაშოზე იროდორს 4 მოგების საპირისპიროდ 6 მარცხი აქვს.

0.117318