ჰოლანდიის ერედივიზიონში სადებიუტო გოლი გაიტანა გიორგი აბურჯანიამ. მეექვსე ტურში ენსხედეს „ტვენტე“ „სიტარდს“ ესტუმრა, 3:2 მოუგო და დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს.
აბურჯანია მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად 5 წუთში ანგარიში თავისი გუნდის სასარგებლოდ 3:0 გახადა. გიორგიმ მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა და ჰოლანდიურ კარიერაში პირველი გაიტანა. ვთქვათ ისიც, რომ საგოლე შეტევა სწორედ მისი დროული და სახიფათო პასის შედეგად დაიწყო.
დარჩენილ დროში კი „სიტარდმა“ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ენსხედელებმა 3:2 იმარჯვეს და 12 ქულა დააგროვეს. „ტვენტეს“ 6 მატჩში 3 მოგებითა და 3 ფრით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია და ლიდერთა დუეტს („აიაქსი“, პსვ) მხოლოდ ქულით ჩამორჩება.
მოგეხსენებათ, გიორგი აბურჯანია „ტვენტეში“ გასულ ზაფხულს ორწლიანი იჯარით გადავიდა და დღეისთვის ერედივიზიონში ჩატარებულ 5 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ 24 წლის ჩვენებურმა ხუთივე შეხვედრა ცვლილებიდან ითამაშა.