ჭიდაობა

19:26 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეორე ოქროს მედალი ყაზახეთიდან - ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონია!

ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპინატი დიდებულად დაიწყო საქართველოს დელეგაციისთვის. 82 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ლაშა გობაძემ მოიპოვა!

ქართველმა ფალავანმა ფინალში აზერბაიჯანელ რაფიქ ჰუსეინოვს 5:3 აჯობა. ლაშამ უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვა, როდესაც 5:0 დაწინაურდა და მართალია, მეორე პერიოდში სამი ქულა მიიღო, მაგრამ შეხვედრა გამარჯვებამდე მაინც მიიყვანა. შედეგად, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ეს საქართველოს მეორე ოქროს მედალია, რადგან მანამდე დღესვე, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ნუგზარ წურწუმია ავიდა.

ვთქვათ ისიც, რომ საქართველოს ისტორიაში გობაძე მე-15 მსოფლიო ჩემპიონია (ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში). 82 კგ წონითი კატეგორიაში კი ოლიმპიური ლიცენზია არ თამაშდებოდა. საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს ორი მსოფლიო ჩემპიონი ერთ ტურნირზე მეხუთედ ჰყავს. თანაც, ნურსულთანში შეჯიბრება გრძელდება და ხვალ ასპარეზობაში სამი ქართველი ფალავანი (დავით ჩხარტიშვილი, გელა ბოლქვაძე, იაკობ ქაჯაია) ჩაებმება. გარდა ამისა, ვიცით, რომ გიორგი მელია (97 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

აქვე შეგახსენებთ გობაძის განვლილ გზას მსოფლიო ჩემპიონატზე - ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო, სადაც ამერიკელ ჯონ ვალტერ სტეფანოვიჩს უპრობლემოდ აჯობა (7:0), მეოთხედფინალში კიდევ უფრო ადვილად ჩინელი ჰაიტაი ქიანს სძლია (9:0), ხოლო ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში უზბეკი ნურბეკ ხაშიმბეკოვი დაამარცხა (3:1).

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ დღეს საქართველოს ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა გიორგი მელიამ (97 კგ) და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) და გურამ ხეცურიანი (87 კგ) კი პირველივე წრეში დამარცხდნენ და ამ ეტაპზე საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიები ხსენებულ წონებში ვერ დაიბევა, მაგრამ შანსი სხვა ტურნირებზე კიდევ იქნება.

დღეს კი, ნურსულთანის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით გაიხსნა და დაიხურა!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120063