ბლოგი

12:26 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საჰარი

საჰარი ბავშვობიდან უცნაური გოგონა იყო და ეს მის მშობლებს ყოველთის აშინებდა. თუკი მისი თანატოლები სხვადასხვა “გოგოური“ გასართობებით კმაყოფილდებოდნენ, საჰარს ფეხბურთი ყველაფერს ერჩია. როდესაც ტელევიზორში ფეხბურთი იყო, მამამისის გვერდით ხალიჩაზე ჩამოჯდებოდა და გამოცდილი ქომაგივით დიდი ვნებითა და ნეტარებით უყურებდა ყველანაირი დონის, ხარისხისა თუ მნიშვნელობის საფეხბურთო მატჩებს.

როდესაც წამოიზარდა აღმოაჩინა, რომ ფეხბურთი მის თანატოლ სხვა გოგონებსაც უყვარდათ და ეს იყო დიდი საიდუმლო, რაც მის ქვეყანაში ქალებს გულით უნდა ეტარებინათ. დანავსული 1979 წლიდან ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქალებს სტადიონზე ფეხბურთის ცქერა აეკრძალათ და ამას მაშინვე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ირანელი ქალები მუდამ ითხოვდნენ სტადიონზე შეშვების უფლების დაბრუნებას და რამდენჯერმე დიდი აქციაც კი მოაწყეს ამის გამო.

თუკი უახლეს ისტორიას ჩავხედავთ, სულ რამდენჯერმე მოხდა, როდესაც ირანის ისლამისტური ხელისუფლება ფეხათრევით დაჰყაბულდა ქალების მოთხოვნებს და 1979 წლის შემდეგ რამდენიმე მატჩზე მისცეს ქალებს დასწრების უფლება. ცხადია ქალები იმ გამონაკლის შემთხვევებშიც ჩადრებითა და “შესაბამისი“ პირბადეებით ისხდნენ სტადიონზე, მაგრამ საჰარმა და მისმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ თუნდაც მცირე მნიშვნელობის გამარჯვებებით შესაძლებელია მთავარს და ყველაზე ფასეულს - თავისუფლებას მიაღწიო. ამიტომაც, ფეხბურთი იყო მათთვის თავისუფლებისა და ნორმალური ცხოვრების სიმბოლო, რომელსაც აგრერიგ ესწრაფვის ყველა ირანელი ქალი თუ კაცი.
საჰარი ირანის პოლიციამ წელს, მარტში დააპატიმრა და ამ ქვეყანაში მეტად გავრცელებული ბრალი წაიყენა, რაც ჩაცმულობას ეხებოდა. 29 წლის ქალს თურმე “ირანელი ქალისათვის შეუფერებლად“ ეცვა და ასე ბილწავდა ირანის კულტურას და წარსულს. სხვათაგან განსხვავებით მაშინ ადვილად გადარჩა. მხოლოდ ჯარიმა ამყოფინეს. თან დაუჯერეს საჰარის დის ჩვენებას, რომელმაც დის გადასარჩენად განაცხადა, რომ საჰარის ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ამიტომაც ეპატიებოდა შეუფერებლად ჩაცმა.

აი ამ დღის შემდეგ საჰარიმ გადაწყვიტა ისეთი რამ ექნა, რაც ყველა ირანელ ქალს დაანახებდა, რომ არ უნდა შედრკნენ, არ უნდა დანებდნენ არსებულ საშინელ რეალობას და საამისოდ ფეხბურთი საუკეთესო საშუალება გახლავთ. ჯერ კიდევ უკანასკნელ აზიის თასზე, როდესაც ირანელი ქალების ნაწილი დაუშვეს სტადიონზე დამტკიცდა, რომ ამ ქალებს ფეხბურთიც უყვართ, თავისუფლებაც და რამე რომ იყოს მამაკაცებზე ნაკლებადაც არ იციან როგორ უქომაგონ მათი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს.

იმ მძიმე დღეს მიდოდა საჰარი და შიშთან ერთად გაოცებაც ჭამდა. ალბათ თავადაც კი არ სჯეროდა, რომ ასეთი გიჟური რამ მოიფიქრა, რომელსაც აუცილებლად განახორციელებდა. შიშის მიუხედავად მაინც მიდიოდა მტკიცედ და თავდაჯერებული ნაბიჯებით. მან იცოდა, რომ ისტორიის შეცვლა შეეძლო!...

P.S. ამ ბლოგს ვუძღვნი 39 წლის ირანელ ქალბატონს საჰარის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თეირანის სასამართლოს წინ თავის დაწვა სცადა, მას ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა - თანამედროვედ ჩაცმულ ირანელ ქალებს მიეცეთ სტადიონზე დაუბრკოლებლად შესვლის უფლება! საჰარიმ სხეულის 90%-ის დამწვრობა მიიღო და ცოცხალი რომც გადარჩეს, სავარაუდოდ ფეხზე ვეღარასოდეს გაივლის.

0.113191