ფეხბურთი

2:40 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

პატარა ბიჭი დიდ სცენაზე - "ბარსელონას" ახალი ბრილიანტი

კატალონიის „ბარსელონას“ ახალი ფენომენი ჰყავს - ანსუ ფატი. ზოგი ჭირი მარგებელიაო და ასე დაემართა ერნესტო ვალვერდეს, რომელიც ტრავმების გამო იძულებული გახდა განვლილ სამ ტურში 16 წლის სრულიად უცნობ ბიჭს დაყრდნობოდა.

გვინეა ბისაუელი შემტევი კი ყველას აოცებს და ყოველჯერზე ახერხებს ყურადღების მიპყრობას. 25 აგვისტოს „ბარსელონაში“ მისი დებიუტი შედგა, ერთი კვირის თავზე სადებიუტო გოლიც გაიტანა, ახლა კი, „ვალენსიასთან“ (5:2) პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში.

ფატის სულ რაღაც 7 წუთი დასჭირდა, რომ ჯერ გოლი გაეტანა, მერე ფრენკი დე იონგს დახმარებოდა სადებიუტო გოლის გატანაში საგოლე პასით. შედეგად, ანსუ XXI საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა (16 წლისა და 318 დღის), რომელმაც ლა ლიგის ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და შედეგიანი პასიც მიითვალა.

ცხადია, შედარება ძალიან ადრეა, სტატისტიკაც უტყუარ საბუთად ასეთ შემთხვევაში ვერ გამოდგება, მაგრამ ლიონელ მესის ესპანეთის ჩემპიონატში საწყისი ორი გოლის გასატანად 13 მატჩის ჩატარება დასჭირდა, კატალონელთა ახალმა ბრილიანტმა კი უკვე 3 შეხვედრაში უწია ამ ნიშნულს, თან საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში და უკვე რამდენიმე მიღწევის ავტორიც გახდა.

0.188924