ფეხბურთი

2:33 | 11.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოსოვოს წაუგებელი სერია დასრულდა, რონალდუ შეუჩერებელია

ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მორიგი ტურის მატჩები სამ ჯგუფში გაიმართა და სექტემბრის პროგრამა ამით დასრულდა. ახლა შესარჩევი ციკლი ოქტომბრიდან განახლდება და სწორედ ერთი თვის შემდეგ რამდენიმე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს ოფიციალურად მოიპოვებს.

მანამდე კი, A ჯგუფში კოსოვოს ნაკრები გააღვიძეს, რომელმაც 15-მატჩიანი და 2-წლიანი წაუგებელი სერია ინგლისში დაასრულა. საერთოდ, ამ ჯგუფში გარეთ საუთგეიტის გუნდი რასაც მოისურვებს, იმას აკეთებს და სეირნობს. თითქოს ახლაც ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ალბიონელებს მცირედით ანერვიულება მოუწიათ. კოსოვო პირველივე წუთზე ვალონ ბერიშამ დააწინაურა, მაგრამ ინგლისმა ცივი შხაპი სათავისოდ გამოიყენა და პირველივე ტაიმში 5:1-ს იგებდა. ბრწყინვალე იყო რაჰიმ სტერლინგი, რომელმაც გაიტანა და საგოლე პასებიც არიგა. დუბლით გამოირჩა ჯეიდონ სანჩო, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლები მიითვალა. თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისში კოსოვომ თამაში მაინც დაძაბა. ჯერ ბერიშამ სეასრულა დუბლი, მერე ვედათ მურიქმა თავისივე მოპოვებული პენალტი აქცია გოლად და - 5:3. მაგრამ, დარჩენილ დროში კოსოვომ სასწაული ვერ მოახდინა და ინგლისი უფრო ახლოს იყო მეექვსე გოლთან, კეინმა პენალტი გააცუდა, სტერლინგმა ძელსაც მოარტყა. ამრიგად, ინგლისი ისევ უდანაკარგოა, ხოლო კოსოვოს წაუგებელ სერიას წერტილი დაესვა.

კოსოვოელთა კონკურენტმა მეორე ადგილისთვის ბრძოლაში, ჩეხეთმა პოდგორიცაში მონტენეგრო მეორე ტაიმში გატეხა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. შედეგად, ინგლისი 4 თამაშში 12 ქულით ლიდერია, ხოლო ჩეხეთსა და კოსოვოს 5-5 მატჩის შემდეგ შესაბამისად 9 და 8 ქულა აქვთ. მონტენეგრო და ბულგარეთი კი პრაქტიკულად უშანსოდ არიან დარჩენილნი.

ინგლისი - კოსოვო 5:3 (5:1)

გოლები: 0:1 ბერიშა (1), 1:1 სტერლინგი (8), 2:1 კეინი (19), 3:0 ვოივოდა (38. ა.გ), 4:1 სანჩო (44), 5:1 სანჩო (45), 5:2 ბერიშა (49), 5:2 მურიქი (55, პენ)

მონტენეგრო - ჩეხეთი 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 სუჩეკი (54), 0:2 მასოპუსტი (58), 0:3 დარიდა (90, პენ)

B ჯგუფის მორიგ ტურში ლიდერმა უკრაინამ დაისვენა, სამაგიეროდ არ ისვენებს კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც მორიგი წარმოდგენა დადგა, ამჯერად ვილნიუსში, სადაც ლიეტუვას 4 გოლი გაუტანა, ერთიც ვილიამ კარვალიომ დაუმატა და 5:1. არადა, ბალტიისპირელებმა ევროპის ჩემპიონს პირველ ტაიმში არაფერი დაუთმეს და საპატიო 1:1-საც გამორჩნენ, მაგრამ მეორე ნახევარში რონალდუს შემჩერებელი მოედანზე არავინ იყო.

მოიგო სერბეთის ნაკრებმა და ბრძოლაში დარჩა, რადგან ლუქსემბურგის ძლევის შემდეგ 7 ქულა გაუხდა და პორტუგალიას კინკილა ქულა აშორებს. აი, უკრაინა კომფორტულადაა 13 ქულით და წესით ანდრეი შევჩენკოს გუნდი ფინალურ ეტაპზე აუცილებლად მოხვდება.

ლიეტუვა - პორტუგალია 1:5 (1:1)

გოლები: 0:1 რონალდუ (7, პენ), 1:1 ანდრისკევიჩუსი (28), 1:2 რონალდუ (62), 1:3 რონალდუ (65), 1:4 რონალდუ (76), 1:5 კარვალიო (90)

ლუქსემბურგი - სერბეთი 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 მიტროვიჩი (36), 0:2 რადონიჩი (55), 1:2 ტურპელი (66), 1:3 მიტროვიჩი (78)

და ბოლოს, H ჯგუფი, სადაც მეტად დაძაბული ვითარებაა. ამ ტურამდე საფრანგეთს, თურქეთსა და ისლანდიას 12-12 ქულა ჰქონდათ, მაგრამ ახლა სკანდინავიელები ოდნავ ჩამორჩნენ. საქმე ისაა, რომ ისლანდია ტირანაში ალბანეთთან დამარცხდა და მესამე ადგილამდე დაქვეითდა. საფრანგეთმა კი ანდორას ცხადია მარტივად აჯობა (3:0), უნდა გამოვყოთ, ანტუან გრიზმანის ზედიზედ მეორედ გაცუდებული პენალტი (სამი დღის წინ ალბანეთთანაც ვერ გაიტანა). თურქეთმა კი სტუმრად მოლდოვა გაანადგურა - 4:0.

ფრანგებს და თურქებს 15-15 ქულა აქვთ, მაგრამ ისლანდიაც ბოლომდე იბრძოლებს, რადგან 12 ქულით ბრძოლაში რჩება.

ალბანეთი - ისლანდია 4:2 (1:0)

გოლები: 1:0 დერმაკუ (33), 1:1 სიგურდსონი (47), 2:1 ჰისაი (52), 2:2 სიგთორსონი (58), 3:2 როსი (79), 4:2 ჩიკალეში (82)

საფრანგეთი - ანდორა 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 კომანი (18), 2:0 ლენგლე (52), 3:0 ბენ იედერი (90)

მოლდოვა - თურქეთი 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 ჯენქ თოსუნი (37), 0:2 ტურუჩი (57), 0:3 ჯენქ თოსუნი (79), 0:4 იაზიჯი (88)

0.118407