კრიშტიანუ რონალდუს მორიგი წარმოდგენა და მორიგი რეკორდი. პორტუგალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე ლიეტუვა 5:1 გაანადგურა და კრიშტიანუმ მეტოქის კარი ოთხჯერ აიღო, შესაბამისად, პოკერი შეასრულა!
ამრიგად, რონალდუს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 25 გოლი დაუგროვდა და კონკრეტულად ამ ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი ირლანდიელ რობი კინს ჰქონდა (23 გოლი), მაგრამ ლიეტუვასთან პოკერით, რონალდუს 25 გოლი დაუგროვდა და ირლანდიელი, რომელსაც კარიერა დასრულებული აქვს, უკან მოიტოვა.
გარდა ამისა, ვთქვათ, რომ 34 წლის ფეხბურთელმა კარიერაში 54-ე ჰეთ-თრიქი შეასრულა (პოკერი ჰეთ-თრიქშიც ეთვლება, რადგან მინიმუმ სამი გოლი გაიტანა), ხოლო პორტუგალიის ნაკრებში მერვე.
საერთოდ, ლუზიტანელთა რიგებში კრიშტიანუს 160 ჩატარებულ მატჩში 93 გოლი დაუგროვდა და უკვე კარგა ხანია ეროვნულ ნაკრებში ყველა დონეზე გატანილი გოლებით მეორე ადგილზეა. პირველი პოზიცია ისევ ალი დაეს ეკუთვნის 109 გოლით, მაგრამ რონალდუს მონდომებასა და ტემპს თუ გავითვალისწინებთ, ირანელის რეკორდს შესაძლოა დიდი ხნის არსებობა არც ეწეროს...