საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ორი მატჩის შემდეგ საკუთარი ქვეჯგუფის ლიდერია. ბუნებრივია, ჯერ დასკვნების გაკეთება ძალიან ადრეა და არც განვლილი ორი მეტოქით შეიძლება შეფასება, მაგრამ მაინც სასიხარულია და რომ იტყვიან - თვალს უხარია.
გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ლიხტანშტაინის (4:0) ძლევის შემდეგ არც აზერბაიჯანის 21 წლამდე ნაკრებს აყარეს ნაკლები დღე და ძალიან ადვილად, პრაქტიკულად ვარჯიშ-ვარჯიშ იმარჯვეს.
ბაქოში, „დალღა არენაზე“ ქართველები უპირატესობას პირველივე წუთიდან დაეუფლნენ და ანგარიში აუცილებლად 45-ე წუთამდე გაიხსნებოდა, რომ არა აზერბაიჯანელთა კიპერ იბრაჰიმოვი, რომელიც ჩინებულად მოქმედებდა. თუმცა, ტაიმის ბოლოს, გახსნილ ანგარიშშიც იყო მისი წვლილი, რადგან ქართველთა კუთხურის შემდეგ კარიდან დამაჯერებლად ვერ გამოვიდა, ეს ყველაფერი კი ვატო არველაძის ძლიერი და რაც მთავარია, ზუსტი დარტყმით დასრულდა. პირველი ტაიმის შედეგიც სრულიად ლოგიკური გახლდათ, საქართველო უტევდა, ფეხბურთს თამაშობდა, აზერბაიჯანი კი მხოლოდ ხელის შეშლას ცდილობდა.
თამაშის სურათი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. სტუმართა მისია გაამარტივა გაჯიევის გაძევებამ, რომელიც 49-ე წუთზე მეორედ გააფრთხილეს და თანაგუნდელები კაცნაკლული დატოვა. აქედან მოყოლებული საქართველომ უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარა. იბრაჰიმოვი კი აგრძელებდა საოცრებების ჩადენას, ნიკოლოზ მალისა და ნიკა ნინუას ურთულესი ბურთები აუღო. აზერბაინელთა მეკარე პრაქტიკულად მარტო უმკლავდებოდა მეტოქის იერიშებს და 70-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს კიდეც.
ცეცაძის შეგირდებმა კი, ბოლოსკენ ორჯერ იხეირეს. ვატო არველაძის გრძელი პასით გიორგი არაბიძე გაიჭრა ფლანგზე და იდეალურად ითამაშა - ცარიელ კარში ირაკლი ბუღრიძეს გაატანინა. „ადანასფორის“ შემტევი მართლაც კარგად ირჯებოდა და გოლსაც იმსახურებდა, რომელიც გაიტანა კიდეც. ამჯერად ბუღრიძე მოგვევლინა ასისტენტის როლში და გიორგიმ საჯარიმოს მისადგომებიდან ცაციათი, ერთი შეხებით უზუსტესი დარტყმა შეასრულა - 0:3.
საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა განვლილ ორ მატჩში მართლაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა, ისიც ვთქვათ, რომ მეტოქეები დასკვნების გასაკეთებლად არ ივარგებს. წინ გაცილებით რთული მატჩებია, მათ შორის პირველი კი 11 ოქტომბერს, შვეიცარიაში.
აზერბაიჯანი (U21) – საქართველო (U21) 0:3 (0:1)
ბაქო, „დალღა არენა“
აზერბაიჯანი (4-2-3-1): კ. ირბაჰიმოვი (ზაკიევი 70), სეიდიევი, მანაფოვი, სეილიგლი, თამაზოვი, გაჯიევი, ი. იბრაჰიმოვი (ჯაფარგულიევი 46), სეიდოვი, ოკსუზი (გურბანლი 60), ნაბიევი (მაგერამლი 46), ეკინჩიერი
საქართველო (4-4-2): გუგეშაშვილი, მალი (სპანდერშვილი 86), ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, არაბიძე, კუცია, ნინუა (კოხრეიძე 70), არველაძე (კიტეიშვილი 78), ქავთარაძე (ბუღრიძე 70), სილაგაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გოლები: 0:1 არველაძე (45), 0:2 ბუღრიძე (73), 0:4 არაბიძე (84)
გაფრთხილება: თამაზოვი (24), გაჯიევი (26, 49), სეილიგლი (39), სეიდოვი (51) - კობოური (29), არაბიძე (52)
გაძევება: გაჯიევი (49)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა: 5 (1) – 17 (10) კუთხურები: 6:7 გაფრთხილება: 5:1 გაძევება: 1:0
მსაჯი: ლორენ კრაპივი (ლუქსემბურგი)