ცოტა ხნის წინ დასრულებულ ამერიკის ღია პირველობაზე ქართული ჩოგბურთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მარიამ ბოლქვაძის ძირითად ბადეში ასპარეზობა გამოდგა. 21 წლის იმედისმომცემმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდებულად იასპარეზა და მიჯრით სამი წრე დაძლია.
მარიამმა ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი (6:4, 6:2), სამხრეთ კორეელი ნა-ლაე ჰანი (2:6, 6:2, 7:5) და ჩინელი შილინ ქსუ (6:4, 2:6, 5:4) დაამარცხა და US Open-ის ძირითად ბადეში მოხვდა.
საგულისხმოა, ხომ ეს იყო მის კარიერაში პირველი მასტერსის ტურნირი, რომლის ძირითად ბადეში ითამაშა და ბუნებრივია, ძალიან დიდი წარმატებაც გახლდათ. თუმცა, ბოლქვაძე ამას არ დაჯერებულა და იქაც მოახერხა თავისი სიტყვის თქმა. პირველ წრეში გაცილებით გამოცდილი და ცალსახა ფავორიტად შერაცხული, იმ დროისთვის რეიტინგის 65-ე ნომერი ბერნარდა პერა სამ სეტში 6:3, 5:7, 6:4 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქართველს შეხვედრის მიმდინარეობისას ფეხი აწუხებდა, მაგრამ ტკივილსაც და ამერიკელ მეტოქესაც ერთდროულად გაუმკლავდა.
შედეგად, მეორე წრეში გავიდა, სადაც უკვე მეორე ნომერ ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან დამარცხდა 1:6. 4:6. მიუხედავად ამისა, ამერიკის ღია პირველობა მარიამის აქტივში თამამად უნდა შევიტანოთ.
სწორედ US Open-ის ძირითად ბადეში მოხვედრით ბოლქვაძემ WTA-ს რეიტინგში არნახული პროგრესი განიცადა და 202-ე ადგილიდან დღეისთვის 398 ქულით 156-ე პოზიციაზე იმყოფება. მარიამი ამჟამად საქართველოშია და ისვენებს, WORLDSPORT.GE 21 წლის ჩოგბურთელს გაესაუბრა.
- როგორ დაიწყო თქვენი საჩოგბურთო კარიერა და რატომ ჩოგბურთი?
- ჩემი ჩოგბურთის კარიერა საკმაოდ გვიან 8-9 წლის ასაკში დაიწყო, ლონდონში ახლობელს ბურთებს ვუგროვებდი და გადავწყვიტე საქართველოში რომ ჩამოვიდოდი, მეც დამეწყო ჩოგბურთის თამაში, ოღონდ მოყვარულის დონეზე. შემდეგ იმდენად მომეწონა, რომ უფრო და უფრო მოვუხშირე ვარჯიშს.
- როგორ შეაფასებდით ამერიკის ღია პირველობაზე საკუთარ გამოსვლას?
- ამერიკის ღია პირველობაზე პირველ რიგში რაც მინდა ავღნიშნო, არის ჩემი მენტალური სიძლიერე. ძალიან დიდი სტრესია ესეთ ტურნირებზე გასვლა და თამაში, მაგრამ არავინ არ მოელოდა ჩემგან მოგებას, მეც ვეცადე ეს მომენტი გამომეყენებინა საჩემოდ, თავისუფლად მეთამაშა და სიამოვნება მიმეღო.
- ყველაზე მეტად რომელი მომენტი იყო დასამახსოვრებელი US Open-იდან?
- ყველა თამაში დასამახსოვრებელი იყო, განსაკუთრებით მახსოვს საკვალიფიკაციო ბადის მეორე თამაში სადაც 3:0-ს ვაგებდი მესამე სეტში და როგორღაც მოვახერხე თამაშის შემობრუნება, შემდეგ მოგებას, რომ მივუახლოვდი ცოტა დავიძაბე და კუნთების დაჭიმვა დამეწყო, მაგრამ გადავლახე ტკივილი და მოგება შევძელი.
- ბერნარდა პერასთან შეხვედრას როგორ გაიხსენებდით? მებრძოლი ხასიათი გამოავლინეთ და მიუხედავად ტრავმისა, გაიმარჯვეთ. რა იყო ამ თამაშში გარდამტეხი მომენტი?
- პერასთან თამაში ძალიან ემოციური იყო. მას ემჩნეოდა, რომ ძალიან ნერვიულობდა პირველ სეტში და უმეტესად მეორეშიც. შემდეგ უკვე ათამაშდა და მე ვერ შევძელი მატჩი დამემთავრებინა პირველ ცდაზე. შემდეგ მესამე სეტშიც ვაგებდი, მაგრამ ძალები მოვიკრიბე და არ ვიცი, როგორ, მაგრამ შევძელი მოგება. ტრამვები ყოველთვის მაწუხებდა, პირველ საკვალიფიკაციო თამაშზე წავიქეცი და კუნთების ტკივილის გარდა, ხელიც ნატკენი მქონდა, მაგრამ ტკივილგამაყუჩებელს ვსვამდი თამაშამდე და ადრენალინიც თავისას აკეთებდა.
- მასტერსის ძირითად ბადეში პირველად ითამაშეთ. როგორია თქვენი შეფასება, ეს იყო ამ ეტაპზე მაქსიმუმი თუ მეტიც შეიძლებოდა?
- ჩემი აზრით, პირველი გამოცდილებისთვის მშვენიერი შედეგი იყო, მაქსიმუმი ალბათ ბოლომდე ვერ გავაკეთე, რადგან პლიშკოვასთან პირველი სეტი შემეძლო უკეთესად მეთამაშა, მაგრამ პირველი გამოცდილებისთვის, ყველაზე დიდ სტადიონზე მსოფლიოში, არ ვაპირებ, რომ ჩემი თავი ზედმეტად გავაკრიტიკო.
- როგორ ფიქრობთ, რა არის მარიამ ბოლქვაძის ძლიერი და სუსტი მხარეები?
- ძლიერი მხარე მებრძოლი ხასიათია, მომწონს ჩემი მიდგომა, სისუსტე ფიზიკურად სიძლიერეა, ტრამვები ხშირად მაწუხებს და ვაპირებ ეს პერიოდი ფიტნეს მომზადებას დავუთმო.
- თქვენთვის კარიერის განმავლობაში ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი რომელია?
- ყველა ის თამაში, რომელიც ამ ტურნირზე იყო დასამახსოვრებელია, მგონია, რომ ყოველთვის მემახსოვრება, რაც უნდა ბევრს მივაღწიო, პირველი წარმატება მაინც სულ გახსოვს.
- უახლოესი გეგმები და მიზნები?
- ჯერჯერობით ერთი კვირა უცხოეთში დავისვენე, ახლა საქართველოში ვარ ეს კვირა აქაც ვისვენებ, შემდეგ ვარჯიშებს ვიწყებ და დაახლოებით ერთ თვეში ტურნირებზე წავალ.
- რა არის ის, რაც ჩვენმა მკითხველმა თქვენს შესახებ ჯერ კიდევ არ იცის...
- ბევრი რამაა რაც ჩემზე მკითხველმა არ იცის, ვფიქრობ ეს ცუდი არაა (იღიმის).
- ამერიკის ღია პირველობამდე იყო სხვა ტურნირებიც, სადაც იღებდით მონაწილეობას, რომელს გამოარჩევდით?
- ზოგადად ტურნირების გამორჩევა არ მიყვარს ერთმანეთისგან, ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია და ყველას თავისი პლიუსები და მინუსები აქვს, ზოგადად მომწონს ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ქვეყნებშია ტურნირები ეს მოგზაურობის საშუალებას მაძლევს და სხვადასხვა ერის ხალხთან კომუნიკაციას მასწავლის.
- რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდით, 2019 წლის ბოლომდე თუ გეგმავ შედეგის გაუმჯობესებას?
- რეიტინგში თითქმის 50 პოზიციით დავწინაურდი, 156 გავხდი ახალი რეიტინგით, რა თქმა უნდა, ვეცდები გაუმჯობესებას წლის ბოლომდე, მაგრამ პირველი პრიორიტეტი ჯანმრთელობა და თამაშის გაუმჯობესებაა, რეიტინგზე ზედმეტად ყურადღების გამახვილება არ მიყვარს.