ფეხბურთი

20:40 | 9.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივის" გენერალური დირექტორი: "კვარაცხელიას ამბავი მტკივნეული, მაგრამ საჭირო გაკვეთილია"

მოსკოვის „ლოკომოტივის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან Championat-ს განუცხადა, ეს მტკივნეული, მაგრამ საჭირო და კარგი გაკვეთილი იყო.

კიკნაძე მიიჩნევს, რომ ფეხბურთელთან და მის აგენტთან შეთანხმებულნი იყვნენ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

„ხვიჩა კარგად იყო გუნდში, ამაში ეჭვი არასდროს შემპარვია. ვერ ვიტყვი, რომ მის მიერ ჩატარებულმა შვიდმა მატჩმა ცალსახად ჩამოაყალიბა აზრი, რომ გუნდის მომავალი იყო და ეს საკმარისი არ ყოფილა მისთვის გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებაზე. ჩვენ შევთავაზეთ 1+3-წლიანი ხელშეკრულება. ჩემი პრეტენზია აგენტთან ისაა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი თვით ადრე შევუთანხდით, რომ ხვიჩა „ლოკომოტივში“ დარჩებოდა.

ჩვენ ამ ტრანსფერზე არ ვჩქარობდით, თუმცა აუცილებელი იყო, რომ „რუსთავთან“ მოლაპარაკებები სწრაფად გვეწარმოებინა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამი დღით ადრე კი „რუბინი“ გამოჩნდა. შედეგად, მივიღეთ წინადადება, რომელიც არ შეესაბამებოდა იმას, რაზეც მანამდე შევთანხმდით.

ეს ჩვენთვის მტკივნეული, მაგრამ კარგი გაკვეთილია. გულწრფელად ვუსურვებ კვარაცხელიას წარმატებას და იმედი მაქვს, ასეც იქნება. ცხოვრება გვაჩვენებს სწორი ნაბიჯი გადადგა თუ არა“, - თქვა კიკნაძემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია გასულ ზაფხულს ყაზანის „რუბინში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, თუმცა, მანამდე მოსკოვის „ლოკომოტივში“ მისი ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო და ამიტომაც, აღნიშნულ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა.

0.126562