ჩოგბურთი

15:15 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეესკუ: "პირველივე გეიმში სერენას დაბრეიკება ძალიან გამიხარდა "

ამერიკის ღია პირველობის ფინალში 19 წლის კანადელმა ბიანკა ვანესა ანდრეესკუმ სერენა უილიამსის 6:3, 7:5(VIDEO) დამარცხების შემდეგ პრეკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითვებს უპასუხა.



- ბიანკა, რას გრძნობდი, როდესაც მეორე სეტში სერენამ მოახერხა 5:1-დან 5:5 გაეხადა ანგარიში?
- ეჭვები გამიჩნდა, რადგან მინახავს, როდესაც სერენა 5:0-დან, 5:1-დან, 5:2-დან დაბრუნებულა თამაშში. მე უბრალოდ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ჩემს ტაქტიკას მივყოლოდი. მან თამაში ბევრად უკეთესად დაიწყო და ვფიქრობ, ამაში ხალხიც დაეხმარა.
- მთელი ტურნირის განმავლობაში კორტზე თავს აკონტროლებდი, მაგრამ ფინალის წინ ნერვიულობდი? მოთამაშეები ხშირად ამბობენ, რომ ყველა თამაშს ერთნაირად უყურებენ, მაგრამ ფინალში მაინც სხვა გარემოა. რამდენად მნიშვნელოვანი იყო პირველივე გეიმში სერენას დაბრეიკება?
- თამაშამდე ბევრ რამეს ვგრძნობდი, რადგან ფინალში ვიყავი და თან სერენას ვეთამაშებოდი. მთელი თამაშის განმავლობაში ვცდილობდი ნერვები გამეკონტროლებინა. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ვფიქრობ, ამას საუკეთესოდ ვაკეთებდი მთელი წლის განმავლობაში. ძალიან გამიხარდა პირველივე გეიმში რომ მოვახერხე სერენას დაბრეიკება.
- გასული წლის ქალთა ფინალს თუ უყურე და რას იტყვი იმაზე რაც მოხდა?
- ზუსტად არ მახსოვს რა მოხდა. ვფიქრობ, არ მინახავს შარშანდელი ფინალი. მხოლოდ საუკეთესო მომენტები ვნახე დღეს დილას. ვიცი, რომ ნაომიმ კარგი თამაში აჩვენა და ვეცადე რომ მაგ დონეზე მეთამაშა.
- რა მსგავსებას ხედავ შენი თამაშისა და სერენას თამაშის სტილს შორის?
- ვფიქრობ, მსგავსება ისაა, რომ ჩვენი აგრესიული თამაშის სტილით გათამაშებების შემოკლება მოგვწონს. ასევე მოგვწონს ჩაწოდების უპირატესობად გამოყენება. თუმცა, მე მინდა რომ ჩემი სახელი დავიმკვიდრო, რადგან ჩემი სტილი ბევრი მოთამაშისგან განსხვავდება.
- ბიანკა, შენი თქვი, რომ გინდა ახალგაზრდები შთააგონო კანადაში. კანადელები აღნიშნავენ შენს გამარჯვებას, რადგან ისტორია დაწერე. რას ნიშნავს ეს შენთვის?
- დიახ, ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, რომ ჩემი მიზანია ახალგაზრდები შთავაგონო, განსაკუთრებით კანადელი სპორტსმენები. ვფიქრობ, ამ გამარჯვებით მოვახერხებ ამას.
- ბევრი ტრავმა გქონია. რას ეტყვი იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს ვისაც იგივე პრობლემა აწუხებთ?
- ადამიანს ცხოვრებაში ყოველთვის აღმასვლა არ გექნება. სირთულეები აძლიერებს და აყალიბებს ადამიანის ხასიათს. უბრალოდ უნდა გახსოვდეს, რომ იბრძოლო შენი ოცნებებისთვის.
- რომელი კანადელი სპორტსმენი ან კანადური გუნდი ყოფილა შენთვის შთაგონების წყარო?
- ძალიან ბევრი, მათ შორის სტივ ნეში.
- როგორც ვიცით, წარმოშობით რუმინეთიდან ხარ. რთული იყო შენთვის კანადაში გაზრდა?
- კანადა გასაოცარი მულტიკულტურული ქვეყანაა. არანაირი პრობლემა არ მქონია იმის გამო, რომ წარმოშობით რუმინელი ვარ. ამიტომ მიყვარს ჩემი ქვეყანა ძალიან.

0.146045