ფეხბურთი

1:32 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სომეხი ფეხბურთელი ლეონარდო ბონუჩის: "სამარცხვინო საქციელია, ჩვენთან წაგების გეშინოდა?"

სომხეთის ნაკრების თავდამსხმელმა ალექსანდრ კარაპეტიანმა იტალიის ნაკრების კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი სიმულაციაში დაადანაშაულა და მის საქციელს სამარცხვინო უწოდა. ინციდენტი პირველი ტაიმის მიწურულს მოხდა, გერმანელმა მსაჯმა მასპინძელთა ფორვარდს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა.

მოედნის ცენტრში კარაპეტიანისა და ლეონარდო ბონუჩის ორთაბრძოლა შედგა, რის შემდგომაც მსაჯმა ჩათვალა, რომ სომეხმა შემტევმა იტალიელს სახეში იდაყვი უთავაზა. ვინაიდან 31 წლის ფეხბურთელს მანამდე ერთი ყვითელი ბარათი მიღებული ჰქონდა და მეორე გაფრთხილება ავტომატურად წითელ ბარათში გარდაისახა. თუმცა კი, ბონუჩის მხრიდან ადგილი სიმულაციას ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის საყაიმო ანგარიში იყო (1:1) და სომხეთის ნაკრების რიგებში სწორედ კარაპეტიანი გახლდათ გოლის ავტორი.

სომეხმა ფეხბურთელმა ინსტაგრამში ბონუჩის შეტყობინება გაუზავნა და უთხრა, რომ მისი საქციელი სამარცხვინო იყო.

„ღრმა პატივს ვცემ რასაც კარიერაში მიაღწიეთ, მაგრამ რაც გააკეთეთ, სამარცხვინოა“, - დაწერა კარაპეტიანმა.

გარდა ამისა, კომენტარი მედიასთანაც გააკეთა:

„წარმოუდგენელია რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ასეთ რამეს აკეთებს. მე აგრესიულად ვთამაშობდი და პირველი ყვითელი ბარათი დავიმსახურე, მაგრამ როდესაც მეორე გაფრთხილების მომენტი ტელევიზორშიც ვნახე, გამოჩნდა, რომ ბონუჩის არც კი შევხებივარ.

თუ მივწერე ბონუჩის? დიახ და ვკითხე: რატომ გააკეთე ეს? მინდა გავიგო, რატომ მიმართე სიმულაციას ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენთან წაგების გეშინოდა?

მას შემდეგ, რაც გოლი გავიტანე, მაისურის გაცვლა ვთხოვე. ალბათ მან იფიქრა, რომ პროვოკაციული თხოვნა იყო, მაგრამ მე მართლაც მინდოდა მისი მაისური. მას ბოდიში არ მოუხდია ჩემთვის, სამაგიეროდ, „იუვენტუსის“ ბევრმა გულშემატკივარმა მომწერა ინსტაგრამში და ბოდიში მომიხადეს", - თქვა კარაპეტიანმა.

იტალიის ნაკრებმა ერევანში სომხეთი 3:1 დაამარცხა და ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში 5 გამარჯვებით ლიდერია. ბარემ ვთქვათ, რომ ალექსანდრ კარაპეტიანი, რომელიც ამჟამად "სოჭის" ღირსებას იცავს, თბილისში გახლავთ დაბადებული.

0.113444