ჩოგბურთი

10:51 | 4.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსმა ამერიკის ღია პირველობაზე მე-100 გამარჯვება მოიპოვა

„დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის მომგებმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა, ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში ჩინელი ვან ციანი 6:1, 6:0 გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრა მხოლოდ 44 წუთს გაგრძელდა. ეს ყველაზე მოკლედროიანი ქალთა მატჩია წლევანდელი სეზონის „სლემებზე.“ მანამდე, მადრიდში, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა ამავე დროში სძლია სლოვაკ ვიქტორია კუჟმოვას.

სერენასთვის ეს მე-100 გამარჯვება გახლდათ US Open-ზე. მასზე მეტად, ნიუ იორკში მხოლოდ კრის ევერტს უმარჯვია (101). თუ უილიამსი ტურნირს მოიგებს, ლეგენდარული თანამემამულის რეკორდს გააუმჯობესებს.

სერენა „დიდი სლემის“ ნახევარფინალში კარიერაში 38-ჯერ გავიდა და შტეფი გრაფს გადაუსწრო. მეტჯერ ამ ეტაპზე მხოლოდ მარტინა ნავრატილოვა (44) და ევერტი (52) ყოფილან.

ტურნირზე მერვე ნომრად განთესილი სერენა, ნახევარფინალში უკრაინელ ელინა სვიტოლინას შეხვდება, რომელმაც, თავის მხრივ, მეოთხედფინალში ბრიტანელ იოჰანა კონტას 6:4, 6:4 სძლია.

0.10793