დანიის ეროვნული ნაკრები თბილისში სავარაუდოდ მთავარი მწვრთნელის, ოგე ჰარეიდეს გარეშე ჩამოვა. ნორვეგიელმა სპეციალისტმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ჯერჯერობით ბოლომდე გამოჯანმრთელებული არაა.
ექიმებმა მას გიბრალტარში წასვლის უფლება არ მისცეს, სადაც დანია ხუთშაბათს ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩს ჩაატარებს. მორტენ ბოსენის განცხადებით, მუხლზე ინფექცია ჯერ კიდევ არსებობს და ჰარეიდემ უნდა დაისვენოს.
„ოგე უკეთაა, მაგრამ მულხზე ინფექცია კვლავ არსებობს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის გიბრალტარში არ უნდა გამგზავრებულიყო და ჯობდა დაესვენა“, - ციტირებს ექიმის სიტყვებს დანიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი.
ჯერჯერობით ზუსტად ცნობილი არაა, შეძლებს თუ არა სკანდინავიელი თბილისში გუნდის ხელმძღვანელობას. თავად კი ამის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ესმის, რომ ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია:
„ერთი სული მქონდა ფეხბურთელებთან ერთად ამ მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მემუშავა, მაგრამ ექიმების რეკომენდაციას უნდა მივყვე, რადგან მალე გამოჯანმრთელება საჭიროა. იონ დალთან მუდმივ კონტაქტზე ვარ და ვიცი, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ“, - აღნიშნა ჰარეიდემ.
დანიის ნაკრებს გირბალტარში იონ დალ ტომასონი უხელმძღვანელებს, ხოლო ჰარეიდეს საკითხი სწორედ ამ მატჩის შემდეგ გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და დანიის ნაკრებთა შეხვედრა თბილისში, 8 სექტემბერს გაიმართება.