ისტორია

10:23 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

3 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1976. თბილისის “დინამომ” საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალში ერევნის “არარატს” 3:0 მოუგო და საპატიო პრიზს პირველად დაეუფლა (მანამდე დინამოელებმა ზედიზედ ხუთ ფინალში მარცხის სიმწარე იწვნიეს). გოლები ყიფიანმა, კანთელაძემ (პენალტი) და ჩელებაძემ გაიტანეს. მატჩი მოსკოვის “ლუჟნიკის” სტადიონზე ჩატარდა და მას 60 ათასი მაყურებელი დაესწრო. “დინამო”: დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ზორბეგ ებრალიძე, ალექსანდრე ჩივაძე, მანუჩარ მაჩაიძე (გუნდის კაპიტანი), ვახტანგ კოპალეიშვილი, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი (ზურაბ წერეთელი), რევაზ ჩელებაძე. მათ გარდა იმ წელს სათასო შეხვედრებში ვიტალი დარასელიამ, დავით მუჯირმა, ვახტანგ ჭელიძემ (გუნდის კაპიტანი), რევაზ ძოძუაშვილმა და გოჩა მაჩაიძემ იასპარეზეს. სათადარიგო მეკარე კი მალხაზ გაგოშიძე იყო. ფინალისკენ მიმავალ გზაზე დინამოელებმა ზაპოროჟიეს “მეტალურგი,” ლენინგრადის “ზენიტი,” ლვოვის “კარპატი” და დონეცკის “შახტიორი” დაამარცხეს. 1976 წლის სათასო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ხუთი გატანილი გოლით დავით ყიფიანი გახდა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1881. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის პირველი ჩემპიონი რიჩარდ სიარსი გახდა, რომელმაც ფინალში უილიამ გლინი 6:0, 6:3, 6:2 დაამარცხა.

1891. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ოლივერ კემპბელმა კრის ჰობარტი 2:6, 7:5, 7:9, 6:1, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით მეთერთმეტე ჩემპიონი გახდა.

1895. პროფესიონალურ ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში პირველი მატჩი ჩატარდა.

1904. აშშ-ის ქალაქ სენტ-ლუისში საზეიმოდ დაიხურა თანამედროვეობის მესამე ოლიმპიური თამაშები. მასში მონაწილეობა 13 ქვეყნის 689 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი აშშ-ის ნაკრებმა დაიკავა (78 ოქრო, 84 ვერცხლი, 82 ბრინჯაო). მეორე საფეხურზე გერმანელი ათლეტები აღმოჩნდნენ (4, 4, 4), მესამეზე კი, კანადელი სპორტსმენები გავიდნენ (4, 1, 1).

1908. ინგლისური “გრიმსბი თაუნიდან” “ნიუკასლ იუნაიტედში” გადასულმა ცენტრფორვარდმა ბობ ბლენტმორმა “სენტ ჯეიმს პარკელთა” რიგებში პირველივე მატჩის მეათე წუთზე ფეხი მოიტეხა და მას შემდეგ “ჯორდებში” აღარ უთამაშია. ტრავმის მორჩენის შემდეგ ბლენტმორი “ჰართლპულში” გადავიდა.

1911. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში უილიამ ლარნედმა მორის მაკლუგინი 6:4, 6:4, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 31-ე ჩემპიონი გახდა.

1917. ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “უტრეხტი.”

1918. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ფინალში მიურეიმ ტილდენი 6:3, 6:1, 7:5 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 38-ე გამარჯვებული გახდა.

1921. დევისის თასის მე-16 გათამაშების ფინალში აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა იაპონიის ნაკრებს 5:0 მოუგო. მატჩი ნიუ იორკში ჩატარდა.

1925. ხელბურთში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩატარდა.

1938. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 1940 წლის თამაშების ჩატარება ტოკიოს ნაცვლად ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გადაწყვიტა. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის გამო, ეს ოლიმპიადა არ შედგა, ჰელსინკმა კი, თამაშებს 1952 წელს უმასპინძლა.

1944. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში პატრისია ბეტცმა მარგარეტ დიუპონი 6:3, 8:6, დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 58-ე ჩემპიონი გახდა.

1945. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ფრენკ პარკერმა უილიამ ტელბორტი 14:12, 6:1, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 65-ე ჩემპიონი გახდა.

1950. იტალიის ქალაქ მონცაში ფორმულა-1-ის პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო ეტაპი მასპინძელმა ნინო ფარინომ მოიგო, საერთო ჩათვლაში კი ჩემპიონობა არგენტინელმა პილოტმა ხუან ფანხიომ მოიპოვა.

1950. არგენტინაში გაიხსნა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი “ესტადიო ხუან დომინგო პერონი”. გულშემატკივრებმა არენას “ცილინდრი” შეარქვეს. სტადიონის ტრიბუნები იმხანად 70 ათას მაყურებელს იტევდა, სადღეისოდ კი მისი ტევადობა 64 161-ია. ეს არენა “რასინგის” საშინაო ასპარეზია.

1960. გამოვლინდა ფეხბურთში საკონტინენტთაშორისო თასის პირველი მფლობელი. ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელმა მადრიდის “რეალმა” იმ დროისთვის სამხრეთ ამერიკის უძლიერესი გუნდი, ლიბერტადორესის თასის მფლობელი, ურუგვაის მონტევიდეოს “პენიაროლი” ორი მატჩის ჯამში დაამარცხა (0:0, 5:1). ურუგვაიში პირველი მატჩი 3 ივლისს 0:0 დასრულდა.

1974. დიდი სპორტიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე ოსკარ რობერტსონმა.

1976. თბილისის “დინამომ” საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალში ერევნის “არარატს” 3:0 მოუგო და საპატიო პრიზს პირველად დაეუფლა (მანამდე დინამოელებმა ზედიზედ ხუთ ფინალში მარცხის სიმწარე იწვნიეს). გოლები ყიფიანმა, კანთელაძემ (პენალტი) და ჩელებაძემ გაიტანეს. მატჩი მოსკოვის “ლუჟნიკის” სტადიონზე ჩატარდა და მას 60 ათასი მაყურებელი დაესწრო. “დინამო”: დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ზორბეგ ებრალიძე, ალექსანდრე ჩივაძე, მანუჩარ მაჩაიძე (გუნდის კაპიტანი), ვახტანგ კოპალეიშვილი, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი (ზურაბ წერეთელი), რევაზ ჩელებაძე. მათ გარდა იმ წელს სათასო შეხვედრებში ვიტალი დარასელიამ, დავით მუჯირმა, ვახტანგ ჭელიძემ (გუნდის კაპიტანი), რევაზ ძოძუაშვილმა და გოჩა მაჩაიძემ იასპარეზეს. სათადარიგო მეკარე კი მალხაზ გაგოშიძე იყო. ფინალისკენ მიმავალ გზაზე დინამოელებმა ზაპოროჟიეს “მეტალურგი,” ლენინგრადის “ზენიტი,” ლვოვის “კარპატი” და დონეცკის “შახტიორი” დაამარცხეს. 1976 წლის სათასო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ხუთი გატანილი გოლით დავით ყიფიანი გახდა.

1989. კრის ევერტმა ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში 15 წლის სერბი მონიკა სელეში დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 101-ე გამარჯვებული გახდა. ეს კრის ევერტის ბოლო ტიტული აღმოჩნდა.

2004. ჰოკეიში მსოფლიოს თასის გათამაშების მატჩებში აშშ-ის ნაკრებმა სლოვაკეთს 3:1 მოუგო, ხოლო ჩეხეთმა გერმანია 7:2 დაამარცხა.

2005. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი B დივიზიონის მეორე წრის პირველ მატჩში ჰელსინკში ფინეთის ნაკრებთან წააგო (87:79). იმხანად ჩვენს გუნდს კანადელი გორდონ ჰერბერტი წვრთნიდა.

2006. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი B დივიზიონის მატჩში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ლუქსემბურგის ნაკრები დაამარცხა (86:44).

2006. გვატემალაში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, გიგლა მაქიაშვილმა (60 კგ) და დავით მოძმანაშვილმა (96 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

2006. იაპონიის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში პაუ გასოლის გარეშე მოთამაშე ესპანეთმა საბერძნეთს 70:47 მოუგო.

2006. ლონდონის “ემირეიტსის” სტადიონზე ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინას 3:0 მოუგო.

2007. საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველმა, ვინსენ კანდელამ კარიერა დაასრულა.

2010. სტამბოლში მიმდინარე ფიბას კონგრესზე გადაწყდა, რომ ევროპის 2011 წლის საკალათბურთო ჩემპიონატზე 24 გუნდი იასპარეზებდა. ლიტვის ტურნირზე მონაწილეობის უფლება საქართველოს ეროვნულმა გუნდმაც მოიპოვა.

2010. ევროპის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის საწყის მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ათენში დაუზავდა. ქართველთაგან გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა.

2011. ლიტვაში მიმდინარე ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველოს ნაკრები კლაიპედაში სლოვენიასთან 75:87 დამარცხდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1875. ფერდინანდ პორშე. გერმანელი სამანქანო ინჟინერი (“პორშე,” “ფოლკსვაგენი”). შექმნილი აქვს სპორტული მანქანებიც.

1931. დიკ მოტა. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მწვრთნელი. მოტას ხელმძღვანელობით NBA-ის კლუბებმა რეგულარული ჩემპიონატის 856 შეხვედრა მოიგეს.

1940. ბრაიან ლოშერი. ახალზელანდიელი რაგბისტი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე.

1947. ჟერარ ულიე. ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას იყო ნახევარმცველი და გამოდიოდა საფრანგეთის მეორე ლიგის გუნდებში. წვრთნიდა “ლანსს”, პსჟ-ს, საფრანგეთის ნაკრებს (1992-93), “ლივერპულს”, “ლიონს”. საფრანგეთის სამგზის ჩემპიონი. “ლივერპულს” უეფას, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასები, ევროპის და ინგლისის სუპერთასები მოაგებინა.

1948. რონალდ ჰარისი. ამერიკელი მოკრივე. მსუბუქ წონით კატეგორიაში 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1949. ხოსე ნესტორ პეკერმანი. არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ამპლუით ნახევარმცველი გამოდიოდა “არგენტინოს ხუნიორსში” (1970-74), კოლუმბიის “ინდეპენდიენტე მედელინში” (1974). არგენტინის ჩემპიონატში ჩაატარა 235 მატჩი, გაიტანა 27 გოლი.წვრთნიდა “არგენტინოს ხუნიორსის” ახალგაზრდულ გუნდს (1982-89), ჩილეს “კოლო კოლოს” (1992-94), არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებს (1994-2001), არგენტინის ეროვნულ გუნდს (2004-06), მექსიკის “ტოლუკას” (2007-08). 1995, 1997 და 2001 წლებში არგენტინის 20 წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახადა, 1997 და 1999 წლებში კი სამხრეთ ამერიკის პირველობა მოაგებინა. 2014 წლის მუნდიანლზე წვრთნიდა კოლუმბიის ნაკრებს.

1954. იააკ უუდმიაე. ესტონელი მძლეოსანი. სამმაგ ხტომაში მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. იმ თამაშებზე ვერცხლის მედალი სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვიქტორ სანეევმა მოიპოვა.

1956. ჰანს-გეორგ ბაიერი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელბურთელი. მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1971. გლენ ჰაუსმანი. ავსტრალიელი მოცურავე. ბარსელონას 1992 და ატლანტას 1996 წლების ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლების მფლობელი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1994. ბილი რაიტი. ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი. გარდაიცვალა 70 წლის ასაკში.

0.152207