ფეხბურთი

4:21 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე - ყველა მნიშვნელოვანი ტრანსფერი ერთად

2019 წლის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა. ტრადიციულად, ბოლო დღე განსაკუთრებით დატვირთულია და გუნდები შემადგენლობის გაძლიერების უკანასკნელ შანსს აქტიურად იყენებენ.

ამჯერადაც ასე იყო და ევროპის მასშტაბით არაერთი საინტერესო გარიგება გაოფიციალურდა. ყველაზე დიდი რეზონანსი რა თქმა უნდა, მაურო იკარდის „ინტერიდან“ „პარი სენ ჟერმენში“ გადაბარგებას მოჰყვა.

იყო ორი ქართული გადაადგილებაც: ლევან შენგელია თურქულ „ქონიასფორს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა 2+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო „გენტმა“ გიორგი ბერიძე ბელგიის ქვედალიგელ „ლოკერენში“ გაანათხოვრა.

რაც შეეხება ევროპის მასშტაბით განხორციელებულ ბოლო გარიგებებს, ერთიანობაში მოვუყარეთ თავი და 2019 წლის 2 სექტემბრის სატრანსფერო სიახლეებიც ასეთი გამოვიდა:

„სელტიკი“

გლაზგოს „სელტიკმა“ „მანჩესტერ სიტიდან“ ჯერემი ფრიმპონგი დაიმატა და 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

გარდა ამისა, გლაზგოელებმა „კილმარნოკიდან“ გრეგ ტეილორი გადაიბირა და მასაც ოთხწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

„ბაშაკშეჰირი“

მარტინ შკრტელმა ბერგამოს „ატალანტას“ სამი კვირის წინ გაფორმებული კონტრაქტი გაწყვიტა და სტამბოლის „ბაშაკშეჰირში“ გადავიდა. სლოვაკი თურქეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა.

„პარი სენ ჟერმენი“

ფრანგულმა გუნდმა მილანის „ინტერიდან“ მაურო იკარდი იჯარით გადაიბირა. პარიზელებს მისი გამოსყიდვა კი მომავალ ზაფხულს 70 მილიონ ევროდ შეეძლება.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე პარიზელებისთვის აქტივობით გამოირჩა, რადგა იკარდის გარდა, „რეალიდან“ კეილორ ნავასი დაიმატეს და 4-წლიანი კონტრაქტიც გაუფორმეს.

„უდინეზე“

ინგლისური „უოტფორდის“ თავდამსხმელი სტეფანო ოკაკა სამშობლოში დაბრუნდა და კონტრაქტი „უდინეზესთან“ გააფორმა.

„ხეტაფე“

ლონდონის „ჩელსიმ“ ბრაზილიელი მცველი კენედი ესპანურ „ხეტაფეში“ სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.

„გალათასარაი“

ინგლისური „საუთჰემპტონის“ ნახევარმცველი მარიო ლემინა სტამბოლის „გალათასარაიში“ გადავიდა. მხარეებს შორის საიჯარო კონტრაქტი გაფორმდა.

„ლომებმა“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „ბრაიტონის“ რუმინელი თავდამსხმელის, ფლორიან ანდონეს იჯარაც დაადასტურეს.

„გალათასარაისთვის“ ბოლო დღე მეტად აქტიური აღმოჩნდა. თურქულმა გრანდმა „მონაკოდან“ რადამელ ფალკაოს ტრანსფერიც ოფიციალურად დაადასტურა და კოლუმბიელს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა სეზონში 5 მილიონი ევროს ანაზღაურებით.

„ფიორენტინა“

ფლორენციის „ფიორენტინამ“ „ლივერპულიდან“ 2 მილიონ გირვანქა სტერლინგად იმედის მომცემი ფეხბურთელი ბობი დანკანი დაიმატა.

ფლორენციელებმა „ფლუმინენსედან“ 22 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი პედრო იყიდეს. ოპერაციის ღირებულებამ 13 მილიონი ევრო შეადგინა.

„იებისთვის“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე ამით არ დასრულებულა. „ფიორენტინამ“ „ლესტერიდან“ რაშიდ გეძალი ინათხოვრა, რომლის ღირებულებამ 300 ათასი ევრო შეადგინა, ხოლო მისი გამოსყიდვა 9.7 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

„მილანი“

იტალიურმა კლუბმა „მილანმა“ სატრანსფერო პერიოდი ფრანკფურტის „აინტრახტთან“ გარიგებით დაასრულა და ორწლიანი იჯარით ხორვატი ანტე რებიჩი გაიფორმა.

„რომა“

„რომამ“ ლონდონის „არსენალიდან“ ჰენრიხ მხითარიანი ინათხოვრა. ამასთან, მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი ნიკოლა კალინიჩიც დაიმატა.

„ანტვერპენი“

ინგლისური „საუთჰემპტონის“ ჰოლანდიელი მცველი ვესლი ჰუდტი სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.

„სელტა“

კატალონიის „ბარსელონამ“ რაფინია ვიგოს „სელტაში“ გაანათხოვრა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურებოდა და ამიტომ, იჯარამდე კატალონელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. რაფინია „სელტაში“ 2013-2014 წლების სეზონშიც თამაშობდა.

„რეალი“

მადრიდის „რეალმა“ პსჟ-ში გასხვისებული კეილორ ნავასის სანაცვლოდ ალფონს არეოლა მიიღო ერთწლიანი იჯარით, თუმცა გამოსყიდვის უფლების გარეშე.

„ყარაბაღი“

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასულმა „ყარაბაღმა“ შემადგენლობა სწორედ ამ ტურნირისთვის გააძლიერა და ინგლისური „ბორნმუთიდან“ იჯარით გამოცდილი ბოსნიელი მეკარე ასმირ ბეგოვიჩი დაიმატა. მხარეებმა კონტრაქტი იანვრამდე გააფორმეს.

„იუვენტუსი“

ტურინის „იუვენტუსმა“ სატრანსფერო მოღვაწეობა 2019 წელს „კალიარიდან“ 20 წლის ჩრდილოეთ კორეელი კვან-სონ ჰანის გადაბირებით დაასრულა. თუმცა, აზიელი „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდში ითამაშებს და მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

„ატალანტა“

ბერგამოს „ატალანტამ“ მარტინ შკრტელს კონტრაქტი გაუწყვიტა, მის შემცვლელად კი „სევილიადან“ იჯარით დანიის ნაკრების კაპიტანი სიმონ კიაერი გადაიბირა.

„მალიორკა“

ლონდონის „ჩელსიმ“ ბაბა რაჰმანი ესპანურ „მალიორკაში“ სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.

კუნძულელებმა ლონდონის „ფულჰემიდან“ გამოცდილი მეკარე ფაბრისიო, იგივე ფაბრიც დაიმატეს.

„ალმერია“

ესპანურმა „ალმერიამ“ „ნოტინგემ ფორესტიდან“18 წლის ფორვარდი არვინ აპია 8 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიფორმა.

„რეინჯერსი“

გლაზგოს „რეინჯერსმა“ „ლივერპულიდან“ 22 წლის ფეხბურთელი რაიან კენტი დაიმატა. ტრანსფერის ღირებულებამ 7 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

„სასუოლო“

იტალიურმა „სასუოლომ“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დაცვის ცენტრის გაძლიერებაზე იზრუნა და ერთბაშად ორი ცენტრალური მცველი დაიმატა. „ნაპოლიდან“ იჯარით რუმინელი ვლად კირიკეში და „კალიარიდან“ ასევე იჯარით ფილიპო რომანია.

„სევილია“

ლონდონის „ვესტ ჰემის“ აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი ესპანეთში დაბრუნდა და „სევილიასთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ანდალუზიელებმა „ჟირონადან“ მეკარე ბონო გამოსყიდვის უფლებით ინათხოვრეს.

„პარმა“

იტალიურმა „პარმამ“ „მანჩესტერიდან“ მატეო დარმიანი 1.5 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

„ნაპოლი“

ნეაპოლურმა გუნდმა შეტევის ხაზი ფერნანდო ლორენტეთი გააძლიერა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 2-წლიანი კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„ფენერბახჩე“

სტამბოლის „ფენერბახჩემ“ მარსელის „ოლიმპიკიდან“ გამოცდილი ბრაზილიე ნახევარმცველი ლუის გუსტავო 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა.

„ლაიფციგი“

იტალიური „რომას“ თავდამსხმელი პატრიკ შიკი გერმანულ „ლაიფციგში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა.

„აინტრახტი“

„მილანთან“ გარიგების თანახმად, ფრანკფურტის „აინტრახტმა“ პორტუგალიელი ანდრე სილვა ორწლიანი იჯარით დაიმატა. სანაცვლოდ, როგორც უკვე ვთქვით, ანტე რებიჩი დათმო.

„სპორტინგი“

ლისაბონის „სპორტინგმა“ შემადგენლობა „პარი სენ ჟერმენის“ შემტევით, ხესე როდრიგესით გააძლიერა. ესპანელი პორტუგალიელების ღირსებას საიჯარო ხელშეკრულებით დაიცავს.

„რენი“

ფრანგული „რენის“ ბოლო შენაძენი 2019 წელს ლისაბონის „სპორტინგის“ შემტევი რაფინია აღმოჩნდა, რომლის ტრანსფერი ფრანგებს 22 მილიონი ევრო დაუჯდათ.

„სამპდორია“

გენუის „სამპდორიამ“ ბრაზილიელი ფეხბურთელი კაიკე როჩა „სანტოსიდან“ დაიმატა და კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.

გენუელებმა სანქტ-პეტერბურგის „ზენიტიდან“ არგენტინელი ემილიანო რიგონი გამოსყიდვის უფლებით ინათხოვრეს.

„გრანადა“

„რომას“ ფრანგი ნახევარმცველი მაქსიმ გონალონი კარიერას „გრანადაში“ გააგრძელებს. „ლიონის“ ექსკაპიტანი ესპანეთში 2020 წლის ზაფხულამდე იჯარით დარჩება.

„ტორინო“

„ტორინომ“ „ნაპოლიდან“ სიმონე ვერდი 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა და იტალიელი ტურინელთა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.

იმავე „ტორინომ“ „რიზესფორიდან“ ალბანელი მეკარე სამირ უიკანი დაიმატა.

„ლეჩე“

სერია A-ს ახალწვეულმა „ლეჩემ“ „სასუოლოდან“ ხუმა ბაბაკარი სეზონის ბოლომდე ინათხოვრა.

„ბრეშა“

კიდევ ერთმა იტალიურმა გუნდმა „ბრეშამ“, ასევე „სასუოლოდან“ გამოცდილი ფორვარდი ალესანდრო მატრი გადაიბირა, რომელსაც შეტევაში მარიო ბალოტელის შეუწყვილებენ.

გარდა ამისა, ლომბარდიელებმა „ჯენოადან“ ვეტერანი ბრაზილიელი საყრდენი რომულოც დაიმატეს.

„შახტარი“

დონეცკის „შახტარმა“ გელზენკირხენის „შალკედან“ ევგენი კონოპლიანკა შეიძინა და უკრაინელი სამშობლოში დააბრუნდა. მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„ჰერენვენი“

ხორვატი ფეხბურთელი ალენ ჰალილოვიჩი იჯარით ჰოლანდიურ „ჰერენვენში“ გადაბარგდა.

„ვალენსია“

ესპანურმა „ვალენსიამ“ ლისაბონის „სპორტინგიდან“ ტიერი კორეია 12 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.

„ალავესი“

ესპანურმა „ალავესმა“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ არგენტინელი ლისანდორ მაგალანი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დაიმატა. სამხრეთ ამერიკელმა „მონაკოში“ რამდენიმე დღის წინ გადაბარგებული გილერმო მარიპანი უნდა შეცვალოს.

„ჰერტა“

ბერლინის „ჰერტამ“ შემადგენლობა დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელით, მარიუს ვოლფით გააძლიერა.

„კრასნოდარი“

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი ნახევარმცველი მანუელ ფერნანდეში „კრასნოდარში“ გადავიდა. პორტუგალიელი რუსებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

„ბრიუგე“

ბელგიურმა „ბრიუგემ“ შვეიცარიული „ბაზელის“ კოლუმბიელი ფეხბურთელი ედერ ბალანტა დაიმატა და კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

0.112504