სხვა

12:59 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა წავიდა, მამუკა დაბრუნდა!
კვირის შემაჯამებელი მიმოხილვა

WORLDSPORT.GE დღეიდან ყოველ ორშაბათს შემოგთავაზებთ გასული კვირის შემაჯამებელ მიმოხილვას. შევეცდებით ერთად გავიხსენოთ და გავაანალიზოთ ყველა ის წარმატება თუ იმედგაცრუება, რაც გასული კვირის განმავლობაში ქართული სპორტის მოყვარულთ გვქონდა.

ცხადია, არც უცხოურ სპორტს დავივიწყებთ. თუმცა, გასულ კვირას ქართულ სპორტში იმდენი საინტერესო ამბავი მოხდა, რომ ამჯერად უცხოური სპორტისთვის დელიკატური გვერდის ავლა მოგვიწევს.

შოტლანდიამ სარკეში ჩაგვახედა

გასული კვირის უმთავრესი სპორტული მოვლენა საქართველოსა და შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრებს შორის გამართული ტესტ-მატჩი იყო. ამ თამაშს საქართველოში დიდხანს ელოდნენ და თუნდაც იმის გამო, რომ 6 ერის მონაწილე გუნდების თბილისში ხილვით განებივრებული არ ვართ, ქომაგები სტადიონზე თუ ტელეეკრანებთან მიმსხდარნი დიდი იმედით განმსჭვალულიყვნენ, რომ 2016 წელს შოტლანდიაში განცდილი მარცხის შემდეგ მოხერხდებოდა „რევანშის“ თუნდაც ნაწილობრივ აღება, რაც ქულათა მცირე სხვაობით მარცხშიც შეიძლება გამოხატულიყო.

სამწუხაროდ, როგორც WORLDSPORT.GE-ს მიერ მკითხველისთვის შეთავაზებული ქვესათაურიდანაც ვნახეთ, შოტლანდიამ სარაგბო გაკვეთილი ჩაგვიტარა და დაგვანახა, რომ რაგბის მსოფლიო გრანდებთან თანასწორად საპაექროდ ჯერ კიდევ ბევრი შრომა, მომზადება და ოფლისღვრა გვჭირდება. სქოთებთან 10:44 მარცხით გამოწვეული გულისტკენის შერბილება ჩვენს მორაგბეებს ერთ კვირაში შეეძლებათ, როდესაც შოტლანდიელებს გასვლაზე კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან და ეს იქნება მილტონ ჰეიგისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ მსოფლიო თასის წინ ჩვენი ბიჭები სათანადოდ დაგეშოს.

დიდი კაცი ბრუნდება!

გასულ კვირას ჩვენი სარაგბო მნიშვნელოვანი ამბები შოტლანდიასთან თამაშით არ ამოწურულა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მისი გარჯითა და მეცადინეობით მოხერხდა ჩვენი ნაკრების ლეგენდარული მოთამაშის მამუკა გორგოძის დათანხმება იმაზე, რომ იგი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს მსოფლიოს თასზე კიდევ ერთხელ წარუძღვება.

მამუკა გორგოძე რომ ჩვენი რაგბისთვის რიგითი ფიგურა არაა, ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია და მსოფლიო თასზე მისი თუნდაც მხოლოდ ყოფნა დადებითად იმოქმედებს ჩვენს ბიჭებზე. ამას გარდა, ყველას მოგვენატრა ჩვენი ლეგენდარული მორაგბის ნაკრების მაისურში ცქერა. კაცის, რომელიც ყველას ბრძოლისა და შემართების მაგალითს აძლევდა!

წარმატება თუ იმედგაცრუება?

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა გასულ კვირას ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ზოგიერთი სპეციალისტის მიერ დადებით შედეგად შეფასდა. არადა, გვახსოვს ბევრად მეტი მედლით მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებული საქართველოს ნაკრები. ლუხუმ ჩხვიამიანი (ოქროს მედალი) და ლუკა მაისურაძე (ბრინჯაოს მედალი) ნამდვილად კარგი მებრძოლები არიან და ალალად იმსახურებენ დაფასებას, მაგრამ საქართველოს მთლიან გუნდს აშკარად მეტიც შეეძლო.

ქართველი ძიუდოისტების გამოსვლას საქართველოს უმაღლესი ხელისუფლებაც გამოეხმაურა და ცოტა გასაკვირიც კი იყო მათი ნაწილის აღფრთოვანება ორი მედლის მოპოვების გამო.

“ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია, ხოლო ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლით გაგვახარა! ვულოცავ ჩვენს ბიჭებს ამ დიდ გამარჯვებას! მადლობას ვუხდი თავდაუზოგავი შრომისა და ბრძოლისთვის პირადად მათ, ასევე, მწვრთნელებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენთვის ამ სიხარულის მონიჭებაში წვლილი შეიტანა. დღეს, ამაყია საქართველო, რომ მისი დროშით თქვენ ასპარეზობთ“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

სასიხარულოა, როდესაც ხელისუფლება ასე აფასებს ჩვენი სპორტსმენების გამოსვლას, მაგრამ როგორც დავით გურამიშვილი იტყოდა: “ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?!“

და ახლა ალბათ ის დროა, როდესაც წარმატების აღსანიშნავი ზეიმის ნაცვლად რამდენიმე ექსტრაკლასის ძიუდოისტის დაუგეგმავი მარცხის მიზეზები შევისწავლოთ და გავაანალიზოთ.

მარიამ ბოლქვაძემ ყველა აალაპარაკა


წინა კვირა ნამეტანი ცხელი იყო ჩოგბურთის მოყვარულთათვისაც. მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ს ღია პირველობის მე-2 წრეში მე-3 ნომრად განთესილ ჩეხ კაროლინა პლისკოვასთან 1:6, 4:6 წააგო, ალბათ არავის დასცდება აუგი ამ გოგონას მიმართ, რომელმაც როგორც იტყვიან, საკუთარ თავს აჯობა, ამერიკის ღია პირველობაზე ქალთა შორის ძირითად ბადეში ღირსეულად გააღწია და არც იქ შეურცხვენია თავი.

შეგახსენებთ, რომ დიდი მუზარადის ამ ტურნირს მარიამი რეიტინგში ორასეულს მიღმა შეხვდა, ტურნირის დასრულების შემდეგ კი, ბოლქვაძემ რეიტინგში 152-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეს გოგონა ჩვენი ქვეყნის სახელს შორს კიდევ ბევრჯერ გაიტანს და ჩვენს ყოველკვირეულ მიმოხილვაშიც არაერთხელ მოხვდება.

ბასილაშვილისგან მეტს ველოდით...

ნიკა უკვე იმდენად მივეჩვიეთ ბასილაშვილისგან წარმატებულ გამოსვლებს, რომ მისთვის აწდასრულებული ამერიკის ღია პირველობა ნიკასთვის წარუმატებლობად უნდა შეფასდეს.

27 წლის ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე მარტონ ფუჩოვიჩი იყო. უნგრელი ნიკოლოზისთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნევა და აქამდე გამართული 7 დაპირისპირებიდან 5 წაგებულიც ჰქონდა. თუმცა, ამჯერზე ჩვენებურს შეცდომა არ დაუშვია და მოახერხა მისი ბარიერის დაძლევა. ამისთვის დიდი ბრძოლა დასჭირდა. ბასილაშვილმა უმძიმეს ხუთსეტიან ჯახში 3:2 მოიგო - 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3.

შემდეგ მეტოქეს, რეიტინგში 394 ადგილზე მყოფ ამერიკელ მეჩოგნეს, ჯენსონ ბრუკსს ნიკამ ბევრისდა გასაკვირად დიდი წვალებით მოუგო და საბოლოო ჯამში მაინც მოახერხა ტურნირის მესამე ეტაპზე გასვლა, სადაც მას გერმანელი დომენის კოეპერი ელოდა. სამწუხაროდ, ქართველმა “ბუნდესქვეყნელს“ ვერაფერი მოუხერხა და მსოფლიოს 118-ე ჩოგანთან 2:42 სააათში 3:6, 6:7 (5:7), 6:4, 1:6 დამარცხდა.

კაპიტანი სპორტიდან წავიდა!

ნამდვილად არ ეგების იმის აღუნიშნაობა, რომ გასულ კვირას საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი ზაზა ფაჩულია დიდი კალათბურთიდან წავიდა. ეს ამბავი მსოფლიოს ზაზას ყოფილი გუნდის “გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ვებ-გვერდმა ამცნო და ისიც ცნობილი გახდა, რომ ზაზა ამ კლუბის კონსულტანტად დაინიშნა, რაც ვეტერანი სპორტსმენისთვის შესანიშნავი შეთავაზებაა.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” გადავიდა და ამერიკის საკალათბურთო საზოგადოებისათვის გასაკვირად არც ისე დიდ ხელფასზე დათანხმდა (თან ისე, რომ ფინანსურად ბევრად მაცდუნებელ წინადადებებზე თქვა უარი) მსოფლიოს არაერთი საკალათბურთო მიმომხილველი წერდა, რომ ზაზა ფაჩულია სპორტსმენთა იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა, რომელთათვისაც ფულზე მეტად მნიშვნელოვანი სპორტული კარიერა და ამ კარიერაში წარმატებების მოპოვებაა.

“გოლდენ სტეიტი” ცხადია ძალიან სერიოზული კლუბია და ჩემპიონობის შანსი ყველა იმ გუნდზე ბევრად მეტი ქონდა, სადაც ზაზას იქამდე უთამაშია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ესოდენ კონკურენციის პირობებში ზაზა ფაჩულიას წარმატების არანაირი გარანტია გააჩნდა. ნამდვილი სპორტსმენის გადაწყვეტილება შესანიშნავად დაფასდა და ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ – ჩვენი ნაკრების კაპიტანი უდიდესი ტურნირის ორგზის ჩემპიონი იყო! ეს ამბავი ჩვენს ქვეყანაში ალბათ თაობებს გადაეცემათ.

წარმატებული კვირა ქართველი ლეგიონერებისთვის

ბევრისდა გასაკვირად, გასული კვირა წარმატებული იყო ქართველი ფეხბურთელებისთვის. ჩვენი საფეხბურთო ნაკრები მომავალ კვირას საკმაოდ რთულ მეტოქეს, სამხრეთ კორეას ამხანაგურად შეხვდება და იქ მომხდარ ამბებზე მომავალ კვირას ვისაუბროთ. მანამდე კი გავიხსენოთ ჩვენი ლეგიონერების ამკვირისეული მონაგარი, რომელიც როგორც აღვნიშნეთ არცთუ ურიგო იყო.

პოლონეთის ჩემპიონატში გასულ კვირას პირველი გოლი გაიტანა გიორგი მერებაშვილმა. ქართველი ფეხბურთელის „ვისლამ“ „ლოძს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. იგივე პოლონეთის ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში გდინიას „არკამ“ პირველი გამარჯვება მოიპოვა და დავით სხირტლაძის გარეშე ეს არ მოხდებოდა. დავითის გუნდმა „გურნიკს“ უმასპინძლა და მეტოქე სწორედ მისი ერთადერთი გოლით დამარცხა.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ამხანაგური თამაში ჩაატარა „ეთნიკოსის“ წინააღმდეგ და 3:1 იმარჯვა. ამ თამაშში მეორე ტაიმში მინდორზე თორნიკე ოქრიაშვილი გამოჩნდა, რომელმაც 70-ე წუთზე გოლი გაიტანა, ორ წუთში კი რაიოსს საგოლე პასიც გაუკეთა.

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ალსვენსკანის 21-ე ტურში გოლის გატანა მოახერხა. ჩვენებურის „გიოტებორგმა“ „კალმარი“ საკუთარ მოედანზე 4:0 გაანადგურა და ქართველმა 61-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.
გასულ კვირას „ვენტსპილსის“ ქართველი მცველი გიორგი მჭედლიშვილი ლატვიის ჩემპიონატის 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ხოლო რუსეთში, „უფას“ მცველი ჯემალ ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. აქ დაგემშვიდობებით და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალი კვირა ქართული სპორტის მოყვარულებისთვის უფრო საინტერესო და რაც მთავარია წარმატებული იქნება. წარმატების გარეშე სპორტს აბა რა ფასი აქვს?!

0.114562