ფეხბურთი

21:42 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცხარე ჩრდილო ლონდონური დერბი

პრემიერლიგის მეოთხე ტური ცენტრალური დაპირისპირებით დასრულდა. ლონდონური დერბი „ემირეითსზე“, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყოლია.

„არსენალმა“ და „ტოტენჰემმა“ მაყურებელს ჩინებული 90 წუთი აჩუქეს, მაგრამ თავიანთ აქტივს ოდენ ქულა შემატეს. ამით კი კმაყოფილი უფრო უნაი ემერის გუნდი უნდა იყოს, რადგან ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და მეტიც შეეძლო, მაგრამ როგორია, დერბიში 0:2-დან თამაშის გადარჩენა?

„მამლებმა“, რომელთაც უკვე მიჯრით სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდათ, აქტიურად დაიწყეს და მე-10 წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. ბერნდ ლენომ ჰარი კეინის დარტყმა უხეიროდ ცხვირწინ მოიგერია და იქ კრისტიან ერიკსენი იყო ჩასაფრებული. დანიელმა პრემიერლიგაში 50-ე გოლი გაიტანა და თანამემამულეებს შორის მსგავსი მიღწევით თავს ვერავინ მოიწონებს.

ტაიმის ბოლოს გრანიტ ჯაკამ საჯარიმოში სონი მოცელა და პენალტი აშკარა იყო. კეინი კი უბადლოდ გაისარჯა 11 მეტრიდან, რამაც მაურისიო პოჩეტინოს გუნდს სერიოზული უპირატესობა მოუტანა. თუმცა, რად გინდა, 5 წუთში „არსენალი“ თამაშში დაბრუნდა. ნიკოლა პეპეს პასის შემდეგ ალექსანდრ ლაკაზეტმა ბრწყინვალედ ითამაშა საჯარიმოში და უგო ლორისის კარის ბადე ლამის გახვრიტა.

ბუნებრივია, გადაწყვეტილი არაფერი იყო და ემერის ბიჭები მეორე ტაიმში ანგარიშის გასათანაბრებლად გაიწევდნენ. ასეც მოხდა და 71-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლმა „მეთოფეებს“ ქულა გადაურჩინა. შედეგად, 2:2 და „არსენალის“ მე-7 ქულა მიმდინარე სეზონში. „ტოტენჰემს“ კი პირველი ტურის მერე არ მოუგია და ოდენ 5 ქულით იწონებს თავს.

იქამდე, სანამ ჩრდილო ლონდონურ დერბიში თრილერი შედგებოდა, არანაკლები ამბავი იყო „გუდისონ პარკზე“, სადაც „ევერტონმა“ „ვულვერჰემპტონი“ დაამარცხა. შეხვედრა გიჟური ტემპით დაიწყო და უკვე მე-12 წუთზე სამი გოლი იყო გასული. რიშარლისონის ზუსტ დარტყმას რომან საისმა უპასუხა, თუმცა, იქვე ალექს აივობიმ მერსისაიდელები მეორედ დააწინაურა. მერე თამაში ოდნავ დაწყნარდა, მაგრამ როგორც გამოჩნდა, გუნდებმა ძალები დასკვნითი ნაწილისთვის შემოინახეს. საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე რაულ ხიმენესმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა, მაგრამ დღეს რიშარლისონის დღე იყო, რომელმაც მე-80 წუთზე დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შედეგად სანაკრებო პაუზაზე „ევერტონი“ 7 ქულის მარაგით გავიდა, აი „ვულვზის“ აქტივში მხოლოდ 3 ქულაა და 4 ტურის თავზე „უოტფორდთან“ ერთად გამარჯვების გარეშეა დარჩენილი.

„ევერტონი“ – „ვულვზი“ 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 რიშარლისონი (5), 1:1 საისი (9), 2:1 აივობი (12), 2:2 ხიმენესი (75), 3:2 რიშარლისონი (80)

„არსენალი“ – „ტოტენჰემი“ 2:2 (1:2)

გოლები: 0:1 ერიკსენი (10), 0:2 კეინი (40, პენ), 1:1 ლაკაზეტი (45), 2:2 ობამეიანგი (71)

სტატისტიკა
0.32738