ბილბაოს „ატლეტიკის“ თავდამსხმელმა ინიაკი უილიამსმა ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ 25 წლის შემტევმა ლა ლიგაში ზედიზედ 122 თამაში ჩაატარა, რაც XXI საუკუნეში ლა ლიგისთვის საუკეთესო შედეგია.
ესპანელმა 2016-2017, 2017-2018, 2018-2019 წლების სეზონში უკლებლივ ყველა, 38-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა და წელსაც სამ ტურში მოედანზე იყო. იქამდეც, 2015-2016 წლების სეზონში ბოლო 5 ტურში ითამაშა და შედეგად, ჯამში მიჯრით 122 შეხვედრა დაუგროვდა.
აღსანიშნავია, რომ უილიამსმა ერთობ მნიშვნელოვანი მიღწევა აღნიშნა და ბასკურ დერბიში, „სოსიედადს“ გოლიც გაუტანა.