ტურინის „იუვენტუსმა“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი გამოაკლდა. როგორც იტალიის ჩემპიონის ვებგვერდი იტყობინება, 35 წლის ფეხბურთელმა დღევანდელ ვარჯიშზე მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები დაიზიანა და საოპერაციოა.
სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ იტალიელ ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდება და შესაძლოა 6 თვის განმავლობაში ვერ ითამაშოს.
„წარმატებები კაპიტანო! მალე დაბრუნდი, უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე იყავი. ყველანი შენთან ვართ“, - წერს ტურინელთა ვებგვერდი.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კიელინიმ ერთი თამაში ჩაატარა და გოლის გატანაც მოახერხა. ახლა კი, ლაზარეთში ყოფნა დიდი ხნით მოუწევს. აქვე ვთქვათ, რომ ვეტერან ფეხბურთელს "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.