ძიუდო

16:40 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფონსეკას სენსაციური ოქროს მედალი (+VIDEO)

ძიუდოში 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მე-6 დღეს სენსაციური დასასრული ჰქონდა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა (100 კგ.), რომელსაც აქამდე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მედალიც კი არ ჰქონდა აღებული, ამჯერად კი, პირდაპირ ოქროს დაეუფლა.

ფონსეკას პირველობაა სრულიად ლოგიკური გახლდათ. პორტუგალიელმა მთელი გზა დამაჯერებლად განვლო, ფინალში კი, რუსი ნიიაზ ილიასოვი ვაზარით დაამარცხა და საჩემპიონო ცეკვაც შეასრულა.
მანამდე, ჟორჟემ ჩილელი ტომას ბრისენო, ინდოელი ავტარ სინგჰი, ირლანდიელი ბენჯამინ ფლეტჩერი, ქართველი ვარლამ ლიპარტელიანი და აზერბაიჯანელი ელნარ გასიმოვი დაჯაბნა.
აღნიშნულ წონაში ბრინჯაოს მედლები ჰოლანდიელმა მიხაელ კორელმა და იაპონელმა აარონ ვულფმა დაისაკუთრეს.
მასპინძლები ოქროს მედლის გარეშე დარჩნენ ქალთა 78 კგ-მდე წონით კატეგორიაშიც, სადაც ფინალში ფრანგმა მადელინ მალონგამ იაპონელი შორი ჰამადა იპონით დაჯაბნა. საინტერესოა, რომ საფრანგეთის ქალთა ნაკრებმა უკვე მე-3 ოქრო მიითვალა. ბრინჯალს მედლებს კოსოვოელი ლორიანა კუკა და ბრაზილიელი მაირა აგუიარი დაეუფლნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს პირველობაზე ერთადერთი მონაწილეღა შემორჩა. ხვალ, მძიმე წონით კატეგორიაში (+100 კგ.) გურამ თუშიშვილი ბრძოლაში მე-2 წრიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ინდოელი შუბჰამ კუმარი იქნება.

0.114244