ჩოგბურთი

21:30 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე აშშ-ს ღია პირველობას გამოეთიშა

21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ს ღია პირველობის მე-2 წრეში მე-3 ნომრად განთესილ ჩეხ კაროლინა პლისკოვასთან 1:6, 4:6 წააგო, თუმცა, ჩვენებურის მიმართ მხოლოდ საქებარი სიტყვები გვემეტება: მარიამმა ნიუ იორკში იმაზე მეტი მოახერხა, ვიდრე ველოდით.

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძემ 3 საკვალიფიკაციო შეხვედრა მოიგო, ძირითად ბადეში კი მსოფლიოს 65-ე ჩოგანს, ამერიკელ ბერნარდა პერას 6:3, 5:7, 6:4 სძლია. დღეს, არტურ ეშის სახელობის ცენტრალურ კორტზე (წვიმის გამო, სტადიონი გადახურული გახლდათ) ჩეხი ჩოგბურთელი აშკარა ფავორიტად მოიაზრებოდა და მან ბოლქვაძეს საათსა და 8 წუთში სძლია, თუმცა კი, განსაკუთრებით მე-2 სეტში ქართველი გოგონა ღირსეულად გამოიყურებოდა.

მარიამს ეისი არ მოუწოდებია და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რამაც ძალიან აზარალა. მან პირველ მოწოდებაზე ბურთების 62% (23 37-დან) მოიგო, მეორეზე კი – 30% (6 20-დან), ამასთან 11 “ვინერსი” და 27 უნებლიე შეცდომა მოუგროვდა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა უძლიერესი მოწოდების მქონე პლისკოვას დაბრეიკება ერთხელ მოახერხა, თავად კი მოწოდება 4-ჯერ დათმო.

ცხადია, აშშ-ს ღია პირველობა ბოლქვაძის აქტივში უნდა მივათვალოთ. ის დიდი სლემის ტურნირის სტარტს რეიტინგის მოწინავე ორასეულს მიღმა შეხვდა, ნიუ იორკში წარმატებული სვლის ხარზე კი, 398 ქულა მოუგროვდა და ლაივ-კლასიფიკაციაში მისთვის სარეკორდო 152-ე ადგილზე იმყოფება.

0.123066