ფეხბურთი

9:48 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძის წარმატებული დებიუტი თურქეთში (+VIDEO)

თურქეთის პირველ ლიგაში (რანგით მეორე ლიგა) გიორგი არაბიძის დებიუტი შედგა. „ადანასფორმა“ „ეშკისეჰირსფორს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 სძლია, ჩვენებურმა კი ახალი გუნდის რიგებში პირველად ითამაშა.

დებიუტის კვალობაზე გიორგი საკმაოდ კარგად გაისარჯა და აქტიურიც იყო. მეტიც, პირველ გოლში ლომის წილი დაიდო. მე-14 წუთზე საჯარიმოს მოსადგომებთან მცველი მოატყუა და ძლიერად დაარტყა. მისი დარტყმული ბურთი მეკარემ ცხვირწინ მოიგერია და დამატებაზე ემეკა ეზემ ანგარიში გახსნა. არაბიძემ იმავე ეზეს ჩინებული პასით სულ მალე დუბლის შესრულების შანსი მისცა, მაგრამ თანაგუნდელმა ვერ დაუფასა.

ადანელთა ქართველმა ათიანმა მოედანზე საბოლოო ჯამში 79 წუთი გაატარა და მაშინ შეცვალეს, როდესაც ანგარიში საყაიმო იყო (2:2). მისმა თანაგუნდელებმა კი 89-ე წუთზე ეზეს დუბლით გამარჯვება მაინც იზეიმეს. ცნობისთვის, ეზესაც დებიუტი ჰქონდა და ახალ გუნდს ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმიდან" იჯარით შეუერთდა. ნიგერიელმა მართლაც ჩინებულად ითამაშა, დუბლთან ერთად საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

„ადანასფორს“ 2 ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და ჯერჯერობით სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება. შეგახსენებთ, გიორგი არაბიძე თურქულ გუნდს რამდენიმე დღის წინ პორტუგალიური „ნასიონალიდან“ იჯარით შეუერთდა.

0.064208