ფეხბურთი

23:35 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სენსაციების დღე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში (+VIDEO)

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტური სენსაციურად დასრულდა. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩართულმა „საბურთალომ“ და „დინამო თბილისმა“ აუსტაიდერებს, „ვიტ ჯორჯიასა“ და „რუსთავს“ ვერაფერი დააკლეს.

ტურის დასკვნითი მატჩი „დინამო არენაზე“ შედგა, სადაც ფელის ვისენტეს გუნდმა „რუსთავს“ უმასპინძლა, რომელიც ამ შეხვედრას ზედიზედ სამმატჩიანი მოგებების სერიით შეხვდა. „დინამომ“ კი ჩინებულად დაიწყო და ორი ულამაზესი, ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანა.

პირველ ტაიმში ლევან შენგელიამ გაისროლა შორი მანძილიდან, ხოლო მეორე ნახევარის დასაწყისში ნიკა ნინუამ დაახლოებით 30 მეტრიდან იხეირა. ისე, როგორ იქნებოდა, რომ ნინუას საჯარიმო დარტყმა არ გაეტანა?! უკვე მეხუთედ მიმდინარე სეზონში!

„დინამომ“ საქმე მომთავრებულად ნაადრევად ჩათვალა და დაისაჯა კიდეც. ნინუას შედევრიდან ხუთ წუთში ბექა ქავთარაძემ თავური დარტყმით შეძლო ანგარიშის სხვაობის შემცირება. 84-ე წუთზე კი დინამოელთა დაცვის ხაზი კიდევ ერთხელ ჩავარდა და ქავთარაძემ დუბლი გაიფორმა - 2:2. „დინამოს“ დრო აღარ ჰქონდა გამარჯვების გოლის გასატანად. შედეგად, ბათუმის „დინამოს“ 1 ქულით ჩამორჩა, თუმცა თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.

იქამდე, სანამ „დინამო“ „რუსთავთან“ ორ ქულას გაანიავებდა, იგივე გააკეთა თბილისის „საბურთალომ“, რომელიც ღრმა აუსტაიდერ „ვიტ ჯორჯიას“ ესტუმრა და ვერაფერი დააკლო - 0:0. „საბურთალოს“ 44 ქულით მესამე ადგილი უკავია და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ბუნებრივია რჩება.

„ვიტ ჯორჯია“ – „საბურთალო“ 0:0 (0:0)

„დინამო“ – „რუსთავი“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 შენგელია (18), 2:0 ნინუა (50), 2:1 ქავთარაძე (55), 2:2 ქავთარაძე (84)

0.128766