რაგბი

23:23 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრეგორ თაუნსენდი: “თბილისში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე რთულ საგარეო მატჩს ველი”
შოტლანდია საქართველოში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვა

საფრანგეთთან წარმატებული მატჩის მერე, შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თავკაცი გრეგორ თაუნსენდი “ბორჯღალოსნებთან” დაგეგმილ თამაშებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რთული ბრძოლების მოლოდინშია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნარშავები” “სამფეროვნებს” ედინბურგის “მარიფილდზე” დაუხვდნენ და მართალია, 3:14 ჩამორჩნენ, საბოლოოდ, 17:14 იმარჯვეს და 17 აგვისტოს ნიცაში განცდილი უიმედო მარცხისთვის (3:32) რევანში აიღეს.
“ჩემი აზრით, საწყის ოც წუთშიც კი, როდესაც მეტოქე დაწინაურდა, ფრანგებზე უკეთ ვთამაშობდით. სამწუხაროა, რომ ეს ტაბლოზე არ აისახა. მიუხედავად ამისა, მატჩს იდეალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. მიხარია, რომ ბიჭებმა მატჩში გარდატეხის შეტანა მოახერხეს, თუმცა, არის ნიუანსები, რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა გამოვასწოროთ.
წინ მორიგი რთული გამოცდაა საქართველოს ნაკრებთან თამაშების სახით. ტრავმირებული მორაგბეები არ გვაკლია, თუმცა, ვეცდებითთ, თბილისში მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობა ჩავიყვანოთ. ეს, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე რთული საგარეო შეხვედრა იქნება.
კონტექსტი გასაგებია – საქართველოს ექვს ერში მოხვედრა სურს და წარმატებისთვის მაქსიმუმს გაიღებს, თანაც მათ 50 ათასი ქომაგის მხარდაჭერა გარანტირებული აქვთ. ქართველებისგან კარგ რაგბს ველი. ძალიან მძიმე თამაში იქნება”, - აღნიშნა თაუნსენდმა.
შეგახსენებთ, რომ ქართულ-შოტლანდიური დუელის პირველი მატჩი “დინამო არენაზე” 31 აგვისტოს ჩატარდება, განმეორებით შეხვედრას კი, ხსენებული “მარიფილდი” 6 სექტემბერს უმასპინძლებს.

0.117708